Facebook Twitter
ბს-948-908(2კ-09)

ბს-948-908(2კ-09) 25 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე; ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენლები: მ. გ-შვილი, შ. კ-შვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი – ნ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ «მ. კ-ია», წარმომადგენელი - მ. ბ-აია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 28 ივნისს ი/მ «მ. კ-იამ» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹47-ში, სადაც მომხმარებელთან ნაღდ ფულად ანგარიშსწორებას ახდენდა ¹127090 საკონტროლო სალარო აპარატით. 2006 წლის 8 მაისამდე მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც მომხმარებელთან ნაღდ ფულად ანგარიშსწორებას ახდენდა ¹108903 საკონტროლო სალარო აპარატით. 2006 წლის 8 მაისიდან საკონტროლო სალარო აპარატი მოიხსნა რეგისტრაციიდან, ხოლო იმავე დღიდან მითითებულ სალონში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ი/მ «თ. უ-ია». 2006 წლის 16 ივნისს დაჯარიმდა სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ივლისის ¹303812 საგადასახადო მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ჯარიმა უნდა დარიცხოდა არა ი/მ «მ. კ-იას», არამედ ი/მ «თ. უ-იას», ვინაიდან, ეს უკანასკნელი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ განაცხადა საგადასახადო ინსპექციაშიც, ასევე ი/მ «თ. უ-იამ» განცხადება შეიტანა თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ჯარიმის გადატანის შესახებ. რის შემდეგაც მოსარჩელემ თავის სამეწარმეო ადგილზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹47-ში მიიღო თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნა სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის 500 ლარით დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული ჯარიმები 2007 წლის თებერვალში გადაიხადა მოსარჩელე ი/მ «მ. კ-იამ». თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 აპრილის ¹309480 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ი/მ «მ. კ-იას» დაერიცხა ჯარიმა საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლის საფუძველზე, 2500 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, უკანონო იყო სადავო საგადასახადო მოთხოვნა, რადგან ჯარიმა უნდა დარიცხოდა საგადასახადო კოდექსის არა 139.6, არამედ 139.5 მუხლის საფუძველზე, რადგან 2006 წლის 16 ივნისს არასწორად დაჯარიმდა. შესაბამისად, მოსარჩელე პირველად დაჯარიმდა 2006 წლის 2 ოქტომბერს, რის გამოც 2007 წლის 15 აპრილს უნდა დაჯარიმებულიყო სალარო აპარატის მეორედ გამოუყენებლობისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის ¹4924 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანების ბათილად ცნობასა და ჯარიმის განსაზღვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139.5 მუხლის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი/მ «მ. კ-იას» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ «მ. კ-ია» თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ივლისის ¹303812 და 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და მან საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადა სრულად. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 აგვისტოს ¹305614 ბრძანებაში თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 14 მაისის ¹01-05/213 ბრძანებით შევიდა ცვლილება და ი/მ «მ. კ-ია» საკონტროლო-სალარო აპარატის განმეორებით გამოუყენებლობისათვის დაჯარიმდა 1500 ლარით, რაც მხარეს ასევე სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155.3 მუხლის შესაბამისად, ი/მ «მ. კ-იას» მიერ რეალურად აღიარებულ იქნა მითითებული საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნულის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლი სადავო 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანებისა და 2007 წლის 16 აპრილის ¹309480 საგადასახადო მოთხოვნის მიღებისას.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «მ. კ-იამ».

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ი/მ «თ. უ-იამ» 2006 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის საგადასახადო ინსპექციას, რომლითაც ითხოვდა ი/მ «მ. კ-იასათვის» არასწორად დარიცხული ჯარიმების გადატანას, იმ მოტივით, რომ 2006 წლის 14 მარტიდან თვითონ აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სილამაზის სალონში. ამდენად, 2006 წლის 16 ივნისს არასწორად იქნა შედგენილი ¹303812 ოქმი საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ.

ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ თბილისის რეგიონალური ცენტრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ი/მ «მ. კ-იას» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «მ. კ-იამ» და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით ი/მ «მ. კ-იას» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ი/მ ,,მ. კ-იას» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ,,მ. კ-იას» სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის ¹4924 ბრძანება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანება.

