Facebook Twitter

¹ბს-945-905(კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 12 აგვისტოს ვ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ქ. თბილისის საგზაო პოლიციის სამსახურის მიმართ და ქ. თბილისში, ... ქ. ¹7 და ¹9 სახლებს შორის არებულ გზის დასაწყისსა და ბოლოში მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და სახლის დაზიანებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად ნ. კ-იანი, გ. შ-ძე, კ. შ-ძე, მ. გ-ძე, ლ. ლ-შვილი, ე. ჩ-ელი, მ. ბ-ძე, ნ. გ-შვილი, მ. რ-შვილი, მ. ბ-ძე და მ. ჯ-შვილი ჩაებნენ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. გ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მესამე პირებმა _ მ. ბ-ძემ, მ. რ-შვილმა, მ. ბ-ძემ, ე. ჩ-ელმა, ნ. კ-იანმა, მ. გ-ძემ და სხვებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... ქ. ¹7 და ¹9 სახლებს შორის არსებულ გზის დასაწყისსა და ბოლოში მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი საპატრული სამმართველო.

თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება ვ. გ-ძის სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება. ამავე განჩინებით დ. და ნ. გ-ძეები მოცემულ საქმეში დავის საგნის _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7 და ¹9 სახლებს შორის არსებულ გზის დასაწყისსა და ბოლოში მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისა და სახლის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ვ. გ-ძის უფლებამონაცვლეებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ძის შუამდგომლობა; ნ. გ-ძის სარჩელზე უარის თქმის გამო გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება მის ნაწილში და ნ. გ-ძის სარჩელზე მოპასუხეების ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, ქ. თბილისის მერიისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინებით დ. გ-ძისა და მესამე პირების _ მ. გ-ძის, მ. ბ-ძის და სხვათა (სულ 12 პირი) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება დ. გ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.