ბს-943-907(კ-08) 10 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; წარმომადგენელი – მ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ძე; წარმომადგენელი – მ. მ-შვილი
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; წარმომადგენელი – ლ. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 იანვარს თ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიისა და მესამე პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1972-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში საჰაერო ხომალდის ,,...”-ს მეთაურად. 1988 წელს საფრენოსნო სამედიცინო კომისიის მიერ დაუდგინდა – კოხლეალური ნევრიტი, 2005 წელს თბილისის ა. მახვილაძის სახელობის მედიცინისა და ეკოლოგიკის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნით კი პროფესიული დაავადება, რის საფუძველზეც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა, პროფესიული შრომისუუნარობის 60% დაქვეითებით.
მოსარჩელის განმარტებით, ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 33-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად, დამქირავებელი-საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანისათვის და დაზარალებულს უნდა გადაუხადოს ყოველთვიური სარჩო, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-11 მუხლის დებულებათა შესაბამისად განსაზღვრულია წესი ყოველთვიური სარჩოს გაანგარიშებისა. ა/კ ,,საქართველოს ავიახაზების» ბუღალტერიის 2002 წლის 22 თებერვლის ¹3.114 ცნობის შესაბამისად საჰაერო ხომალდზე – ,,...-ის» მეთაურისათვის საშუალოდ ხელფასი შეადგენს 1276,6 ლარს, საიდანაც მას, როგორც პროფდაავადებულს ეკუთვნის 60%, რაც შეადგენს – 765,96 ლარს, რის თაობაზეც მიმართა მოპასუხეს, მაგრამ 2005 წლის 14 აპრილის ¹574/07 წერილით უარი ეთქვა ზემოაღნიშნულის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სარჩო მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო ავიაკომპანიებისაგან. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან პროფდაავადებით დაავადდა 1988 წელს, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ავიაციის სისტემა არსებობდა, დღეს კი ავიაკომპანიები არ არიან აეროფლოტის სისტემის ორგანიზაციების სამართალმემკვიდრენი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99 წლის ¹48 ბრძანებულების თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება უფლებამონაცვლეს, რომელსაც წარმოადგენს მოპასუხე, რაც ასევეა დადასტურებული საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს, როგორც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის სამოქალაქო ავიაციის სამართალმემკვიდრეს, დაკისრებოდა ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის - 675,96 ლარის ყოველთვიურად, 2005 წლის 22 მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე ანაზღაურება.
2006 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ამჯერად მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ 2006 წლის 6 იანვარს ისანი-სამგორის რაიონული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა ინვალიდობა უვადოდ, 80% შრომისუნარიანობის დაქვეითებით. მოსარჩელემ დააზუსტა, რომ საჰაერო ხომალდ ,,...”-ს მეთაურის საშუალო ხელფასი შეადგენდა 1276,6 ლარს, საიდანაც მას, როგორც 60% პროფდაავადებულს, ეკუთვნოდა 2005 წლის 22 მარტიდან 2006 წლის 6 იანვრამდე 765,96 ლარი, ხოლო 2006 წლის 6 იანვრიდან-მდგომარეობის შეცვლამდე, შრომისუნარიანობის 80% დაქვეითების გათვალისწინებით – 1021,28 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა თ. მ-ძის მიმართ პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით 2005 წლის 23 მარტიდან 765,96 ლარის, ხოლო 2006 წლის 6 იანვრიდან 1021,28 ლარის ყოველთვიურად გადახდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-2 მუხლის თანახმად დამქირავებელი მატერიალურად პასუხისმგებელია მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანისათვის, აგრეთვე იმ საწარმოო ტრავმისათვის, რომელიც მოხდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ორგანიზაციის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სამუშაოზე, ან სამუშაოს შემდეგ მგზავრობისას დამქირავებლის მიერ გამოყოფილ ტრანსპორტზე. ამავე ბრძანებულების მე-3 მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში. დადგენილია, რომ მოსარჩელეს პროფდაავადება დაუდგინდა 1988 წელს – ჯერ კიდევ საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოსთან შრომითი ურთიერთობის დროს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 1999 წლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს, დაწესებულების რეორგანიზაციის (შერწყმის, შეერთების, გამოყოფის, გარდაქმნის) შემთხვევაში განცხადება შეტანილ უნდა იქნეს მის უფლებამონაცვლე ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. მოსარჩელე თ. მ-ძის (იყო რა იგი საჰაერო-საფრენი ხომალდ ,,...-ის” მეთაური), დამქირავებელი საბოლოოდ იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (როგორც საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სამართალმემკვიდრე).
