Facebook Twitter
¹ბს-964-928(კ-08) 8 ივლისი, 2009წ

¹ბს-964-928(კ-08) 8 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. დ-შვილი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. დ-შვილმა 2006 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დ. დ-შვილის სარჩელი გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ დ. დ-შვილისათვის წარდგენილი 2005 წლის 26 დეკემბრის ¹106 შეტყობინება; დაევალა გორის საგადასახადო ინსპექციას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გადაეანგარიშა დ. დ-შვილის საგადასახადო დავალიანება 2004 წლის 3 მაისიდან 4,5ჰა მიწის ფართობზე საიჯარო ქირის გადახდის შესახებ და გონივრულ ვადაში გამოეცა ადმინისტრაციული აქტი დ. დ-შვილზე დავალიანების გადასახდელად დარიცხვის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-შვილმა 2001 წელს მიმართა გორის რაიონის გამგეობას და ითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7 ჰა მიწის იჯარით გადაცემა, მაგრამ რადგან თავისუფალი მიწა არ აღმოჩნდა, ხელშეკრულება მიწის გამოყოფის შესახებ არ დადებულა. მოგვიანებით დ. დ-შვილის მოთხოვნა გორის რაიონის გამგეობის 2004 წლის 12 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა და შესაბამისად აღნიშნული დადგენილების საფუძველზე მოსარჩელესა და გორის რაიონის გამგეობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს შორის 2004 წლის 5 აპრილს 49 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო მიწის, საერთო ფართობით 7,05 ჰა-ს, იჯარით გადაცემის შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ დ. დ-შვილისათვის გაგზავნილი 2005 წლის 26 დეკემბრის ¹106 შეტყობინებაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად არ არის აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს _ გორის საგადასახადო ინსპექციის დისკრეციულ უფლებამოსილებას, ამიტომ აღნიშნულზე გორის საგადასახადო ინსპექციამ გონივრულ ვადაში უნდა გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი, რომლის შესაბამისად დ. დ-შვილს გადასახდელად დაერიცხება მიწის გადასახადი 2004 წლის 3 მაისიდან 4,5 ჰა მიწის ფართობზე, რაც გადაანგარიშებული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოები საანგარიშო წლის პირველი მარტისათვის წარუდგენენ საგადასახადო ორგანოებს გადამხდელთა სიებს მიწის ფართობისა და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით; გორის საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლის 26 თებერვლის ¹62, 2004 წლის 2 მარტის ¹78 და 2005 წლის 1 ივნისის ¹716 წერილების საფუძველზე წარდგენილი სიების მიხედვით დ. დ-შვილი ფლობს 7 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რის მიხედვითაც საგადასახადო ინსპექციამ დ. დ-შვილს დაარიცხა მოცემული მიწის გადასახადი. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად დაავალა გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) გაეანგარიშებინა მიწის ფართობზე საიჯარო ქირის გადასახადი და გონივრულ ვადაში გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რითაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-7 და 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ ამ მუხლების შესაბამისად სასამართლოს გაანგარიშება უნდა დაევალებინა არა საგადასახადო ორგანოსათვის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. დ-შვილს და გორის რაიონის გამგეობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს შორის 2004 წლის 3 მაისს 49 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო მიწის, საერთო ფართობით 7,05 ჰა-ს, იჯარით გადაცემის შესახებ გორის რაიონის გამგეობის 2004 წლის 12 მარტის ¹22 დადგენილების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია კანონიერად 2004 წლის 3 მაისიდან 4,5 ჰა მიწის ფართობზე საიჯარო ქირის გადახდის შესახებ დ. დ-შვილის საგადასახადო დავალიანების გადაანგარიშება, რომ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა ის გარემოება, ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საგანს მოცემული დავის გადაწყვეტის შემდეგ ისევ 7,05 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს და მასში ცვლილება არ შესულა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული დავის გადასაწყვეტად, რადგან საგადასახადო ვალდებულების საფუძველს სწორედ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული ფართის მიწის ნაკვეთით სარგებლობა წარმოადგენს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეში არ არის ჩართული მეიჯარე გორის რაიონის გამგეობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა; ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველსო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.