Facebook Twitter

ბს-891-853(კ-09) 8 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ლ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ლ-იამ 2001 წლის 30 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება და ქონებაზე მისი უფლებების აღდგენა.

2002 წლის 6 მარტს ა. ლ-იამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001 წლის 6 მარტს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, გლდანი-ნაძალედავის სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 30 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და კუთვნილი უფლებების აღდგენა საცხოვრებელ ბინაზე, მატერიალური ზიანის 100 000 აშშ დოლარის და მორალური ზიანის 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ა. ლ-იას წარმომადგენელმა ჯ. მ-შვილმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2001 წლის 6 მარტს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, მატერიალური ზიანის 100 000 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ლ-იამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი - ა. ლ-ია სააპელაციო საჩივრით ითხოვადა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

მეორე აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქმე სამოქალაქო მოთხოვნის _ სააღსრულებო ფურცლის კანონიერების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო აუქციონის შედეგების გაუქმებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება სარჩელის სამოქალაქო ნაწილის განხილვამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ა. ლ-იასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით ა. ლ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-იამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ლ-იას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ლ-იას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ლ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ლ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით კასატორ – ა. ლ-იას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. ლ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კი ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%», ა. ლ-იას ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, როგორც ზემოთ აღინიშნა ჰქონდა გადავადებული, უნდა დაევალოს სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 30%-ის - 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ლ-იას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ა. ლ-იას დაევალოს სახელმწიფო ბაჟის 1800 ლარის გადახდა (გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ ანგარიშეზე საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.