Facebook Twitter

ბს-928-888(კ-09) 23 დეკემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ვ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ია

გასაჩივრებული გადაწყეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 7 მარტს მ. დ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი 1999 წლის 1 ივნისიდან 2001 წლის 9 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... რაიონის სამხედრო კომისარიატში მთავარ სპეციალისტად. 2001 წელს გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ... დეპარტამენტის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმარების სამმართველოს მობილიზაციის მართვის და განხორციელების განყოფილების პასუხისმგებელ შემსრულელად.

2005 წლის 1 მარტს მ. დ-ია დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის რადიო ოცეულის რადიოსადგურ ... რადიო-ტელეგრაფისტად.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 2006 წლის 28 თებერვალს მას ჩაბარდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სამსახურებრივი შეუსაბამობა, რაც მოსარჩელის აზრით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება ე.წ. სამსახურებრივ შეუსაბამობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. დ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-იამ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით მ. დ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2008 წლის 27 მარტს მ. დ-იამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 884,7 ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. დ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანება და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ მოსარჩელე მ. დ-ია მუშაობდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქალაქო სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. კანონის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანამდებობის პირმა ან ორგანომ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მიიღოს მოხელე. სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით.

ვინაიდან, ბრძანების სამართლებრივი შედეგია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ და აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ბრძანების კანონიერებაზე დავები განხილული უნდა იქნეს და სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.

სასამართლოს განმარტებით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, რომლის თანახმად, იგი წარმოადგენს კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობას. ხოლო ამავე კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებია _ საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო უწყებების მოსამსახურეები: რიგითები (მატროსები), სერჟანტები, ზემდეგები (მიჩმანები), უმცროსი, უფროსი და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები.

,,სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლში მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევებს, ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინარული გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის თანხმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული ან არაჯეროვანი შესრულება ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

დისციპლინური გადაცდომის შეფასების უფლებამოსილება გააჩნია დაწესებულების ხელმძღვანელობას, მაგრამ თუ ეს შეფასება უსაფუძვლოა, მოხელეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები. მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით, მას ასევე შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მეთაურის (უფროსის) მეშვეობით ან პირადად სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, სამხედრო უწყებების, თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებებისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.

აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებული თავდასხმისა და აგრესიის მოგერიება წარმოადგენს მხედრული მოვალეობის არსს, რომელიც სამხედრო მოსამსახურისაგან მოითხოვს მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა; აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე; დაეუფლოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა; გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას; გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას; მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოება; დაემორჩილოს მეთაურს (უფროსს), ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.

პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მღებული გადაწყვეტილება, დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავდა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების წინაპირობაა, პირველ რიგში, ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო იყოს უფლებამოსილი, კონკრეტული ინდივიდუალურ სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერების განსაზღვრის კრიტერიუმებია: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმალური კანონიერება და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოსცეს უფლებამოსილმა ორგანომ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულებისკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერების საფუძვლებია: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, აცილების უფლება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას _ ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მის დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზე გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

საქალაქო სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოპასუხეს არ გამოუკვლევია, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიერ სამსახურის გაცდენას და დაგვიანებით გამოცხადებას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ უარყოფილია აღნიშნული, ხოლო მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ჟურნალები, სადაც ხდებოდა სამხედრო სამსახურში გამოცხადებულ პირთა რეგისტრაცია _ დროის მიხედვით, ასევე ადგილი ჰქონდა თუ არა საყვედურების გამოცხადებას, ვინაიდან არ არსებობს და მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მ. დ-იას ხელმოწერები აღნიშნული საყვედურების გაცნობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და დაინტერესებულ მხარეს _ მოსარჩელეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა თავისი მოსაზრებანი და მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა, რომ მოსარჩელეს აქვს სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანება და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელე _ მ. დ-იას უნდა აუნაზღაურდეს დათხოვნიდან ანუ 2006 წლის 10 თებერვლიდან ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის სადაო ¹1067-პ ბრძანება დათხოვნის ნაწილში ბათილია და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37.1-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო.