სააპელაციო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით 2500 ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება შესაძლებლად მიიჩნია საკონტროლო-სალარო აპარატის მესამედ გამოუყენებლობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში და გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი/მ «მ. კ-იას» მხრიდან ადგილი ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის მხოლოდ მეორე შემთხვევას, მისი მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებიც საკასაციო საჩივრების საფუძველზე ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ი/მ «მ. კ-იასათვის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად არ გამოიკვლია დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება, რამაც, მათივე მითითებით, გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹303812 ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ობიექტში ი/მ «მ. კ-ია» ახორციელებდა ფულად ანგარიშსწორებას საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების გარეშე, რის გამოც თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 5 ივლისის ¹303812 ბრძანებით ი/მ «მ. კ-იას» განესაზღვრა სანქციის სახით ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე, 2006 წლის 24 ივლისს საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემულ იქნა ¹303812 საგადასახადო მოთხოვნა. მითითებული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ოქმი შედგა ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე ობიექტში, თუმცა ამავე ოქმში იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად ასევე მიეთითა ქ. თბილისი, ... ქ. ¹47.

ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹305614 ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹47-ში მდებარე ობიექტში ანგარიშსწორება წარმოებდა საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების გარეშე, რის გამოც 2006 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად, ინდ/მეწარმე ,,მ. კ-იას” სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაზეც გაიცა 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹305614 საგადასახადო მოთხოვნა. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 14 მაისის ბრძანებით შესწორება შევიდა ¹305614 ბრძანებაში და ი/მ «მ. კ-იას» ნაცვლად 500 ლარისა სანქცია განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 139.5 მუხლის შესაბამისად 1500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 მარტის ბრძანებით, ი/მ «მ. კ-ია» სალარო აპარატის კვლავ გამოუყენებლობის გამო, საგადასახადო კოდექსის 139.6 მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 2500 ლარით.

ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 8 მაისის ¹47 ცნობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ «მ. კ-იას» კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი, საქარხნო ნომრით 108903, განთავსებული ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში, მოხსნილი იყო რეგისტრაციიდან.

საკონტროლო-სალარო აპარატის ¹2352 სარეგისტრაციო ბარათის საფუძველზე დადგინდა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატი, საქარხნო ნომრით 108903, რომელიც დადგმული იყო ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში, რეგისტრირებულ იქნა ი/მ «თ. უ-იას» სახელზე.

თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ი/მ «მ. კ-იას» მიერ 2006 წლის 15 მაისს წარდგენილი მიმართვით, მოსარჩელემ საგადასახადო ინსპექციას აცნობა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში კუთვნილი სილამაზის სალონი, 2006 წლის მაისიდან დაიხურა და მან 2006 წლის მაისიდან სასურსათო მაღაზია გახსნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹47-ში.

