Facebook Twitter

ბს-96-91(კ-09) 30 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ხ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

2008 წლის 14 მაისს ხ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 7 თებერვლის ¹519 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და ხ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 7 თებერვლის ¹519 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 7 თებერვლის ¹519 ბრძანება ხ. კ-ას ნაწილში; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულებაზე, აღადგინოს მოსარჩელე სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულებაზე, თანამდებობიდან გათავისუფლების დროიდან სამსახურში აღდგენამდე დროის მიხედვით აუნაზღაუროს მოსარჩელეს იძულებითი განაცდური.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს თავადცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით ხ. კ-აც გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ხ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 7 თებერვლის ¹519 ბრძანება ხ. კ-ას ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა საქართელოს თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 7 თებერვლის ¹519 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ხ. კ-ას ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ხ. კ-ას საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხ. კ-ას წარმომადგენელ ნანა აფხაიძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 4 დეკემბერს (II ტ, ს.ფ. 54). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საკასაციო საჩივარი ხ. კ-ამ და მისმა წარმომადგენელმა ნ. ა-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარადგინეს 2009 წლის 6 იანვარს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა მათთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, 2009 წლის 5 იანვარს ამოიწურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ. კ-ამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც ხ. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ხ. კ-ას საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.