საქალაქო სასამართლო განმარტავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2001-2002-2003 წლების მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რომელიც 2001 და 2002 წლების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2006 წელს და ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ვალდებულების ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა 2001 და 2002 წლების მიუღებელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლის მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და დაეკისროს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2003 წლის მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის 295 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. კერძოდ, მოსარჩელეს დისციპლინური დარღვევისათვის მეთაურის მიერ გამოცხადებული აქვს რამდენიმე საყვედური, სამხედრო დისციპლინის შეუსრულებლობისათვის მის მიმართ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ.

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო თვით გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არასრულია.

სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლის ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე ხანდაზმულია, ვინაიდან მისი მოთხოვნის ვადა გავიდა 2006 წლის 1 იანვარს, ხოლო სარჩელი შეტანილია 2006 წლის 7 მარტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დოკუმენტურად არ დასტურდებოდა მ. დ-იას მიერ იმ გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, რომელთა გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები. ასევე არ დასტურდებოდა მისთვის 2005 წლის 28 მაისის ¹175 და 27 სექტემბრის ¹407 ბრძანებების გაცნობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც არ იძლეოდა აპელანტის არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული აქტი (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანება) მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-96 მუხლების დაცვით. ასევე გათვალისწინებული იქნა იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები: ადმინისტრაციული აქტი შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ, გასაჩივრებული აქტი მიღებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე; ხოლო ფაქტობრივი დასაბუთება მოცემულია ბრძანების გამოცემის საფუძვლებში: მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 21.01.2006 წლის ¹125 შუამდგომლობაში და მასზე თანდართულ დოკუმენტაციაში.

კასატორი განმარტავდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ამ სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად ისეთი მნიშვნელოვანი გარემობა, როგორიცაა აქტის გამოცემის მიზანშეწონილობა სზაკ-ის 53.7 მუხლის მიხედვით (დასაბუთების გარეშე).

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მ. დ-იასათვის, როგორც დაინტერესებული მხარისათვის, ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც ადასტურებს სამანდატო კომისიის ოქმის დადგენილებითი ნაწილი.

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოყენებია კანონი, რომელიც უნდა გამოეყენა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების სწორად შეფასების შედეგად გადაწყვეტილების გამოტანისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო შემდეგი საკანონმდებლო აქტები:

a) “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი;

b) “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) “საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდება”;

დ) “საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდება”.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებულია. ამასთან, სასამართლო სამართლებრივად არ უნდა იყო უფლებამოსილი სამინისტროსთვის დაეკისრებინა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავდა, რომ “საჯარო მოსამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-14 მუხლების საფუძველზე, კანონმდებელი უპირატესობას ანიჭებს სამხედრო კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყდეს “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21.3 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის დებულების” და თვით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების თავისებურებების გათვალისწინებით.

კასატორი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება მ. დ-იას თანამდებობიდან გათავისუფლების ან აღდგენის შესახებ, რაც წარმოადგენდა სადაო საკითხს, არამედ სასამართლომ არ გამოიკვლია სადაო ურთიერთობა (გათავისუფლების კანონიერება) და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევა და შეფასება, რაც დაედო საფუძვლად მ. დ-იას სამუშაოდან გათავისუფლებას და მათი ურთიერთ შეჯერების შედეგად დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა არა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტების გამოცემა, მაგალითად მ. დ-იას სამუშაოზე უპირობო აღდგენის შესახებ (რა დროსაც მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლება ექვემდებარება აღდგენას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გათვალისწინებით ახალი ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტამდე) ან პირიქით, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არამედ თავდაცვის სამინისტრო გამოიკვლევს და შეაფასებს რა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს, რომელიც შესაძლებელია იყოს ამავე სახის – მოსარჩელს სამუშაოდან გათავისუფლების ან სამუშაოზე დარჩენის თაობაზე.

