ბს-897-859(2კ-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. დ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 6 ოქტომბერს მოსარჩელე ფ. გ-ძემ, სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონის სასამართლოს, მოპასუხეების – ა. დ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1987 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა მიწის ნაკვეთით სადავო ტერიტორიაზე. იხდიდა სადავო მიწის სარგებლობისთვის გადასახადებს. იმის გამო, რომ ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ბოლო პერიოდში არ ფუნქციონირებდა, იგი ელოდებოდა კომისიის მუშაობის გაგრძელებას, რათა მოეხდინა სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება.
2008 წლის 22 სექტემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეზობელს ა. დ-ძეს სადავო ტერიტორია გაეფორმებინა 2007 წლის 28 დეკემბრის ¹3776 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილების (ოქმის) ბათილად ცნობა, რომლის საუძველზეც მიღებული იქნა 2007 წლის 28 დეკემბრის ¹3776 საკუთრების უფლების მოწმობა, ამავე საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილობა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება, რომლითაც ქობულეთში, დაბა ..., ... ქ. ¹6-ში მდებარე 2981 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. დ-ძის საკუთრებად აღიარება მოხდებოდა მოითხოვა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების, 2007 წლის 28 დეკემბრის ¹3776 საკუთრების უფლების მოწმობის - მისი გამოცემის დღიდან ან საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით – დაბა ..., 2981 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფ. გ-ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; გაუქმებულ იქნა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ფ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ფ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 25 დეკემბრის საოქმო (ოქმი ¹3) გადაწყვეტილება ა. დ-ძისათვის ქობულეთი, დაბა ..., ... ქუჩა ¹6-ში თვითნებურად დაკავებულ 2981 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საკუთრების უფლების ¹3776 მოწმობა გაცემული ა. დ-ძის სახელზე ქობულეთი, დაბა ..., ... ქუჩა ¹6-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2981 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ; გაუქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 28 დეკემბრის ა. დ-ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹3776 მოწმობის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერები; დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება ფ. გ-ძის მოთხოვნასთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების შესახებ მის სახელზე ქობულეთი, დაბა ..., ... ¹6-ში 2981 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ა. დ-ძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 25 დეკემბრის საოქმო (ოქმი ¹3) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹3776 საკუთრების უფლების მოწმობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. დ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ა. დ-ძის საკასაციო საჩივარზე დ. ვ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. დ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. დ. ვ-ძეს დაუბრუნდეს ა. დ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.