Facebook Twitter

ბს-942-902(კ-09) 22 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), წარმომადგენლები _ ე. მ-ძე (2009 წლის 1 დეკემბრის ¹16-17-110726/01 მინდობილობა), ვ. ჯ-ძე (2009 წლის 21 დეკემბრის ¹16-17-113831/01 მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «...», წარმომადგენელი _ ლ. კ-ძე (2008 წლის 15 სექტემბრის ¹-50 რწმუნებულება)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 აგვისტოს შპს «...» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 22 ივლისის ¹322478 საგადასახადო მოთხოვნისა და 2008 წლის 14 ივლისის ¹322478 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 22 ივლისის ¹322478 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მას დაეკისრა ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრებას საფუძვლად დაედო 2008 წლის 1 ივლისს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და 2008 წლის 14 ივლისის ბრძანება, რომელთა მიხედვითაც შპს «...» სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების გარეშე. მართალია, შემოწმებისას მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი არ იყო დამაგრებული სათამაშო აპარატებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ობიექტი ამ ნიშნის გარეშე ფუნქციონირებდა. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 24 ივნისს შპს «...» მიერ 18 სათამაშო აპარატზე 2008 წლის მე-3 კვარტლის საგადასახადო მოსაკრებელ ნიშნებზე გადარიცხულ იქნა – 10782 ლარი. აღნიშნული ნიშნები გამოტანილ იქნა იმავე დღეს, რომელთა გაკვრა სათამაშო აპარატებზე მოხდა 2008 წლის 1 ივლისს, დილის 8 საათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 22 ივლისის ¹322478 საგადასახადო მოთხოვნა და 2008 წლის 14 ივლისის ¹322478 ბრძანება. მოპასუხეს დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) 2008 წლის 1 ივლისს, დილის 3:45 საათზე შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ¹322478, რომლის მიხედვით შპს «...» სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილემ 2008 წლის 14 ივლისს გამოსცა ბრძანება ¹322478 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე და 133-ე მუხლების საფუძველზე შპს «...» 1000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. 2008 წლის 22 ივლისს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა შპს «...» მიმართ, რომლითაც მას დაევალა 1000 ლარის გადახდა. 2008 წლის 31 ივლისს თბილისის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, შპს «...» 2008 წლის მე-3 კვარტლისათვის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილებიდან 2008 წლის 27 ივნისს სათამაშო აპარატებისათვის გატანილ იქნა 18 ცალი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი, რომელშიც მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა 10780 ლარი.

საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის ოქმში შპს «...» წარმომადგენლის ახსნა-განმარტება არ მიიჩნია სამართალდარღვევის ფაქტის აღიარებად და განმარტა, რომ შპს-ს წარმომადგენელს აღნიშნული ჩანაწერით სადავოდ არ გაუხდია 2008 წლის 1 ივლისს, დილის 3:45 საათზე სათამაშო აპარატებზე ე.წ. «ბირკების» არარსებობის ფაქტი. მოსარჩელემ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მას უფლება ჰქონდა 2008 წლის 1 ივლისს მთელი დღის მანძილზე და არა დილის 3:45 საათისათვის გაეკრა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თამაშის მომწყობი (ორგანიზატორი) მოსაკრებლის გადახდის ნიშანს იძენს საანგარიშო კვარტლის დაწყებამდე. იმავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ,,თამაშის მომწყობნი (ორგანიზატორები) მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამაგრებენ სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების თვალსაჩინო ადგილებზე, საანგარიშო კვარტლის პირველ სამუშაო დღეს და ხსნიან ყოველ საანგარიშო კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს». აღნიშნული კანონი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცებული ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებულის ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები» ავალდებულებენ თამაშების მომწყობს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი შეიძინოს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, წინა კვარტლის განმავლობაში. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შპს «...» დაიცვა ეს მოთხოვნა და შეიძინა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნები მომდევნოს კვარტლის დაწყებამდე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემოწმებისას ნიშნები გამოკრული არ იყო შპს «...» სათამაშო აპარატებზე, რაც საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით, უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება განხორციელდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სათამაშო აპარატებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაკვრა უნდა მოხდეს არა კვარტლის დაწყებისთანავე, პირველივე წუთებში, არამედ კვარტლის პირველ დღეს, რაც გულისხმობს მთლიანად ერთ დღეს, ანუ პერიოდს დღის დასაწყისიდან დღის ბოლომდე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «...» მიერ საგადასახადო სამართლადარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სარჩელი მიიჩნია საფუძლიანად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.

კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა და საქმის მასალების არასწორი შეფასებით. სასამართლომ არასრულად განმარტა საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლი, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ დაბეგვრის ობიექტი (სათამაშო აპარატი) არ შეიძლება არსებობდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გარეშე. კასატორი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 5 აპრილის ¹16-01-03/1171 წერილზე, რომლის თანახმად, «კვარტლის ბოლო დღის მომდევნო დღე წარმოადგენს ახალი საანგარიშო პერიოდის პირველ დღეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის უკვე დამაგრებულ უნდა იქნეს ახალი კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშანი».

კასატორის აზრით, სამართლადარღვევის ფაქტი აღიარებულია თვით მოსარჩელის მიერ, კერძოდ: 2008 წლის 1 ივლისის ¹322478 საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ,,შენიშვნების» გრაფაში დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით, გადასახადის გადამხდელი აღიარებდა, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა სათამაშო მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე. საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კასატორი თვლის, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირების განთავისუფლება გადასახადისაგან. კასატორის ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისათვის სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დაკისრებას და მიუთითებს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის «ვ» პუნქტზე, კერძოდ, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები – სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლის, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებულ წარმოების საქმეებზე, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მაშინ როდესაც მას უნდა გამოეყენებინა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონი, ვინაიდან ეს კანონი არის სპეციალური და მას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი. ამავე პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, არ დარღვეულა საპროცესო ნორმები, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოება და მისი განხილვა, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტის დალუქვის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღება ხდება შესაბამის ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციაში, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღება თამაშების მომწყობ პირთა მიერ უნდა მოხდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) დაწყებამდე, წინა კვარტლის განმავლობაში. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდება თამაშების დაწყების კალენდარული კვარტლის პირველ დღეს და იხსნება საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) ბოლო დღეს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 5 აპრილის ¹16-01-03/1171 წერილის თანახმად, კვარტლის ბოლო დღის მომდევნო დღე ახალი საანგარიშო პერიოდის პირველ დღეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის უკვე დამაგრებულ უნდა იქნეს ახალი კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშანი. აღნიშნული წერილი, მართალია, არის ინსტრუქციული ხასიათის რეკომენდაცია, მაგრამ მას არ გააჩნია სავალდებულო იურიდიული ხასიათი. იგი შეიცავს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესასრულებელი მოქმედებისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება განხორციელდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამდენად, საგადასახადო კოდექსი, განსხვავებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 5 აპრილის ¹16-01-03/1171 წერილისა, შესასრულებელი მოქმედების (სათამაშო აპარატებზე კვარტლის დასაწყისში ნიშნების დამაგრების) ვადად მიიჩნევს კალენდარული კვარტლის პირველ დღეს, რაც მოიცავს კვარტლის პირველი დღის სრულ 24 საათს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «...» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტის დალუქვის წესებით» განსაზღვრულ ვადაში განახორციელა საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების მოხსნა, ანუ 2008 წლის მე-2 კვარტლის ნიშნები მათ მოხსნეს იმავე კვარტლის ბოლოს ანუ ივნისის ბოლო დღეს, ხოლო კანონის მიხედვით, მე-3 კვარტლის ნიშნების გაკვრის უფლება მათ ჰქონდათ კვარტლის პირველ დღეს ანუ 1 ივლისს, ღამის 24 საათამდე, რაც განახორციელა 2008 წლის 1 ივლისს, დილის 8 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «...» მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნები. ის მოსაზრება, რომ სამართლადარღვევის ოქმში დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით სამართალდარღვევის ფაქტი აღიარებულია, საფუძველს მოკლებულია. შპს «...» წარმომადგენლის მიერ სამართალდარღვევის ოქმის «შენიშვნების» გრაფაში დაფიქსირებული ახსნა-განმარტებით აღიარებულია მხოლოდ 2008 წლის 1 ივლისს, დილის 3:45 საათზე სათამაშო აპარატებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების არარსებობის ფაქტი, რაც სამართალდარღვევის აღიარებად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან სამართალდარღვევა არის მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია ჯარიმა. განსახილველ შემთვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული ოქმის შედგენის დროისათვის სახეზე არ იყო სამართალდარღვევის ფაქტი, ე.ი. შპს «...» მხრიდან საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-5 ნაწილზე. შეღავათის დაწესებას ან ცალკეული პირებისათვის, ამ შემთხვევაში შპს «...» გადასახადისაგან განთავისუფლებას ადგილი არ აქვს, რადგან სახეზე არ არის საგადასახადო ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1-ე მუხლის საფუძველზე, სწორად მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად, რამდენადაც მისი გამოცემის დროს დარღვეულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, რომლებიც გაიღეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ იმ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1. მუხლის თანახმად კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, სრულად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით მიუთითა მათზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.