ბს-982-946(კ-08) 25 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «...» წარმომადგენლებმა ა. ბ-ძემ და ი. ყ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 07.04.06წ. ¹05/166 ბრძანების გაუქმება, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...».
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს «...» დააზუსტა მოთხოვნა და უკუდაბეგვრის წესით გადახდილი დღგ-ს თანხის, 550 431.38 ლარის დაბრუნების ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...». კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ» კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად, ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ. განსახილველ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია მხოლოდ უფლება, ხოლო მისი რეალიზების მექანიზმი, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი, განსაზღვრულია შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს «...» სადავო თანხის დასაბრუნებლად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 25.10.05წ. ¹1059 ბრძანებით დამტკიცებული ,,შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის შესახებ» ინსტრუქციის შესაბამისად მიმართა მოპასუხეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის, 70 პროცენტი, 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კომანდიტურ საზოგადოებას «...» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 5600 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.