Facebook Twitter
ბს-914-878(კ-08) 1 აპრილი, 2009წ

ბს-914-878(კ-08) 1 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. (ჟ.) რ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. (ჟ.) რ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საკომპენსაციო თანხის 200 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე. (ჟ.) რ-შვილს უარი ეთქვა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. რ-შვილი ძალადობით დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის შედეგების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, მშვიდობიან მიტინგზე გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა ... წლის ... იანვარს, რის გამოც იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. ე. რ-შვილი არის აწ. გარდაცვლილი გ. რ-შვილის დედა.

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია სახეზეა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, მაგრამ ფულადი კომპენსაციის ოდენობისა და გაცემის წესის მომწესრიგებელი სპეციალური კანონის არ არსებობის გამო მხოლოდ მოცემულ მუხლზე დაყრდნობით სარჩელის დაკმაყოფილება სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება კონკრეტული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მოვალეობის სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარით გათვალისწინებული წესების ანალოგიით გამოყენების თაობაზე, ვინაიდან ჩათვალა, რომ ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლისა და «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კონკრეტული ურთიერთობა არ განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროს და იგი მოწესრიგებული უნდა იქნეს სპეციალური კანონით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. (ჟ.) რ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. (ჟ.) რ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას, როგორც გ. რ-შვილის დედას, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, უფლება აქვს მოითხოვოს მისი შვილის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური იძულების გამო, რაც გამოიხატება სხეულის მძიმე დაზიანებაში

კასატორი თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას, როგორც გ. რ-შვილის დედას, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, უფლება აქვს მოითხოვოს მისი შვილის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური იძულების გამო, რაც გამოიხატება სხეულის მძიმე დაზიანებაში და რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სადავო სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გაევრცელებინა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. (ჟ.) რ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. რ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ე. რ-შვილის გარდაცვლილი შვილი გ. ი. ძე რ-შვილი აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ე. (ჟ.) რ-შვილმა სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, ე. რ-შვილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ერთდროულად, თუ მხოლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულის გარკვევას კი საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის გადასაწყვეტად.

დადგენილია, რომ ე. რ-შვილი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნულია, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა არაქონებრივი (მორალური) ზიანის დეფინიციას. ეს საკითხი კანონმდებელმა დოქტრინას და სასამართლო პრაქტიკას მიანდო შესაფასებლად. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს, თუ კანონით სპეციალური სამართლებრივი ნორმაა გათვალისწინებული ამის თაობაზე. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულია, რომ პირს, რომელმაც რეპრეია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპალდ, აგრეთვე მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულად კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მუხლით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, ე. რ-შვილი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მისი შვილი პოლიტიკური რეპრესიის შედეგად რომ გარდაიცვალა იმ მორალური ტრამვის გამო, თუ იმის გამო, რომ ამგვარი ქმედების შედეგად უშუალოდ მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი; ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მეორე ნაწილი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ პირისათვის, რომლის ჯანმრთელობასაც უშუალოდ მიადგა ვნება. ხოლო თუ მეორე საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, მაშინ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, რომ მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებას შედეგად მოჰყვა უშუალოდ ე. რ-შვილის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. (ჟ.) რ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.