კასატორი მიუთითებდა, რომ სანივთე ქონება ან მის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეს ეძლეოდა ყოველი წლის პრველ თვეს და წარმოდგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე ხანდაზმულია და მისი მოთხოვნის ვადა გავიდა 2006 წლის პირველ იანვარს, ხოლო სარჩელი კი შეტანილია 2006 წლის 07 მარტს. აქედან გამომდინარე, საკატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს სრულად უნდა ეთქვას უარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას და თვლის, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საკმარის საფუძველს წარმოადგინოს სამართლებრივი შეფასებები და საქმეზე მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 15 მარტის ¹575 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმარების სამმართველოს მობილიზაციის მართვის და განხორციელების განყოფილების ყოფილი პასუხისმგებელი შემსრულებელი მ. დ-ია დაინიშნა მე-... ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასულის რადიო ოცეულის რადიოსადგურ ... რადიოტელეგრაფისტად 2005 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹195 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასულის რადიო ოცეულის რადიოსადგურ ... რადიოტელეგრაფისტი უმცროსი სერჟანტი მ. დ-ია დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის, 21-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მ. დ-იას სამსახურებრივ სტატუსს და აღნიშნავს, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სამხედრო სამსახურის გავლის სპეციფიკა და მუშაობის გასამხედროებული რეჟიმი სამხედრო მოსამსახურეს მკვეთრად განასხვავებს საჯარო სამსახურის დანარჩენი მოხელეებისაგან. რაც ძირითადად გამოიხატება სამხედრო დისციპლინის, თანამდებობრივი სუბორდინაციისა და წოდებრივი ქვემდებარეობის განუხრელ დაცვაში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შინაარსი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, ამასთან კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სამხედრო სამსახურში მუშაობის სპეციფიკა და სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება, დაემორჩილოს უფროსის ბრძანებებსა და განკარგულებებს, ქმნის საფუძველს, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად შეაფასოს მ. დ-იას სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი, რა თვალსაზრისითაც ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის შუამდგომლობას, ამავე ბრიგადის სამანდატო კომისიის სხდომის ოქმს და თავად მ. დ-იას პატაკს.

საკასაციო სასამართლო აღიარებს რა შრომის, როგორც უფლების კლასიკურ მნიშვნელობას, გამორიცხავს მხოლოდ იმ მოსაზრებაზე მოტივირებას, რომ თავდაცვის სამინისტრო მოსამსახურის დათხოვნისას მოქმედებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, სასამართლოს მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სწორედ იმ საკითხის განსაზღვრა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლება გამოყენებულია თუ არა კანონიერების ფარგლებში და არსებულ ვითარებაში მ. დ-იას სამსახურიდან დათხოვნა იყო თუ არა მისაღები და პროპორციული მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, ჩადენილი გადაცდომის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს გამოყენებული პასუხისმგებლობის ადექვატურობა.

მ. დ-იაზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე, ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია სპეციალური კანონმდებლობით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.2 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.

მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, სათანადო შეფასება მიეცეს პირად საქმეში წარმოდგენილ ბრძანებებს, რომელიც შეიცავს მითითებას მ. დ-იას დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე.

საქმეში დაცულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 28.05.05 წლის ბრძანება ¹178, რომლის საფუძველზეც, მ. დ-იას, დანარჩენ 15 თანამშრომელთან ერთად, სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით მიეცა საყვედური.

იმავე მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005 წლის 27 სექტემბრის ¹407 ბრძანებით მ. დ-იას, სამსახურის უმიზეზოდ გაცდენისათვის, გამოეცხადა სასტიკი საყვედური და ¹412 ბრძანებით გაფრთხილდა არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.

,,საჯარო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

იმავე შინაარსის დებულებას შეიცავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, რომელიც მოხელეს ანიჭებს უფლებას 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების, გადაწყვეტილების, განკარგულების მოქმედება.

დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული ბრძანება თავისი შინაარსით მიეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერების შემოწმებაც დასაშვებია მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო უშვებს იმის ვარაუდს, რომ მითითებული აქტები მ. დ-იას კანონით დადგენილი წესით არ გაცნობია, მაგრამ იმავდროულად, უდავოა, რომ მინიმუმ საქმის სასამართლო წესით განხილვისას მ. დ-იამ შეიტყო აღნიშნული აქტების არსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, გახადა თუ არა მხარემ მითითებული აქტები სადავო და მისცეს შეფასება _ დავის არარსებობის შემთხვევაში, რამდენადაა უფლებამოსილი სასამართლო შევიდეს ამ აქტების კანონიერების განხილვაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე, საქმის გარემოებების დამატებითი შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.