ბს-95-90(2კ-09) 28 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ჯ. შ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-7).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 802,39 ლარი ოდენობით და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურება 1918,4 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელი სახელფასო დავალიანების 332,61 ლარის ანაზღაურების და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 50-60, ტ. I).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 71-85, ტ. I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ჯ. შ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის სახით 413 ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 389,39 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების 1918,4 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (იხ. ს.ფ. 176-186).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 190-201).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. შ-ძემ და მოითხოვა ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 210-218).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» «ბ» და «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად.
კასატორის მითითებით, განმარტებას საჭიროებს საკითხი რამდენად შედის ჯილდო და მატერიალური დახმარება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასის დეფინიციაში.
კასატორის მითითებით, ხელფასის შემადგენელ ელემენტად ამა თუ იმ ფინანსური გასაცემლის მიჩნევისათვის ამგვარ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გააჩნდეს დანამატის სტატუსი. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 12.2 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ამავე მუხლით განსაზღვრული ოდენობით. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის შესაბამისად, დანამატის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით, ხოლო კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარება დანამატს არ განეკუთვნება და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენს.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ჯილდო და მატერიალური დახმარება არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკისგან.
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა /ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «გ» მუხლი/.
კასატორის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 11.2 მუხლის «თ» ქვეპუნქტი სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს გაშვებული აქვს როგორც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, ასევე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან აღნიშნული ცნობები ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არა აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. შ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჯ. შ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.