Facebook Twitter
ბს-94-89(კ-09) 15 აპრილი, 2009წ

ბს-94-89(კ-09) 15 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. კ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. კ-ძემ 2007 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის_ 416,43 ლარისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის_762,32 ლარის გადახდის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. კ-ძის სასარგებლოდ 416 ლარისა და 43 თეთრის გადახდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თ. კ-ძის სასარგებლოდ 762 ლარისა და 32 თეთრის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 762,32 ლარის გადახდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე თ. კ-ძის სასარგებლოდ დარიცხული სახელფასო დავალიანების 408,32 ლარის გადახდა; მოსარჩელე თ. კ-ეს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.