Facebook Twitter

ბს-935-895(კ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 25 აგვისტოს, ლ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ... წლის 24 დეკემბერს ჩაირიცხა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე, დრამის რეჟისურის სპეციალობაზე. მასსა და უნივერსიტეტს შორის ... წლის 24 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც უნივერსიტეტმა იკისრა ვალდებულება, რომ სწავლის სრული კურსის გავლის შემდგომ მიანიჭებდა სტუდენტს კვალიფიკაციას და გასცემდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს. მოსარჩელის განმარტებით მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა, კერძოდ, ჩააბარა სასწავლო გეგმით დამტკიცებული გამოცდები და ჩათვლები, დადგა სადიპლომო სპექტაკლი და 2004 წლის ჩათვლით გაიარა დრამის ფაკულტეტის რეჟისურის სპეციალობის სამწლიანი კურსი. სწავლის დამთავრების შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან მიიღო უარი. აღნიშნულის თაობაზე მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საიდანაც 2006 წლის 25 ივლისს ეცნობა, რომ მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა არ შეესაბამებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რის გამოც მასზე ვერ გაიცემოდა დიპლომი.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დაარღვია მისი უფლება, კერძოდ უნივერსიტეტისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული სასწავლო კურსის შესაბამისი დიპლომის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-შვილმა მოითხოვა მოპასუხე _ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დაევალებინათ მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება და მის სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის გაცემა.

მხარეთა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩააბა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ვინაიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეხებოდა მათ ინტერესებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე – ლ. გ-შვილს უარი ეთქვა მოპასუხის დავალდებულებაზე მისთვის დრამის რეჟისორის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე და ლ. გ-შვილის სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის გაცემაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-შვილმა, მან გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ლ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.