ბს-908-870(კ-09) 2 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ თ. ა-ძის, ნ. ფ-ავას, შპს «...’’ და მესამე პირების _ ზ. ფ-ავას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს ვ. ნ-ძის მიმართ.
2006 წლის 27 მარტს შპს «...’’ გაკოტრების მმართველმა თ. ც-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ თ. ა-ძისა და ნ. ფ-ავას მიმართ და საჯარო რეესტრის 2005 წლის 20 ივლისის ჩანაწერის, 2005 წლის 17 ივნისის ¹1-3312 და ¹1-3311 ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2006 წლის 11 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. ფ-ავამ და თ. ა-ძემ ქ. ბათუმის მთავრობისა და შპს «...» მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის დადგენილების პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, ხოლო თ. ა-ძემ ასევე მოითხოვა მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შპს «...» გაკოტრების მართველისათვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების ნაწილში შეწყდა მოსარჩელე თ. ა-ძის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის განჩინებით ზ. ფ-ავა სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაება მე-3 პირად. ამავე სასამართლოს 2006 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით ძირითად სასარჩელო მოთხოვნაზე, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის დადგენილების პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ავასა და თ. ა-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 17.02.06წ ¹45 დადგენილების პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და 2006 წლის 8 ნოემბრისა და 2006 წლის 8 დეკემბრის წინმსწრები განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ა-ძესა და ნ. ფ-ავას სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 8 ნოემბრისა და 8 დეკემბრის წინმსწრები განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ნ. ფ-ავამ, ზ. ფ-ავამ და თ. ა-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება და ბათუმის მერიის 2007 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ავას, ზ. ფ-ავასა და თ. ა-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ა-ძისა და ნ. ფ-ავას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის მერიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 14 აპრილს (ს.ფ. 93), საკასაციო საჩივარი კი ქ. ბათუმის მერიამ ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 18 მაისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2009 წლის 14 მაისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.