ბს-88-83(2კ-09) 18 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე);
2) ჟ. ჭ.-ძე, დ. კ.-ა (მოსარჩელეები)
მოსარჩელე _რ. ზ.-ა, დ. კ.-ა, ჟ. კ.-ე
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, სანივთე ქონებისა და კვების კომპესაციის ანაზღაურება, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორთა ჟ. ჭ.-ის და დ. კ.-ს მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის რულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ზ.-მ, დ. კ.-მ და ჟ. კ.-მა 2008 წლის ივნისში სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავალინებების და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, ჟ. ჭ.-მ (იგივე ჟ. კ.-მა) მოითხოვა მის სასარგებლოდ შრომითი გასამრჯელოსათვის გადაუხდელი თანხის 859,56 ლარის და სანივთე ქონების კომპესაციის დაკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის; რევაზ ზაქარიამ მოითხოვა შრომითი გასამრჯელოსათვის გადაუხდელი 4631,52 ლარის, სანივთე ქონების კომპესაციის თანხა 914,60 ლარი; დ. კ.-მ მოითხოვა მიუღებელი სახელფასო თანხის 634,15 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა რ. ზ.-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 4631,52 ლარის და სანივთე ქონების კომპესაციის _ 914,60 ლარის გადახდა; ჟ. ჭ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 859,70 ლარის გადახდა; ხოლო დ. კ.-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 634,15 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების _ ჟ. ჭ.-ის და დ. კ.-ს მოთხოვნა სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით შეწყდა მოსარჩელეების – რ. ზ.-ს, დ. კ.-ს და ჯ. ჭ.-ის (იგივე კ.-ის) სარჩელისა გამო, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალინების, სანივთე ქონების კომპესაციის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ აღძრული ¹3/1288-08 ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნაწილობრივ, საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეების მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების ჟ. ჭ.-ის და დ. კ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანებების შესაბამისად 859, 70 ლარისა და 634,15 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; ჟ. ჭ.-ის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ჟ. ჭ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 512,22 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს უარი ეთქვა კვების კომპესაციის 347,48 ლარის ანაზღაურებაზე; დ. კ.-ს სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების 484,30 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელს უარი ეთქვა კვების კომპესაციის 149,85 ლარის ანაზღაურებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. ჭ.-მ და დ. კ.-მ; ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორებმა _ ჟ. ჭ.-მ და დ. კ.-მ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილდება. კასატორების მოსაზრებით, სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები სასამართლოს არ უნდა გაევრცელებინა.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები ხანდაზმულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტოს, ჟ. ჭ.-ისა და დ. კ.-ს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტოს, ჟ. ჭ.-ისა და დ. კ.-ს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტოს, ჟ. ჭ.-ისა და დ. კ.-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.