Facebook Twitter

¹ბს-940-900(კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 17 მაისს მ. დ-იამ, თ. მ-ძემ, თ. ე-იამ, ა. წ-ავამ, ა. გ-ძემ, ო. ა-ძემ, მ. მ-ძემ, მ. გ-შვილმა და ბ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ და ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ვადის ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 აპრილის ¹76 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაცია, რის შედეგადაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 28 აპრილის შესაბამისი ბრძანებებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. მოსარჩელეებმა აღნიშნული ბრძანებები უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში, მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლეოდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო, ხოლო ლიკვიდაციის შესახებ 1 თვით ადრე გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დანამატის გარდა ეძლეოდა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2006 წლის 6 და 17 აპრილს განცხადებებით მიმრთეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და კუთვნილი ხელფასების გაცემა მოითხოვეს, რაზეც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის ¹861 კანონის თანახმად, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 და 109-ე მუხლების პირველი პუნქტების მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოსარჩელეებს უარი უთხრა ასევე ლიკვიდაციის შესახებ ერთი თვით ადრე გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასის გაცემაზეც, იმ მოტივით, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ დეპარტამენტის მოხელეები გაფრთხილებულნი იყვნენ, რაც მოსარჩელეებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. დ-იას, თ. მ-ძის, თ. ე-იას, ა. წ-ავას, ა. გ-ძის, ო. ა-ძის, მ. მ-ძის, მ. გ-შვილისა და ბ. ხ-ძის სარჩელის გამო აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელე ა. გ-ძის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. დ-იას, თ. მ-ძის, თ. ე-იას, ა. წ-ავას, ო. ა-ძის, მ. მ-ძის, მ. გ-შვილისა და ბ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეების სასარგებლოდ 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, აგრეთვე მოსარჩელეთათვის ნამსახურობის წლების დანამატის ანაზღაურება თითეული მოსარჩელის ნამსახურევი წლების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასევე დაევალა მოსარჩელეებისათვის 9 დღის ვადაგადაცილებული ხელფასის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის ხელფასის გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სააპელაცო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნამსახურევი წლების გათვალისწინებით მოსარჩელეთათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო 2 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციისა და 9 დღის ვადაგადაცილებული ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინება უცვლელად დარჩა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინება მოსარჩელეების – მ. დ-იას, თ. მ-ძის, თ. ე-იას, ა. წ-ავას, ო. ა-ძის, მ. მ-ძის, მ. გ-შვილისა და ბ. ხ-ძის სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის მიხედვით სახელფასო დანამატის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. დ-იას, თ. მ-ძის, თ. ე-იას, ა. წ-ავას, ო. ა-ძის, მ. მ-ძის, მ. გ-შვილისა და ბ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თითეულის ხელფასის შესაბამისად 2 თვის თანამდებობრივი სარგოს, ასევე წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება დაეკისრა: ო. ა-ძის სასარგებლოდ _ თანამდებობრივი სარგოს _ 300 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 30% _ 90 ლარის; თ. წ-ავას _ თანამდებობრივი სარგოს _ 240 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 20% _ 48 ლარის; თ. მ-ძის _ თანამდებობრივი სარგოს _ 240 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 20% _ 48 ლარის; მ. დ-იას _ თანამდებობრივი სარგოს _ 240 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 20% _ 48 ლარის; ბ. ხ-ძის _ თანამდებობრივი სარგოს _ 300 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 30% _ 90 ლარის; თ. ე-იას _ თანამდებობრივი სარგოს _ 360 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 20% _ 72 ლარის; მ. გ-შვილის _ თანამდებობრივი სარგოს _ 300 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 10% _ 30 ლარის; მ. მ-ძის _ თანამდებობრივი სარგოს _ 240 ლარის, დანამატის _ თანამდებობრივი სარგოს 20% _ 48 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.