ბს-97-92(კ-09) 13 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს «...-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 18 ივნისს სს «...-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აპარატისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სს «...-ის» სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 1866056 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ეკვივალენტის გადახდის დაკისრება.
2004 წლის 15 ოქტომბერს სს «...-მა» თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში დააზუსტა და მიუთითა მეოთხე მოპასუხეზე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურზე.
2005 წლის 21 ივნისს სს «...-მა» თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის აპარატზე, ხოლო მესამე პირად _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2006 წლის 29 მაისს სს «...-მა» თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის სხდომაზე სს «...-მა» საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ 1866056 აშშ დოლარის, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯების _ 25000 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ეკვივალენტის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სს «...-ის» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დამატებით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 4500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «...-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სს «...-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს «...-ის» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 27 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; სს «...-ს» გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «...-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ამდენად, თუ კასატორს გადაევადება სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შესახებ საბოლოო განჩინების მიღებისას მას დაეკისრება საკასაციო საჩივარზე გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით სს «...-ს» გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის 30 პროცენტი _ 2400 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «...-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. სს «...-ს» დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის 30 პროცენტი _ 2400 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.