ბს-930-890(კ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ვალის დაბრუნება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სს «...» მიმართ და სს «...» მოძრავი და უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაგირავებულად გამოცხადება და საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს «...» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდა საგადასახადო ვადაგადაცილებული დავალიანება 34135,26 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი. მოგვიანებით, მოსარჩელემ დააზუსტა ხსენებული თანხა და აღნიშნა, რომ 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, სს «...» დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 63953 ლარი შეადგინა.
სს «...» შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ 1994 წლის სექტემბერ-დეკემბერში სამთავრობათშორისო შეთანხმების საფუძველზე, თურქმენეთში გადატვირთული პროდუქციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტს სს «...» მიმართ გააჩნდა 32899 აშშ დოლარის დავალიანება. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი მის მიმართ უფრო ადრე წარმოიშვა და აღნიშნული გამოწვეული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ვალის გადაუხდელობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ორგანიზაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «...» მის სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ძირითადი ვალის _ 32899 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 28279,98 ლარის დაკისრება, ამ თანხიდან მისი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების გაქვითვა, ხოლო დანარჩენი თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს «...» მოძრავი და უძრავი ქონების დაგირავებულად გამოცხადების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სს «...» შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 32899 აშშ დოლარის ეკვივალენტი 63824 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ვინაიდან სს «...» 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 63953 ლარის ოდენობით, სასამართლომ დაადგინა აღნიშნული თანხების გაქვითვა. ამასთან, არ დაკმაყოფილდა სს «...» სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული ზიანის _ 28879,98 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიყენებული ზიანის 28879,98 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სს «...» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» და «საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონები და არ გაითვალისწინა ფინანსთა სამინისტროს საშინაო ვალის დეპარტამენტის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის დავალიანება სს «...» მიმართ შეადგენდა 21413 ლარს, ანუ იმ თანხას, რომელიც აღნიშნული იყო სახელმწიფო ვალის რეესტრში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი, სს «...» უძრავი და მოძრავი ქონება _ 466593 ლარად ღირებული, გამოცხადდა დაგირავებულად სახელმწიფოს სასარგებლოდ, რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. სს «...» შეგებებული სარჩელი ვალის დაბრუნებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს «...» საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სს «...» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციას სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლითაც მას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის სს «...» მოძრავი და უძრავი ქონების დაგირავებულად გამოცხადების შესახებ დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს «...» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის განჩინებაზე სს «...» საკასაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს «...» საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს «...» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 ივლისის განჩინებაზე სს «...» შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო და სს «...» შეგებებული საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარებული თანხის საგადასახადო ვალდებულებებში გაქვითვა წარმოადგენდა, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით კი შექმნილ იქნა საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელსაც საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციები უნდა წარედგინა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს «...» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრებზე საქმის წარმოება შეჩერდა სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ რეკომენდაციის შემუშავებამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა, მათ შორის, ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტამდე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფოსათვის ვალის დაბრუნება და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, ხოლო, რადგან «საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით, კომისიის საქმიანობის მიზანს შეადგენდა სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვისა და გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება, საქმის განხილვა შეუძლებელი იყო სარჩელის საგანთან დაკავშირებული ზემოდასახელებული გარემოების თაობაზე სამთავრობო კომისიის რეკომენდაციების შემუშავებამდე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «...», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით სასამართლო ვალდებულია, საქმის წარმოება შეაჩეროს, თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა, მათ შორის, ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ «სხვა საქმედ» მიიჩნია «საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავება და საქმის წარმოება ამ რეკომენდაციათა შემუშავებამდე შეაჩერა, ამასთან, ვერ დაასაბუთა, რატომ იყო შეუძლებელი საპელაციო საჩივრების განხილვა მანამ, სანამ აღნიშნული კომისია არ შეიმუშავებდა რეკომენდაციებს, რომლებიც, შესაძლოა, საერთოდ არ შეეხოს განსახილველ დავას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით სს «...» კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სს «...» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებდნენ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის. ასევე გადასახადებით დაბეგვრისას ამ კოდექსის დებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენებოდა ამ კოდექსის დებულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა მხოლოდ სადაო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი. მისივე მითითებით, ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საგადასახადო დავალიანება არ არის დამოკიდებული სხვა საბიუჯეტო დავალიანებაზე, საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად, აკრძალულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა ან შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით. კასატორის განმარტებით, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს, არ ითვალისწინებს ვალის გაქვითვის ამგვარ ფორმას, საგადასახადო დავალიანების სახელმწიფო ვალში გაქვითვის მოთხოვნა არ ემყარება კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განსახილველად დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულების შესრულება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებათაგან დამოუკიდებლად. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უმართებულო იქნება სახელმწიფო ვალის გაქვითვა საგადასახადო დავალიანებასთან, რადგან საგადასახადო დავალიანება არ არის დამოკიდებული სხვა საბიუჯეტო დავალიანებაზე, საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს, არ ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის გაქვითვის ამგვარ ფორმას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის ,,გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ” ბრძანებულებით, გაუქმდა მიმდინარე გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანებების ბიუჯეტიდან კუთვნილი მიმდინარე ან ვადაგადაცილებულ მისაღებლებთან გაქვითვის გზით აღსრულების პრაქტიკა. შესაბამისად, ყველა მიმდინარე თუ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდის განხორციელება საკასო შენატანის, საბანკო გადარიცხვის ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის მეშვეობით დადგინდა. აგრეთვე მიეთითა, რომ აღნიშნული ქმედების განხორციელება არ იყო დამოკიდებული საბიუჯეტო რესურსებიდან მიმდინარე ან მოსალოდნელი დაფინანსების მიღებაზე.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის გამოყენება საჯარო-სამართლებრივ, საგადასახადო ურთიერთობებზე არ არის კანონშესაბამისი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტზე, რომლის მიხედვითაც საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.