Facebook Twitter
ბს-90-85(კ-09)

ბს-90-85(კ-09) 2 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 20 აპრილს ი. ფ-იანტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქარველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993 წლის 6 აგვისტოდან 2006 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 1104,96 ლარს, რაც დასტურდებოდა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹3345 ცნობით, ხოლო 1993-2006 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა შეადგენდა _ 3677,95 ლარს. სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელემ 2006 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაზეც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 7 დეკემბრის ¹2143 წერილით განემარტა, რომ მოსარჩელის მიმართ რიცხული დავალიანებების გაცემა მოხდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ასიგნებების გამოყოფის შემდეგ, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1104,96 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 3677,95 ლარის, სულ _ 4782,91 ლარის ანაზღაურება დაკისრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. ფ-იანტის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1104,96 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 3677,95 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ფ-იანტი 1993 წლის 6 აგვისტოდან 2006 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,ა” ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევა) საფუძველზე. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსის 2006 წლის 29 დეკემბრის ¹3344 ცნობით დადგენილი იყო, რომ გვარდიის კავშირგაბმულობის კვანძის ყოფილი ...., ზ/რიგითი ი. ფ-იანტის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1104,96 ლარს, მათ შორის, 1998 წლის – 184,16 ლარს, 1999 წლის – 552,48 ლარს, 2000 წლის – 368,32 ლარს, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹43401 სამხედრო ნაწილის 2007 წლის 13 მარტის ¹110 ცნობით დასტურდებოდა, რომ ი. ფ-იანტის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა _ 3677,95 ლარს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლებოდა მისცემოდა ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული ნორმების საფუძველზე ი. ფ-იანტი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხისაგან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული ნორმა მოსარჩელეს ასევე ანიჭებდა შესაძლებლობას, მოეთხოვა მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ხსენებული მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ იყო შეზღუდული რაიმე ვადით.

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებული იყო კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც არ განეკუთვნებოდა ი. ფ-იანტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით, აგრეთვე, იმ დროს მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით _ ,,საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სურსათითა და სანივთე ქონებით მომარაგების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 მაისის ¹296-15 დადგენილებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) მეშვეობით, ამიტომ ი. ფ-იანტის სასარჩელო მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ი. ფ-იანტის სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტი _ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისთვის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ფ-იანტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2002-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურისათვის მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოვალეობის თაობაზე, მაგრამ საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, მიიჩნია, რომ აღნიშნულზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი ჰქონდა 1993-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია და ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 2003-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2002-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია დააკისრა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სანივთე ქონების კომპენსაციის მისთვის დაკისრებაზე უარის თქმა.

Kკასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

Kკასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. დადგენილია, რომ ი. ფ-იანტი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 2006 წლის 1 აპრილს, სარჩელი კი მის მიერ სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 20 აპრილს.

Kკასატორის განმარტებით, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა გასული წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლეოდა მაშინ, როდესაც იგი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე უკანონოდ გაავრცელა, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოხსენებული ნორმა ვრცელდებოდა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე. ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ფ-იანტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 253,52 ლარის ოდენობით სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 30 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად დასაშვები იყო განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 2 აპრილამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.