,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის 1012-რს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹10 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია”, რომლის დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი ,,ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების შესაბამისად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია და ამავე განკარგულების მე-3 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ, მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანების და ამ კატეგორიის მუშაკთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხების დაფარვა. სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” 2004 წლის 11 თებერვლის ¹3277-11ს საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. ამავე კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის (ე.ი. 35-ე მუხლის) საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, ამასთანავე, მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს. გარდა აღნიშნულისა, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹812 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპოტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე - ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. 2. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის ¹3277-11ს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის (¹195) კანონის მე-2 მუხლით საქართველოს მთავრობას დაევალა 2 თვის ვადაში უზრუნველეყო: ა) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება . . . და ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა”.
,,საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 22 ივნისს გამოსცა ¹80 განკარგულება, შესაბამისად კანონში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია და არც შეუცვლია 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ 35-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ისევ ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.
¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი უნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ამავე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება იგივე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიუღებელი საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. მოსარჩელეს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა 2005 წლის 23 მარტიდან დაუდგინდა 60%. საჰაერო ხომალდ ,,...-ის” მფრინავის სამეთაურო შემადგენლობის საშუალო ხელფასი, რომლის მიხედვითაც ბოლო სამი თვის ნამუშევარმა შეადგინა 3830 ლარი, არის საშუალოდ 1276,6 ლარი, რომლის 60% შეადგენს 765,96 ლარს. 2006 წლის 6 იანვრიდან მოსარჩელეს დაუდგინდა შრომის უნარიანობის დაკარგვა 80% უვადოდ (1276.6 80% = 1021,28 ლარი).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საყოველთაოდ ცნობილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტში, ცალსახადაა აღნიშნული, რომ საქართველოს სახელმწიფო არ წარმოადგენს საქართველოს სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს. არ არსებობს არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს – საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის უფლებამონაცვლეობას. სამართლებრივი თვალსაზრისით მსჯელობა უფლებამონაცვლეობაზე საბჭოთა კავშირის სამოქალაქო ავიაციის, ჯერ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და შემდეგ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსი, არამართებულია.
შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, შეუძლებელია გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობის გაზიარება იმის თაობაზე, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითვარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ, ანუ სასამართლო ამ შემთხვევაში მსჯელობს დაწესებულების ლიკვიდაციაზე და შესაბამისად, ადგენს მის უფლებამონაცვლე ორგანიზაციას. ასეთი მსჯელობა გამორიცხავს 1999 წლის ¹48 ბრძანებულების 42-ე მუხლის გამოყენებას, რადგან მასში ცალსახად არის საუბარი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შერწყმას, შეერთებას, გაყოფას, გამოყოფას, გარდაქმნას და არა - ლიკვიდაციას. საყურადღებოა, ასევე ის ფაქტიც რომ ლიკვიდაცია წარმოადგენს ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომლის შედეგადაც იგი წყვეტს საქმიანობას, ანუ დაწესებულება აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას. მისი უფლებები და მოვალეობები სხვა დაწესებულებას არ გადაეცემა. ამასთან, ლიკვიდაციის დროს არ დაიშვება უფლებამონაცვლეობა.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად განხორციელდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია, რის შემდეგაც ქონება და გარკვეული ფუნქციები, რაც კონკრეტულად არის განსაზღვრული, გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მაგრამ არ არსებობს არც ერთი აქტი, რომელიც ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის რაიმე ვალდებულებების გადაცემას, ასევე, არც მითითებულ კანონს თუ სხვა ნორმატიულ აქტს არ განუსაზღვრავს მოპასუხის სამართალმემკვიდრეობა ლიკვიდირებული ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მიმართ.
სასამართლოს ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტზე მითითებით ზიანის ფორმალური შემადგენლობის გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ მოსარჩელეს პროფდაავადებით მიყენებული ზიანი მიადგა მოპასუხის მოქმედებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან, ხოლო თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოშობს მხარეებს შორის სამართლებრივ ურთიერთობას.
აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე არ შეიძლება ჩაითვალოს პირად, რომელიც რაიმე სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. მეტიც საქმეში წარმოდგენილი მესამე პირის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ა. ა-იანის მიერ 2005 წლის 14 აპრილს თ. მ-ძისადი გაგზავნილ წერილში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ,,სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ზიანი უნდა აუნაზღაუროს დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, ამ უკანასკნელის ბრალის შემთხვევაში და მიუთითა, რომ სარჩოს დასანიშნად მოსარჩელეს უნდა მიემართა იმ კერძო სამართლის სუბიექტისათვის, რომლებთანაც იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში და სადაც მიიღო აღნიშნული ზიანი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულება.
აღნიშნული დებულების თანახმად, სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 იანვრის ¹1 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნა და ,,საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია.
აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ, მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხების გადახდა. ამასთან, აღნიშნული ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების თანახმად.
კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ იარსებებს მითითებული გარემოებები, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა ვალდებული, უზრუნველყოს ამ სახის ზიანის ანაზღაურება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹110 ბრძანებით, დამტკიცებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულება, რომლის თანახმადაც ავიაციის ფუნქციები გადაეცა სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას.
დებულებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრე დაწესებულება დღეს არ არსებობს.
ასევე, საყურადღებოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის» მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანისათვის მატერიალურად პასუხისმგებელია დამქირავებელი, ხოლო 41-ე მუხლის თანახმად კი, განცხადება შეიტანება დამქირავებლის სახელზე.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არამართებული და საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა სამინისტროსათვის, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრისათვის, ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” და საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა.
ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება - ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შდეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”, რომელმაც ცალკეულ საკითხთა მიმართ დაადგინა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისაგან განსხვავებული წესი, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით მიეთითა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში სარჩოს გაცემა შეწყდება. ლიკვიდირებული დამსაქმებლის შემთხვევაში სარჩოს მიმღებს ეძლევა სარჩოს დავალიანების თანხა 2007 წლის 1 მარტამდე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თ. მ-ძე წარმოადგენს პროფდაავადებულ პირს, რომელიც 1972 წლიდან მუშაობდა სამოქალაქო ავიაციაში და იყო საჰაერო-საფრენოსნო ხომალდ ,,...-ის” მეთაური. 1988 წელს საექიმო-საფრენოსნო-საექსპერტო კომისიის დასკვნით დადგინდა, რომ თ. მ-ძეს მიღებული ჰქონდა მაღალი და საშუალო ტონების ბგერის აღქმის ორმხრივი სიმეტრიული დაზიანება. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით 2005 წლის 22 მარტს თ. მ-ძეს დაუდგინდა პროფესიული დაავადება ორმხრივი კოხლეალური ნევრიტი პროფესიული შრომისუნარიანობის 60%-ის დაკარგვით, ხოლო 2006 წლის 06 იანვრიდან პროფდაავადება დაუდგინდა უვადოდ პროფესიული შრომისუნარიანობის 80%-ის დაკარგვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, რამდენადაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვალდებული უზრუნველყოს თ. მ-ძისათვის პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რა მიზნითაც საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. ხსენებული განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლიკვიდაციის პროცესში დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებები და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხები, ხოლო ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ უზრუნველეყო ამ პირთათვის ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, იმავე დღეს შედგა ¹16 სხდომის ოქმი, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად 2006 წლის 21 აგვისტოს გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2006 წლის 13 დეკემბრის ¹1 მიღება-ჩაბარების აქტით სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენლის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩაბარებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა 49 პირადი საქმე.
საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობას და თვლის, რომ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი მოტივაცია ცალსახად არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან, რა მიზნითაც, საკასაციო სასამართლო, კასატორის ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის ¹1012-რს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹10 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომლის დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების შესაბამისად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.
«ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ამასთან, ზემოხსენებული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე, მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს. გარდა აღნიშნულისა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე _ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 22 ივნისს გამოსცა ¹80 განკარგულება «საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ». შესაბამისად, კანონში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია და არც შეუცვლია «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ისევ ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.
ზემოაღნიშნულ აქტებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს, ამ უკანსაკნელის ლიკვიდაციის დასრულებამდე, უდავოდ ეკისრება თ. მ-ძისათვის პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, წყდება დანიშნული «ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს» გაცემის ვალდებულება, ხოლო ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნულ სარჩოზე არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს შემდეგ მოსაზრებებზე : «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულება, რომლითაც შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით. ამდენად, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, მაგრამ საგულისხმოა, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ იურიდიულად ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების გამოცემისას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის პროცესი იურიდიულად დასრულებული არ იყო, თ. მ-ძეს პროფდაავადებით დამოწვეული ზიანი ცალსახად უნდა აუნაზღაურდეს 2007 წლის 01 სექტემბრამდე ანუ იურიდიულად სალიკვიდაციო კომისიის მიერ ფუნქციონირების შეწყვეტამდე.
რაც შეეხება 2007 წლის 01 სექტემბრის შემდგომი პერიოდისათვის ასანაზღაურებელ თანხაზე უფლებამოსილ სუბიექტს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ, ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ფარგლებში, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაღაურების წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ვინ წარმოადგენს ხსენებული ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს ან ასანაზღაურებელი თანხა ხომ არ მოექცა სხვა საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება გაუქმდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 2007 წლის 01 სექტემბრიდან თ. მ-ძისათვის პროფდაავადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.