Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-959-923(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,, ...-ას” დირექტორის ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს « ....-ას” სარჩელისა გამო მოპასუხე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირი _ რ. გ-ი, გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს « ...-ამ” 2005 წლის დეკემბერში სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 6 ივნისის ¹193 დადგენილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა რ. გ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს « ...-ას” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 6 ივნისის ¹193 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს « ...-ამ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარე, ბოლნისის რაიონის გამგეობა, შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით შპს « ...-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს « ...-ას” დირექტორმა ზ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო პალატამ შპს « ...-ას” დირექტორის ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს «...-ას” დირექტორს ზ. გ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციოO საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ზემოაღნიშნული განჩინება შპს « ...-ას” დირექტორს ზ. გ-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 31 ოქტომბერს.

შპს « ...-ას” დირექტორმა ზ. გ-მა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო ხარჯებისაგან განთავისუფლება. განცხადებას თან ერთვის ზ. გ-ის სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის სარეინტიგო ქულაა 64080.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს « ...-ას” დირექტორს ზ. გ-ს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღეში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო სასამართლომ კასატორს განუმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორია სამეწარმეო იურიდიული პირი შპს « ...-ა”, რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი ზ. გ-ი, რის გამოც კასატორის მიერ მოყვანილი არგუმენტი ვერ გახდებოდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველი.

შპს « ...-ას” დირექტორმა ზ. გ-მა 2008 წლის 8 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადება და განმარტა, რომ ამ ეტაპზე მას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა მისი გადავადება იმ მოტივით, რომ შპს « ...-ას” ეკონომიკური მდგომარეობა ბოლნისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 6 ივნისის ¹193 დადგენილებით გაუარესდა, აღმოჩნდა ვალებში და შპს ,, ...-ა” ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს. კასატორის განცხადებით იგი მზადაა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობა რადგან კასატორის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რადგან იგი არ ასახავს კასატორის ქონებრივ მდგომარეობას. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული შპს « ...-ას” დირექტორის ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.