ბს-913-875(კ-09) 2 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მარტვილის კოოპერატივ «...’’ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს მიმართ.
2008 წლის 22 მაისს კოოპერატივმა «...’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მარტვილის რაიონის სოფ. ... მდებარე 54 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ასევე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გაცემა მოითხოვა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კოოპერატივ «...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მარტვილის რაიონის სოფ. ... მდებარე 54 000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა 12 208 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გაეცა საკუთრების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი მარტვილის რაიონის სოფ. ... მდებარე 12 208 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რომელმაც მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კოოპერატივ «...’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა კოოპერატივ «...’’ მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...’’ სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვა.
კასატორმა მხარემ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება კოოპერატივ «...’’ იმჟამინდელ დირექტორ კ. ქ-ავას ჩაჰბარდა 2009 წლის 1 აპრილს, რომელიც 14 აპრილს გარდაიცვალა. 2009 წლის 30 აპრილს კოოპერატივის დირექტორად დაინიშნა ლ. ხ-აია, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება 1 მაისს აღმოაჩინა საწარმოში, რის გამოც კასატორი გასაჩივრების ვადის აღდგენას ითხოვდა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო კოოპერატივ «...’’ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კოოპერატივ «...’’ დირექტორ ლ. ხ-აიას მოთხოვნას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კოოპერატივ «...’’ იმჟამინდელ დირექტორ კ. ქ-ავას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კოოპერატივ «...’’ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2009 წლის 1 აპრილს (ს.ფ. 178), საკასაციო საჩივარი კი კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 28 მაისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2009 წლის 1 მაისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ გაშვებულ იქნა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. აღნიშნული ვადა კი აღმკვეთი ხასიათის ვადას წარმოადგენს და მისი გაგრძელება (აღდგენა) საპროცესო კანონმდებლობით არ შეიძლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კოოპერატივმა «...’’ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც კოოპერატივ «...’’ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს კოოპერატივ «…’’ საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.