ბს-987-951 (კ-08) 13 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ნინო გოგატიშვილის მდივნობით
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს «...»
მესამე პირი _ ს/ს «...»
მესამე პირი _ ო. რ-უა
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «...»-მა 13.03.2006 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც 06.02.2006 წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიჩნეულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ს/ს «...»-ის 06.08.2002 წ. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება _ ოქმი ¹5. რეგისტრატორის გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება შპს «...»-ის კუთვნილი ქონების, კერძოდ ... ¹26-ში და რკინიგზის სადგურ ლილოს მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების გადარეგისტრირება ს/ს «...@»-ის საკუთრებად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტიელბით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება _ ოქმი ¹5 ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ კრების მოწვევის და წარმართვის პროცედურული დარღვევების და არა მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის გამო. კრების ოქმის ბათილობას შედეგად უნდა მოჰყოლოდა პროცედურული წესების დაცვით კრების ხელახლა მოწვევა, განსახილველი საკითხების ხელახლა განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ გულისხმობს ქონების ავტომატურად დაბრუნებას სააქციო საზოგადოებისათვის. გარდა ამისა, სააქციო საზოგადოებასა და შპს «...»-ს შორის დაიდო შეთხმება, რომელიც კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი იყო ორივე მხარისათვის, შეთანხმების თანახმად, სააქციო საზოგადოებას დაუბრუნდა ქონების გარკვეული ნაწილი, ქონების ნაწილის კომპენსაცია კი დაფარულია სრულად.
მოსარჩელემ აღნიშნა აგრეთვე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში წარდგენილია ს/ს-ს ერთ-ერთი აქციონერის ო. რ-უას მიერ. გადაწყვეტილება არ ადასტურებს საკუთრების უფლებას მაშინ, როცა «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 36-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრატორს შეუძლია შეასწოროს სააღრიცხვო ბარათი ან რომელიმე დოკუმენტი პირის მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში. სასამართლო გადაწყვეტილება ო. რ-უას ასეთ უფლებას არ ანიჭებს, ო. რ-უა არ წარმოადგენს ს/ს-ს ქონების მესაკუთრეს, ქონება ს/ს-ს საკუთრებაა, ხოლო აქციონერი ფლობს და განკარგავს აქციას, მას აქვს მხოლოდ საზოგადოების დივიდენდის მოთხოვნის უფლება. ამდენად, ო. რ-ა არ არის უფლებამოსილი მოაწესრიგოს ს/ს-ს ქონებრივი საკითხი. «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის თანახმად საკუთრების გადასვლის რეგისტრაციისას რეგისტრატორი ეყრდნობა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ აქტებს. მოსარჩელე თვლის, რომ ო. რ-უა არ წარმოადგენს ზაკ-ის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ მხარეს. ამდენად, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო გავლენას ვერ მოახდენს მის კანონიერ ინტერესზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეგისტრატორის უკანონო გადაწყვეტილება და მის შესაბამისად განხორციელებული მოქმედება ფინანსური ზიანის მომტანი იქნება ორივე საზოგადოებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ო. რ-უა საქმეში ჩაბმული იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.1 მუხლის საფუძველზე, ხოლო ს/ს «...» საქმეში 16.2 მუხლის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2006 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...»-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.02.2006 წ. წერილი და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ დადგენილად სცნო ის გარემოება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს/ს «...»-ს 06.08.2002 წ. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება _ ოქმი ¹5. მოპასუხის 06.02.2006 წ. წერილით შპს «...»-ს ეცნობა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შესული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.02.2006 წ. წერილი მიჩნეულ იქნა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებამდე ზაკ-ის 95-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება დაინტერესებული მხარე _ შპს «...», ვინაიდან მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით შესაძლებელია გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხის მიერ დაირღვა ზაკ-ის 96-97-ე მუხლების მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის 601.1 მუხლისა და ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, აქტის ბათილობის საფუძვლად მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კერძოდ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, მოსმენილ უნდა იქნეს მათი ახსნა-განმარტებები, შეფასება უნდა მიეცეს შპს «...»-სა და ს/ს «...» შორის დადებულ შეთანხმებას, ცნობას კომპენსაციის შესახებ და სხვა დოკუმენტაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2006 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას არ უმსჯელია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ხასიათზე. აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-97-ე მუხლებზე, ვინაიდან საჯარო რეესტრმა მხოლოდ აცნობა დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 36-ე, 38-ე მუხლების მოთხოვნების შესახებ. აპელანტი ასევე სადავოდ ხდიდა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2008 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2006 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაეთანხმა მის სამართლებრივ შეფასებებს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, კერძოდ მოპასუხე _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის თაობაზე არ ჩაბარებია. მოპასუხე მხარეს ასევე არ ჩაბარებია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 16.08.2008 წ. მიღებული გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს სათანადოდ არ ყოფილა გამოკლვეული წერილის ადმინიტრაციულ აქტად მიჩნევის საფუძველი. სასამართლოს არ შეუსწავლია აგრეთვე სარეგისტრაციო სამსახურში არსებული სარეგისტრაციო მასალები, რაც შესაძლოა საფუძვლად დადებოდა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს გადაწყვეტილების აბსოლუტური გაუქმების საფუძველს, მათი არარსებობა გამოიწვევდა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.02.09წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ს/ს «...»-ს აქციონერთა 06.08.2002 წ. საერთო კრებაზე (ოქმი ¹5) მე-5 საკითხად განხილული იქნა აქციონერების წერილობითი განცხადება აქციების სანაცვლოდ ქონების ნატურით მიღების თაობაზე, იმავე პროფილის საწარმოს შექმნის მიზნით. საკითხის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით ს/ს-დან გამსვლელ აქციონერებს კუთვნილი აქციების ნაცვლად უნდა გადაცემოდათ ძირითადი საშუალებების ნაწილი. 13.08.2002 წ. მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებით ს/ს «...»-ის გენერალურმა დირექტორმა შპს «...»-ს გადასცა ს/ს-ს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების პასიური და აქტიური ნაწილი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს/ს «...»-ს 06.08.2002 წ. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება _ ოქმი ¹5. სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ს/ს «...»-ს აქციონერთა საერთო კრების ჩატარებისას დაირღვა კრების მოწვევის, კრების მოწვევის გამოცხადების, ასევე გადაწყვეტილების მიღების წესები, რამაც განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილება ს/ს «...»-ს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული.
დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.02.2006 წ. წერილით დაინტერესებულ პირებს «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 38-ე მუხლის თანახმად, ეცნობათ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული რეგისტრაციის გადაწყვეტილება და განემარტათ მისი გასაჩივრების წესი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, ხოლო 06.02.2006 წ. წერილი, ამავე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, თავისი შინაარსით არის დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად მას არ აქვს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი და სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად იგი მართებულად არის მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება განპირობებულია მისი გამოცემისას მატერიალური და პროცედურული ნორმების მოთხოვნათა დაცვით. საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაიცვას ზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მისი ჩატარების წესი. თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო ზაკ-ის 95-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება დაინტერესებული მხარე _ შპს «...». ამავე კოდექსის 96.1,97.1 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს და სხვ. საკასაციო სასასამართლო თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაირღვა ზემოთ აღნიშნული ნორმების მოთხოვნები, შესაბამისად სადავო აქტი გამოცემულია მისი მომზადების და გამოცემის წესის დარღვევით, რაც სზაკ-ის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 36.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი ითვალისწინებდა რეგისტრატორის უფლებამოსილებას საკუთრების დამადასტურებელი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეესწორებინა სააღრიცხვო ბარათი ან რომელიმე დოკუმენტი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 13.04.2005 წ. გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელ საპროცესო დოკუმენტს და იგი უპირობოდ არ წარმოშობს ს/ს «...»-ის საკუთრების უფლებას შპს «...»-ის საწესდებო კაპიტალში შეტანილ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს/ს-ის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება _ ოქმი ¹5, რომელიც შეეხებოდა გამსვლელი აქციონერებისათვის აქციების ნაცვლად ძირითადი საშუალებების ნაწილის გადაცემას. აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა იმ ქონების სახელობითი სია, რაშიც შემდგომში გამოიხატა ყოფილ აქციონერებზე კუთვნილი აქციების ნაცვლად გადასაცემი ძირითადი საშუალებები. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით აღდგა 2002 წლის 6 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა და შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი შეიძინა ს/ს-ს აქციონერებისადმი. ს/ს-ს კრების ოქმის ბათილად ცნობა იწვევს მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის გაუქმებას იმ შემთხვევაში უკეთუ შპს ,,...” საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო 06.08.02წ. კრების ოქმი, რაც არ არის საქმეზე დადგენილი. გარდა ამისა, კრების ოქმის ბათილად ცნობის გამო საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება არ იწვევს მანამდე არსებული რეგისტრაციის ავტომატურ აღდგენას. ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებით საკუთრების წარმოშობის ფაქტი დამოკიდებულია კერძო პირთა ნების გამოვლენასა და შემდგომი მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული ს/ს «...»-სა და შპს «...»-ს შორის მიღწეული შეთანხმებით და მის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით ს/ს «...»-ს დაუბრუნდა უძრავ-მოძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ქონების საკომპენსაციო თანხა შპს-ს მიერ 2005 წლის 27 დეკემბრისათვის იქნა დაფარული.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას ვალდებული იყო გაერკვია დაინტერესებულ პირთა წრე, მოეწვია ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად უნდა შეესწავლა და გაერკვია მხარეთა მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შედეგად ქონებაზე მხარეთა საკუთრების უფლება. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და დადგენის მიზნით, გამოეთხოვა დოკუმენტები და მიეღო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, რაზეც შემდგომში დაეფუძნებოდა რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
ზემოთ აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით, არ არის გამოკვლეული ისეთი არსებითი გარემოებები, რომლებსაც შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა მართებულია, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის განხორციელების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის-თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დასწრების გარეშე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 11.06.2008წ. სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ უწყება 30.05.08წ. ჩაბარდა. იმჟამად მოქმედი “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის თანახმად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, ისინი იერარქიულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება აქვს გამოვიდეს სისტემის ქვემდგომი ორგანოს ინტერესებშიც, 3.3 მუხლის მიხედვით სააგენტო უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით, ერთიანი სისტემის იერარქიულ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებს ერთი ინტერესი აქვთ, ამდენად საქმის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დასწრების გარეშე განხილვა არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, მით უფრო, რომ უკანასკნელს აღნიშნულის შესახებპრეტენზია არ განუცხადებია.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით მიუთითა მათზე და თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.