¹ბს-927-891(კ-08) 11 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ქ. მ.-ე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი/მ «...»
მესამე პირები _ საქართველოს კონტროლის პალატა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
დავი საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.04.05წ. ი/მ «...»-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 17.04.05წ. საგადასახადო მოთხოვნისა და ამავე ინსპექციის 17.03.05წ. ¹03/კ/134 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა არ იყო ხელმოწერილი ინსპექციის ხელმძღვანელის მიერ და მასში მითითებული არ იყო მისი გამოცემის საფუძველი, გადასწორებული იყო მისი გამოცემის თარიღი. საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული უნდა ყოფილიყო 5 სამუშაო დღის ვადაში. სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას ეს ვადა დაცული არ ყოფილა. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 17.03.05წ. ¹03/კ/134 ბრძანებას არ გააჩნდა ადმინისტრაციული აქტისათვის სავალდებულო რეკვიზიტი _ წერილობითი დასაბუთება. დარიცხვის აქტში მისი მიღების საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს კონეტროლის პალატის 28.05.03წ. აქტი, ნაცვლად შუალედური აქტისა. საქართველოს კონტროლის პალატის შუალედური აქტი არ იყო დასაბუთებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.06წ. გადაწყვეტილებით ი/მ «...»-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «...”-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 17.03.05წ. ¹03/კ/134 ბრძანება და 17.04.05წ. საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო ინსპექციას დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას საგადასახადო ინსპექციას არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და ბრძანების საფუძვლად გამოიყენა მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატის 28.05.03წ. შემოწმების აქტი. სადავო აქტების გამოცემისას გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 17.04.05წ. ¹134 საგადასახადო მოთხოვნა ხელმოწერილი არ იყო უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, არ იყო მითითებული მისი გამოცემის საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორმა აღნიშნა, რომ გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის მიერ ი/მ «...»-ს გაეგზავნა შეტყობინება საგადასახადო ინსპექციაში სავალდებულო გამოცხადებისა და საწარმოს საფინანსო სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა ინდმეწარმე ინსპექციაში არ გამოცხადებულა. საგადასახადო ინსპექციამ გამოარკვია, რომ ი/მ «...-»-ს წარდგენილი არ ჰქონდა საგადასახადო დეკლარაცია და არც კუთვნილი გადასახადი ჰქონდა გადახდილი, რის შემდეგაც კანონიერად დააკისრა სადავო გადასახადი. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 28.05.03წ. შუალედური აქტით ი/მ «...»-ს ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა 28 670 ლარი და 50 თეთრი, მათ შორის ძირითადი 11 984 ლარი, სანქცია საურავი _ 16 686 ლარი და 50 თეთრი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 17.03.05წ. ¹03/კ/134 ბრძანებით ი/მ «...»-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა 28 670 ლარი და 50 თეთრი. ამავე ინსპექციის 17.04.05წ. ¹134 საგადასახადო მოთხოვნით მეწარმეს 28 670 ლარისა და 50 თეთრის გადახდა დაეკისრა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ი/მ «...»-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო საგადასახადო ვალდებულების მიმართ უნდა გავრცელდეს «ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» კანონით გათვალისწინებული საგადასახადო ამნისტია. ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის თანახმად ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალა საქართევლოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე. ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» კანონის 4.3 მუხლი არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ლეგალიზაციის გამომრიცხავ გარემოებად უთითებს ,,შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში» და არა სახელდობრ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულების დარიცხვაზე და აღრიცხვაზე. დარიცხვა და აღრიცხვა ურთიერთშემავსებელი ტერმინებია, იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ვალდებულება წარმოშობილია 2004 წლის 1 იანვრისათვის და ეს ცნობილია საგადასახადო ან სხვა ფისკალური ორგანოებისათვის, ეს ვალდებულება რჩება ძალაში და მასზე ვერ გავრცელდება საგადასახადო ამნისტია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.04.2005წ. განჩინება, საქმეზე ¹ ბს-1117-954-კ-04). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონტროლის პალატის შუალედური აქტით სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ი/მ «...»-ს დავალიანების დაფიქსირება წარმოადგენს ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» კანონის 4.3 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის შემოწმების აქტი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 68.2 მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დაარიცხოს გადასახადი. ამავე დროს საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონტროლის პალატის 28.05.03წ. შემოწმების აქტის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, აქტში აღნიშნულ საექსპორტო ოპერაციასთან დაკავშირებით ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში განხორციელდებოდა აქტში მითითებული თანხების კორექტირება. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდეგნაზე მითითება იმ დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადავო თანხის დარიცხვა, საჭიროდ ქმნიდა წარმოებაში გადამხდელის ჩაბმას. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ორგანომ ი/მ «...»-ს გაუგზავნა შეტყობინება საგადასახადო ინსპექციაში სავალდებულო გამოცხადებისა და საწარმოს საფინანსო სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა შეტყობინება რეაგირების გარეშე დარჩა და საგადასახადო ორგანომ საბაჟო დეპარტამენტიდან მოწოდებული საგადასახადო ინსპექციაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელა სადავო გადასახადის დარიცხვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 407.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე თბილისის საგადასახადო ინსპექციას ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არ მიუთითებია და არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებანი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოს 27.03.08წ. სხდომაზე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საგადასახადო ინსპექციამ კონტროლის პალატის შემოწმების აქტი ჩათვალა სანდო ინფორმაციად, რომლის საფუძვლეზეც გამოსცა 17.03.05წ. ¹03/კ/134 ბრძანება და ი/მ «...»-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ 28 670 ლარი და 50 თეთრი დააკისრა(ს.ფ. 111).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის ნორმათა არსებითი დარღვევით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 45.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს არც ერთ შეტყობინებას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის, თუ იგი არ არის შედგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წერილობითი ფორმით და ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი წესით არ ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის ან სხვა ვალდებული პირისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სახელისა და გვარის მითითებით და დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 17.04.05წ. ¹134 საგადასახადო მოთხოვნა ხელმოუწერელია და მასში მითითებული არ არის სადავო თანხის დარიცხვის საფუძველი, ხოლო ამავე ინსპექციის 17.03.05წ. ¹03/კ/134 ბრძანება მიღებულია საგადასახადო კოდექსის 45.2 «თ» ქვეპუნქტის დარღვევით, კერძოდ, მასში მითითებული არ არის მისი გასაჩივრების წესი, ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე,.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ არსებითად უნდა შეამოწმოს დარიცხული თანხის კანონიერება და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების თბილისის რაგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.