¹ბს-939-903 (კ-08) 4 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. გ.-მა 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნისა და 2005 წლის 17 ნოემბრის ¹242 ბრძანების პირველი პარაგრაფის ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნა და 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანება ¹242 პირველი პარაგრაფი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. გ.-ს 2002 წლის 5 მარტს ¹28 დადგენილებით გამოეყო 8 ჰა საიჯარო მიწა, თუმცა იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 2003 წლის 5 ნოემბერს, რადგან ძველ მეიჯარეს ისევ მფლობელობაში ჰქონდა მიწა; სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ასევე ისიც, რომ მოსარჩელე 8 ჰა მიწის ფაქტიურ მფლობელობას შეუდგა 2003 წლის 5 ნოემბრიდან, როცა მასთან გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის (ძვ. რედაქციით) 148-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. გ.-ს მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2003 წლის 5 ნოემბრიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ 2005 წლის 22 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნით გ. გ.-ს დარიცხული აქვს მიწაზე ქონების გადასახადში 2005 წლის მიმდინარე გადასახადი 344 ლარი, ხოლო 2005 წლამდე არსებული დავალიანება 200,40 ლარი საურავთან ერთად. მოსარჩელემ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მას მიწის ნაკვეთი გაადეცა 2003 წელს და 2002 წლის გადასახადი არ უნდა დარიცხვოდა; ხოლო 2005 წლის მიმდინარე გადასახადზე მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, აქედან გამომდინარე არც სასამართლოს არ უმსჯელია 2005 წლის გადასახადზე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მთლიანად ბათილად ცნო 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნა; კასატორი აღნიშნავს, რომ დავალიანება 200,40 ლარი მომდინარეობს არა 2002, არამედ 2003 წლიდან, ამასთან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე გ. გ.-ს ჩამოწერილი აქვს 2005 წლამდე არსებული დავალიანება და ამდენად, აღარ არსებობს დავის საგანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნა _ გ. გ.-თვის 344 ლარის გადასახადის დაკისრების ნაწილში _ ბათილად ცნობის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნით გ. გ.-ს დარიცხული ჰქონდა მიწის ქონების გადასახადში 2005 წლის მიმდინარე გადასახადი 344 ლარი, ხოლო 2005 წლამდე არსებული დავალიანება 200,40 ლარი 227,83 ლარ საურავთან ერთად. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გ. გ.-ს ჩაბარდა 2005 წლის 2 ნოემბერს (ს.ფ.5).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 8 ნოემბერს გ. გ.-მა შესაგებელი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციაში _ 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით, სადაც მიუთითა, რომ 2002 წლიდან მიწა ირიცხებოდა მის სახელზე, მაგრამ ფაქტიურად ფლობდა სხვა, რომელსაც უნდა გადაეხადა 2002 წლის მიწის იჯარის გადასახადი, მას კი მიწის მართვის დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა 2003 წელს (ს.ფ. 6).
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, ერთის მხრივ თელავის რაიონის გამგეობასა და მეორეს მხრივ გ. გ.-ს შორის 8 ჰა საიჯარო მიწის თაობაზე, გაფორმდა 2003 წლის 5 ნოემბერს (ს.ფ. 10).
ს.ფ.40-ზე წარმოდგენილია გ. გ.-ის მიერ სოფელ ...-ს საკრებულოს სასარგებლოდ მიწის იჯარის გადასახადის 344 ლარის გადახდის თაობაზე 2005 წლის 15 ნოემბრის საგადასახადო დავალება ¹1; ამიტომ საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს 2005 წლის მიმდინარე გადასახადზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, აქედან გამომდინარე არც სასამართლოს უმსჯელია 2005 წლის გადასახადზე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მთლიანად ბათილად სცნო 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც კანონიერად იქნა მიჩნეული თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა გ. გ.-თვის 344 ლარის გადასახადის დაკისრების ნაწილში, დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე გ. გ.-ს ჩამოწერილი აქვს 2005 წლამდე არსებული დავალიანება და დავის საგანი აღარ არსებობს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2005 წლამდე გ. გ.-ის სახელზე არსებული საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში სწორად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის გადწყვეტილება თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 22 აგვისტოს ¹1638 საგადასახადო მოთხოვნის _ გ. გ.-თვის 344 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში _ ბათილად ცნობის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩეს უცვლელი.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.