¹ბს-896-858(3კ-კს-09) 9 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ფ. მ-შვილისა და მისი წარმომადგენლის – ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 6 აგვისტოს რ. ბ-ძემ სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების წყალტუბოს რაიონის ტერიტორიული ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურისა და ფ. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების წყალტუბოს რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ ფ. მ-შვილისათვის წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე 6 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიყიდვის შესახებ 2006 წლის 18 იანვრის ¹2 ოქმისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში 21900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფ. მ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არსებული ჩანაწერების ბათილად ცნობა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანდო მოპასუხე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის წყალტუბოს რაიონის ტერიტორიული ორგანო შეიცვალა სათანადო მოპასუხით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოთი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა მ. ქ-ია.
2008 წლის 14 ნოემბერს რ. ბ-ძემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე მოითხოვა წყალტუბოს რაიონის გამგეობის 2000 წლის 28 მარტის ¹15 დადგენილების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის 2000 წლის 2 მარტის ¹1 ოქმის, ფ. მ-შვილსა და წყალტუბოს რაიონის გამგეობას შორის 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულების, ფ. მ-შვილსა და მ. ქ-იას შორის 2008 წლის 21 ივლისს დადებული მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მ. ქ-იას საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე რ. ბ-ძის მოთხოვნა მოპასუხე ფ. მ-შვილსა და მესამე პირ რ. ქ-იას შორის დადებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ სადავო 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გამოიყო მოცემული ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად და განხილულ იქნას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2008 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა მხოლოდ მოსარჩელის ფაქტიურ მფლობელობაში არსებულ 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელზეც აშენებული აქვს კაპიტალური ნაგებობა ზომით 4X5.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 2 მარტის ¹1 სხდომის ოქმი, ფ. მ-შვილისათვის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს რაიონ სოფ. ... სადავო 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბ) წყალტუბოს რაიონის გამგეობის 2000 წლის 28 მარტის ¹15 დადგენილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფ. მ-შვილზე იჯარით გაცემის შესახებ სადავო 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; გ) ფ. მ-შვილსა და წყალტუბოს რაიონის გამგეობას შორის 2001 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება სადავო 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების წყალტუბოს რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2006 წლის 18 იანვრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹2 ოქმი, ფ. მ-შვილისათვის წყალტუბოს რაიონ სოფ. ... მდებარე სადავო 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის ნაწილში; არ დაკმაყოფილდა რ. ბ-ძის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების წყალტუბოს რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2006 წლის 18 იანვრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹2 ოქმის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურში ფ. მ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმების შესახებ, სადავო 251,37 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ბ-ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით რ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და მისი შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი სადავო 251,37 კვ.მ მიწის ფართის ფ. მ-შვილის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ფ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა – ა. ჭ-ძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ფ. მ-შვილისა და მისი წარმომადგენლის – ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ფ. მ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2009 წლის 4 ივნისს (ს.ფ. 321), ხოლო ფ. მ-შვილის წარმომადგენელმა – ა. ჭ-ძემ – 2009 წლის 4 მაისს. ფ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა - ა. ჭ-ძემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ქუთაისის საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2009 წლის 4 ივლისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის ჩაბარებული დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის ჩაბარებულად, ხოლო მხარისათვის ჩაბარებული – წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად. რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ჩაჰარდა სასამართლო დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება განჩინების ფ. მ-შვილის წარმომადგენლის – ა. ჭ-ძისათვის ჩაბარების მომენტიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ფ. მ-შვილის წარმომადგენელს – ა. ჭ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 4 მაისს, ამდენად მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 4 ივნისის 24 საათამდე, ხოლო კასატორისა და მისი წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2009 წლის 4 ივლისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. მ-შვილისა და მისის წარმომადგენლის – ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. მ-შვილისა და მისი წარმომადგენლის – ა. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.