¹ბს-941-901(კ-09) 28 სექტემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 7 მაისს შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...»-ს სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ – 1997 წლის 2 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 03 აპრილის ¹1-1/469-ე ბრძანების ბათილად ცნობის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2008 წლის 17 იანვრის 2-21/1901 უარის ბათილად ცნობის და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...»- მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «...»-ის დირექტორ დ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «...» დირექტორ დ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 3 იანვრის ¹1-1/469 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა შპს «...»-ს სახელზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, სადგ. ..., ... დასახლებაში 286, 4 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.