Facebook Twitter

¹ბს-893-855(კ-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 18 ივლისს და 2008 წლის 11 მარტს გ. ლ-შვილმა სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში. მისივე განცხადებით ტესტური გამოცდა წარმატებით გაიარა, გასაუბრების გავლის შემდეგ მას განუცხადეს, რომ პასუხს შეატყობინებდნენ ტელეფონით თუმცა ეს არ განახორციელეს, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მინისტრის მოადგილისაგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ პასუხი ბუნდოვანი იყო და მან მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპრეტენზიო საბჭოს, საიდანაც მიიღო წერილი, რომელსაც თან ახლდა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ქ. თბილისის გასაუბრების ¹1 კომისიის სხდომის ოქმი ¹22 და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ¹269.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 15.05.2007 წლის ¹1 კომისია, სადაც მან გასაუბრება გაიარა, არ იყო უფლებამოსილი, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 13.04.2007 წლის ¹269 ბრძანების ¹2 დანართის მიხედვით ¹1 გასაუბრების კომისია განსაზღვრული იყო 8 წევრით და 2 კომისიის სამდივნო წევრით. გასაუბრების კომისია უფლებამოსილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ კომისიას დაესწრებოდა წევრების ნახ.რზე მეტი. მოსარჩელის მითითებით გასაუბრებას ესწრებოდა მხოლოდ 4 წევრი, რაც უმრავლესობას არ წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის დირექტორების კონკურსანტთა გასაუბრების 15.05.2007 წლის ¹1 კომისიის გასაუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების, საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 4 ოქტომბრის ¹969 ბრძანების, 2007 წლის 18 ივნისის ¹438 ბრძანების, 2007 წლის 25 ივლისის ¹543 ბრძანების, 2007 წლის 25 ივნისის ¹542 ბრძანების, 2007 წლის 11 სექტემბრის ¹822 ბრძანების, 2007 წლის 14 სექტემბრის ¹841 ბრძანების, 2007 წლის 27 სექტემბრის ¹881 ბრძანების, 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹940 ბრძანების, 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹986 ბრძანების, ქ. თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების მიერ დირექტორების არჩევნების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების, ქ. თბილისის სკოლების სამეურვეო საბჭოებსა და მათ მიერ არჩეულ დირექტორებს შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ლოტოტრონის თავიდან ჩატარება მას და სხვა დირექტორობის კანდიდატებთან ერთად და საჯარო სკოლებში გადანაწილებული დირექტორობის კანდიდატების არჩევნების თანასწორუფლებიანობის პრინციპით ჩატარება მოითხოვა.

სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა მოთხოვნა და შეამცირა იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 4 იანვრის ¹969 ბრძანების ბათილად მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის საოქმო განჩინებით გ. ლ-შვილის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 4 იანვრის ¹969 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გ. ლ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ივნისის ¹438, 2007 წლის 25 ივლისის ¹543, 2007 წლის 25 ივნისის ¹542 ბრძანების, 2007 წლის 11 სექტემბრის ¹822 ბრძანების, 2007 წლის 14 სექტემბრის ¹841 ბრძანების, 2007 წლის 27 სექტემბრის ¹881 ბრძანების, 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹940 ბრძანების, 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹986 ბრძანების, ქ. თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების მიერ დირექტორების არჩევნების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების, არჩეულ დირექტორებს შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, მისი მონაწილეობით ლოტოტრონისა და საჯარო სკოლებში დირექტორობის კანდიდატების არჩევნების ჩატარების დავალდებულების თაობაზე, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.