Facebook Twitter

ბს-955-919(კ-08) 27 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 24 ნოემბერს ნ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება, განახორციელოს ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში მდებარე სახლის პირველი სართულის ლიტ “ბ” ¹2 ოთახის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ს.ფ. 1-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა და ეს უკანასკნელი საქმეში ჩაერთო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 48).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისში, .... ქ. ¹7-ში მდებარე სახლის პირველი სართულის ლიტ. “ბ” ¹2 ოთახის – ფართით 21.07 კვ.მ, სამზარეულოს – ფართით 6.7კვ.მ, ¹3 შემინული აივნის – ფართით 8.10 კვ.მ, მის ქვეშ განთავსებული სარდაფის და დამხმარე სათავსის – ფართით 2.25 კვ.მ, ნინო საჯაიას სახელზე სამართლებრივი რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 57-60).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 66-68).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნინო საჯაიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 91-98).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნინო საჯაიამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 105-113).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 132-133).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა კასატორმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2001 წლისთვის დადასტურებულ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ..... ქ. ¹7-ში კონკრეტული სახლთმფლობელობები აშენებული იყო მის მიერ 1984 წელს და აღნიშნული ფართით სარგებლობს და ფლობს, როგორც მესაკუთრე. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის ტექაღრიცხვის სამსახურმა ქონება აღრიცხა ნ. ს-ას სახელზე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა ხსენებული გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავდა უფლების დამდგენ დოკუმენტად. საქალაქო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით სწორედ საკუთრების უფლება იქნა დადგენილი, ანუ ნათელი ხდება, რომ ამ სამართალწარმოებაში რეალურად დგას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კონკრეტული მითითების, სამართლებრივი ინტერპრეტაციის პრობლემა.

კასატორის მოსაზრებით, დავის პროცესში გამოიკვეთა იმგვარი ტენდენცია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებად რომც ჩათვლილიყო, საჯარო რეესტრი მაინც ვერ განახორციელებდა უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან იმ მიწაზე, რომელზეც ნ. ს-ას შენობა-ნაგებობებია განლაგებული, საკუთრების უფლება Aაღიარებული არ ყოფილა. სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

კასატორის მითითებით, “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისთვის უძრავი ნივთის ცნებას და ასეთად განიხილავს მიწის ნაკვეთს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, ცალკე უფლების ობიექტს; ამავე მუხლით განსაზღვრულია უფლების ობიექტის ცნება, რასაც წარმოადგენს ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, სხვა შენობა-ნაგებობა, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთების არსებით შემადგენელ ნაწილზე.

კასატორის მოსაზრებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონსა და ინსტრუქციაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ცალსახად შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალური საკუთრების საგანზე, რომელიც არის უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს დამოუკიდებლად იმისა, თუ რა უფლება შეიძლება არსებობდეს ცალკე მიწის ნაკვეთზე, თუკი სუბიექტს მოეპოვება ამ ობიექტზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 140-141).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორ ნ. ს-ას მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონირების საკასაციო სასამართლოს მიერ გადამოწმების სამართლებრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. ს-ას მიერ სათანადოდ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ნ. ს-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ნ. ს-ას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.