საქმეზე ასევე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2006 წლის 14 აგვისტოს, ი/მ ,,თ. უ-იამ“ განცხადებით მიმართა საგადასახადო ინსპექციას და მიუთითა, რომ 2006 წლის 16 ივნისს სალარო აპარატის გამოუყენლობის გამო მის ნაცვლად მოხდა ი/მ ,,მ. კ-იას“ დაჯარიმება და მოითხოვა ჯარიმის მის სახელზე გადატანა. უდავოა, რომ აღნიშნული ჯარიმა გადახდილია სრულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება. იმავე კოდექსის 123-ე მუხლი ადგენს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევად მიიჩნევა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ამ უმოქმედობა), რომლისთვისაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, სამართალდარღვევის გამოვლენისა და სანქციის შეფარდებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გამოიკვლიოს, სამართალდარღვევა ჩადენილია თუ არა იმ პირის მიერ, ვისაც სახდელი დაედო და რამდენადაა დასაშვები ამ პირის მიმართ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უდავოდ მიიჩნევს, რომ 2006 წლის 16 ივნისს სალარო აპარატის გამოუყენლობის გამო ი/მ ,,მ. კ-იას“ დაჯარიმება მოხდა ი/მ ,,თ. უ-იას“ ნაცვლად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, კასატორები სადავოდ ხდიან ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ აღნიშნულის უარსაყოფად ვერ წარმოადგენენ დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას ეჭვქვეშ დააყენოს დაგენილი ფაქტობრივი გარემოება და გამორიცხავს ი/მ ,,მ. კ-იას“ მხრიდან 2006 წლის 16 ივნისს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იმავე მუხლის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება ჩადენილი განმეორებით დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება მითითებული მუხლის მე-6 ნაწილს, აღნიშნული მუხლის დეფინიცია ითხოვს, რომ ამ მუხლის მე-4 ან/და მე-10 ნაწილებით განსაზღვრული ქმედება ჩადენილი იქნეს იმავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემდეგ, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 500 ლარის ოდენობით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მითითებული მუხლის მოთხოვნები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა და თვლის, იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ ,,მ. კ-იას“ 2006 წლის 16 ივნისს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, 2006 წლის 28 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹305614 ოქმით დაფიქსირებული სამართალდარღვევა მისთვის ატარებს პირველად ხასიათს, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული 500 ლარიანი ჯარიმა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს 2007 წლის 21 თებერვალს ¹309480 სამართალდარღვევათა ოქმით დაფიქსირებული სამართალდარღვევის მიმართ საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, იმავდროულად კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სრულად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის ბრძანება ი/მ ,,მ. კ-იას“ 2500 ლარით დაჯარიმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, აღნიშნულით სააპელაციო სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, რითიც მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ინ იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, იმავდროულად სააპელაციო სასამართლო მხრიდან დაირღვა საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ი/მ ,,მ. კ-ია“ არ უარყოფს და, უფრო მეტიც, სადავოდ არ ხდის, რომ 2007 წლის 21 თებერვალს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, საქმის განხილვის ყველა სტადიაზე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან 2007 წლის 21 თებერვალს სამართალდარღვევა ჩაიდინა განმეორებით, რის გამოც დაუშვებელი იყო მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ისევე როგორც სამართალდარღვევის ჩადენის გარეშე არ არსებობს სახდელის დადების საფუძველი, ასევე თავად სამამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი იძლევა სახდელის გამოყენების უპირობო საფუძველს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს ი/მ ,,მ. კ-იას“ სახდელისაგან სრულად გათავისუფლების შესაძლებლობას და თვლის, რომ 2007 წლის 21 თებერვალს ჩადენილი სამართალდარღვევა უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და ჯარიმის სახით უნდა განისაზღვროს 1500 ლარი. იმავდროულად საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება მიექცეს შემდეგ გარემოებას, მხარეები სადავოდ არ ხდიან ი/მ ,,მ. კ-იას“ მხრიდან 2006 წლის 28 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹305614 ოქმით დაფიქსირებული სამართალდარღვევისათვის 500 ლარის ნაცვლად 1 500 ლარის გადახდის ფაქტს (ზედმეტად გადაიხადა 1000 ლარი), რისი გათვალისწინებითაც საბოლოოდ ი/მ ,,მ. კ-იას“ გადასახდელად დამატებით უნდა დაეკისროს 500 ლარი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო მოკლებული იყო 2006 წლის 28 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ¹305614 ოქმით დაფიქსირებული სამართალდარღვევის კანონიერებაზე მსჯელობის შესაძლებლობას იმ მოტივით, რომ მხარეს აღნიშნული სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს ი/მ ,,მ. კ-იას“ სასარჩელო მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს ი/მ ,,მ. კ-იას“ 2007 წლის 10 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹4924 ბრძანების ბათილად ცნობას. საგულისხმოა, რომ საჩივრის ავტორი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის ბათილობას ითხოვდა სწორედ იმავე საფუძვლებზე მითითებით, რაც სასარჩელო განცხადებაში აქვს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ 2006 წლის 28 ივლისის ¹305614 სამართალდარღვევის ოქმში ცვლილება შეტანილია 2007 წლის 14 მაისს, მას შემდეგ, რაც მ. კეკელიამ სადავოდ გახადა დაჯარიმების აქტი, ამასთან, ცლილება შეტანილია ტექნიკური შესწორების სახით, რის შესაძლებლობასაც ამ ფორმით საკასაციო სასამართლო სრულად გამორიცხავს. საკასაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 14.05.07წ. ¹01-05/213 ბრძანების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დეტალურ ანალიზს და კვლავაც განმარტავს, თავისთავად ის ფაქტი, რომ შერაცხული საგადასახადო სამართალდარღვევა პირის მიერ არ არის ჩადენილი, გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიმართ პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ი/მ ,,მ. კ-იას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის ¹4924 ბრძანება;

ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2007 წლის 21 მარტის ¹309480 ბრძანება ი/მ ,,მ. კ-იას“ 2500 ლარით დაჯარიმების თაობაზე და საბოლოოდ აღნიშნული აქტით ი/მ ,,მ. კ-იას“ გადასახდელად განესაზღვროს 500 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.