ბს-917-881(კ-08) 03 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე): მ. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.08წ. განჩინება
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს 26.11.2004 წ. განცხადებით მიმართა მ. თ-ძემ და მოითხოვა გ. ნ-ინის და ე. ნ-ინის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღაიარება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ გ. პ. ძე ნ-ინს, რომელიც იყო მოსარჩელის მშობლის _ ნ. ნ-ინა-თ-ძის მამა, 1922 წელს აჭარისტანის ს.ს.ს.რ-ს ¹21 დეკრეტის საფუძველზე მუნიციპალიზაციის წესით ჩამოერთვა ქ. ბათუმში, ყოფილი ... ქ. ¹16/41 (ახლანდელი ... ქ. ¹41) მდებარე სახლის პირველი სართული მთლიანად, სადაც განლაგებული იყო აფთიაქი და ზედა სართულზე არსებული საცხოვრებელი ფართის ნაწილი. გ. ნ-ინი წლების განმავლობაში ასაჩივრებდა მისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტს, ხოლო 1931 წელს, გ. ნ-ინის გარდაცვალების შემდეგ, სახლის დარჩენილი ნაწილი მემკვიდრეობით გადავიდა განმცხადებლის ბებიის _ ე. ნ-ინის საკუთრებაში.
01.01.1932 წ., თითქოს სახლის პატრონის პირადი განცხადების საფუძველზე (მიზეზი _ დავალიანება, მოუვლელობა, უპატრონობა და სხვ.) სახლის დარჩენილი ნაწილიც, მთლიანად გადავიდა კომუნალური განყოფილების საკუთრებაში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ე. ნ-ინის მიერ ქონების პირადი განცხადების საფუძველზე კომუნალური განყოფილებისათვის გადაცემის ფაქტი სიმართლეს არ შეეფერება, სინამდვილეში მოხდა სახლის იძულებითი წესით ჩამორთმევა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 1922 და შემდეგ 1932 წლებში მოხდა ჯერ გ. ნ-ინის, ხოლო შემდეგ ე. ნ-ინისათვის ქ. ბათუმში, ყოფილი ... ქ. ¹16/41-ში მდებარე სახლის მთლიანად ჩამორთმევა, რაც «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მიიჩნევა პოლიტიკურ რეპრესიად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ მოთხოვილ იქნა ამავე კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გ. ნ-ინისა და ე. ნ-ინის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.06წ. აპრილის გადაწყვეტილებით მ. თ-ძის სარჩელი, მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, გ. ნ-ინის და ე. ნ-ინის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. თ-ძე წამოადგენდა გ. და ე. ნ-ინის შვილიშვილს. გ. ნ-ინს 1922 წელს აჭარისტანის სსსრ-ს ¹21 დეკრეტის საფუძველზე მუნიციპალიზაციის წესით ჩამოერთვა ქ. ბათუმში ყოფილი ... ქ. ¹16/41 (ახლანდელი ... ქ. ¹41) მდებარე სახლის პირველი სართული მთლიანად, ხოლო 1932 წ. ე. ნ-ინის განცხადების საფუძველზე სახლის დანარჩენი ნაწილი მთლიანად გადავიდა კომუნალური განყოფილების საკუთრებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ქონების ჩამორთმევის პოლიტიკური მოტივი. 1922 წ. ქონების ჩამორთმევის საფუძველი გახდა მუნიციპალიზაციის წესი, ხოლო 1932 წ. ე. ნ-ინის ქონება ჩამოერთვა პირადი განცხადების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამორთმევას ან განადგურებას, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწვევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. თ-ძის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით, მოსარჩელემ მოითხოვა 14.04.2006 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2008 წ. სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის ფილიალი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ სოცილური სუბსიდიების სააგენტოთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2008 წ. განჩინებით მ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.2006 წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებობდა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების პირობა. ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹41-ში (ყოფილი ... ქ. ¹16/41) მდებარე ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იყო პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწვევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, რისი ვალდებულებაც თანახმად სასკ-ს მე-17 მუხლისა, ეკისრებოდა მას. საქმის მასალების თანახმად, გ. ნ-ინი თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან გასაბჭოების პირველი დღიდანვე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ხოლო აპელანტს მათი გამაბათილებელი არგუმენტები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ს 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2008 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.2006 წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. და ე. ნ-ინის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც საფუძველი გახდებოდა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. ნ-ინი იყო მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ხოლო კანონი პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალში «სოციალურ წოდებრივ» კუთვნილების არსებობას, რამაც განაპირობა ის ფაქტორი, რომ ჯერ გ. ნ-ინს ჩამოართვეს სახლის ერთი ნაწილი იძულებით, ხოლო მეორე ნაწილის კომუნალურ ფონდზე გადაცემის მოთხოვნით თვით ე. ნ-ინს დააწერინეს განცხადება. კასატორი განმარტავს, რომ გ. ნ-ინი წლების განმავლობაში ითხოვდა მისთვის ჩამორთმეული სახლის ნაწილის დაბრუნებას, ხოლო შედეგის მიუღწევლობამ გამოიწვია მისი სიკვდილი. ე. ნ-ინი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას. მ. თ-ძე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტორბრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ გ. ნ-ინი თანამშრომლობა საბჭოთა ხელისუფლებასთან, კასატორი თვლის, რომ ადგილი ჰქონდა არა თანამშრომლობას, არამედ პროფესიონალიზმს და იგი როგორც ფარმაცევტი აგრძელებდა მოღვაწეობას. სხვა სახის რეპრესიები გ. ნ-ინის მიმართ ვერ განხორციელდა მისი გარდაცვალების გამო.
კასატორის განმარტებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს _ საქმე მნიშვნელოვანია სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.01.2009 წ. განჩინებით მ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმე სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმის მასალები და საკასაციო საჩივრის საფუძვლები, სსსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მ. თ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. თოფურიძე არის გ. და ე. ნ-ინების შვილიშვილი და კანონისმიერი მემკვიდრე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. თ-ძის წინაპარს გ. ნ-ინს, აჭარისტანის სსრ ¹2 დეკრეტის საფუძველზე, 1921 წლის მაისში ჩამოერთვა ქ. ბათუმში, ყოფილი ... ქ. ¹16/41 (ამჟამად ... ქ. ¹41) მდებარე, სახლის პირველ სართულზე განლაგებული აფთიაქი და მეორე სართულის ნაწილი, რაც აჭარისტანის კომუნალური განყოფილების საბინაო ქვეგანყოფილების 02.02.1922 წ. დადგენილებით ჩაირიცხა კომუნალური მეურნეობის განყოფილების ფონდში. ე. ნ-ინის პირადი განცხადების საფუძველზე 1932 წელს მას ჩამოერთვა სახლის დანარჩენი ნაწილიც მოუვლელობის მიზეზით, რაც ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის 15.01.1932წ. დადგენილებით მთლიანად გადავიდა კომუნალური განყოფილების საკუთრებაში. აჭარისტანის სახალხო კომისართა საბჭოს 19.05.1922 წ. წერილით და აჭარისტანის ავტონომიური სსრ სახკომსაბჭოს პრეზიდიუმის სახელმწიფო კომისიის 06.06.1922 წ. ოქმით შუამდგომლობა მუნიციპალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა, 11.02.1932წ. ოქმით კომუნალური განყოფილებისათვის გადაცემული სახლის უკან დაბრუნებაზე უარი ეთქვა აგრეთვე ე. ნ-ინს.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა სასამართლო ინსტანციების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს გ. და ე. ნ-ინების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1921 წელს გ. ნ-ინს ჩამოერთვა ... ქ. ¹16/41 მდებარე, სახლის პირველ სართულზე განლაგებული აფთიაქი და მეორე სართულის ნაწილი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმჟამინდელი კანონმდებლობით აფთიაქების ნაციონალიზაცია მოხდა ნორმატიული აქტით, კერძოდ «აფთიაქების ნაციონალიზაციის შესახებ» საქართველოს რევკომის 14.05.1921წ ¹287 დეკრეტით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა აფთიაქი, მიუხედავად იმისა ვის საკუთრებასა და დაქვემდებარებაში იყო იგი, აფთიაქის ინვენტარი და მედიკამენტები გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკუთრებად და დაექვემდებარა ჯანდაცვის სახალხო კომისარს. აჭარისტანის ა/რ 1922წ ¹21 დეკრეტი შეეხებოდა ქონების მუნიციპალიზაციას. ამდენად, აჭარისტანის კომუნალური მეურნეობის განყოფილების 02.02.1922წ. დადგენილებით კომუნალური მეურნეობის განყოფილებაში ჩაირიცხა უკვე ნაციონალიზებული ქონება. შემდგომში ფართში კვლავინდებურად ფუნქციონირებდა აფთიაქი, რომლის გამგე გ. ნ-ინი იყო. საქმეზე დადგენილია, აგრეთვე რომ 1932 წელს სახლის ნაწილი გადავიდა კომუნალური განყოფილების საკუთრებაში ე. ნ-ინის განცხადების საფუძველზე (მიზეზი მოუვლელობა, დავალიანება და უპატრონობა). 18.08.1923წ საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა მოუვლელობის მიზეზით ქალაქად საცხოვრებელი შენობის უსასყიდლო მუნიციპალიზაციის წესს (69-ე მუხ., 69-ე მუხლის შენიშვნის დანართი). ამდენად, ფართის მუნიციპალიზაციას საფუძვლად ედო იმჟამად მოქმედი ნორმატიული აქტი. ამასთანავე, საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება გ. ნ-ინის ინფაქტის შედეგად გარდაცვალება აფთიაქის ჩამორთმევის გამო, არ დასტურდება აგრეთვე ე. ნ-ინის იძულება სახლის მუნიციპალიზაციაზე, ამ მიმართებით კასატორს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო საქმეში დაცული მესამე აფთიაქის გამგის გ. ნ-ინს ჯერ კიდევ 03.06.1922წ. წერილით სახკომსაბჭოსადმი დასტურდება, რომ სახლი რამოდენიმე ათეული მილიონი მანეთის ღირებულების რემონტს საჭიროებდა, რომლის შესრულებას აპირებდა სესხის ხარჯზე. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით მ. თ-ძის წინაპრებს დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, ხოლო 02.06.1922წ., 01.02.1922წ. წერილებით დასტურდება გ. ნ-ინის «გასაბჭოების დღიდან იშვიათი მოწადინებით და ერთგულებით საბჭოთა მუშაკის სამსახურის გაწევა».
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის გასაბჭოების დღიდან ქონების მუნიციპალიზაციის ყოველგვარი ფაქტი უპირობოდ ვერ იქნება მიჩნეული პოლიტიკურ რეპრესიად. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» 11.12.1997წ. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – მათ შორის ქონების ჩამორთმევა და განადგურება, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი წინაპრებისათვის ქონების ჩამორთმევა გამოწვეული იყო მათი სოციალური კუთვნილებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქონების ნაიონალიზაცია-მუნიციპალიზაცია მართალია წარმოადგენდა იმდროინდელი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, მაგრამ ატარებდა საყოველთაო ხასიათს და განხორციელდა ნორმატიული აქტების საფუძველზე. სამართლებრივი აქტები, რომლითაც განხორციელდა ქონების მუნიციპალიზაცია ძალაშია და არ გაუქმებულა, ამდენად არ არსებობს რეპრესირებულად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
«საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.08წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.