ბს-989-947(კ-09) 21 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-შვილმა 07.09.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხისათვის შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგული პროფესიული შრომის უნარის მიხედვით მიუღებელი ხელფასისა და პენსიას შორის სხვაობის 1997 წლის იანვრიდან 13156 ლარის გადახდის მოპასუხესათვის დაკისრება, აგრეთვე სსკ-ის 46-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.05წ. გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2005 წლის 12 სექტემბრიდან, თვეში 143.06 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. კ-შვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ა. კ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ, 1997 წლის იანვრიდან ზიანის – 14 157 ლარისა და მომვლელის ხარჯის - 11880 ლარის, სულ - 26037 ლარის, ასევე ყოველთვიურად, ზიანის - 143 ლარისა და მომვლელის ხარჯის - 120 ლარის ანაზღაურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.06წ. განჩინებით ა. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.10.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.05.07წ. გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილმა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.07წ. განჩინებით, სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – სსიპ – «სოციალური სუბსიდიების სააგენტოთი». თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.07წ. განჩინებით ა. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.05წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.09.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.10.08წ. განჩინებით ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.07წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.07წ. გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» ა. კ-შვილის სასარგებლოდ საწარმოო ტრავმით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 2002 წლის 11 აგვისტოდან 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში 6521 ლარის და 27 თეთრის ოდენობით, ხოლო ერთჯერადი კომპენსაციის სახით 612 ლარის ოდენობით დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი», რომელიც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 06.02.07წ. ¹93 ბრძანებულებით, აწესრიგებდა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს. წესის 421 მუხლის თანახმად, 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავდათ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფდა სსიპ - სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მარნეულის რაიონის სოფ. ... მერძევეობა-მებოსტნეობის მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო ა. კ-შვილი, წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს, რომელიც ლიკვიდირებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 11.08.96წ. ¹500 ბრძანებულების საფუძველზე. შესაბამისად, მართებულია საწარმოო ტრავმით დაზარალებული პირის, ა. კ-შვილის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სსიპ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დაკისრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3 მუხლით სსიპ – «სოციალური სუბსიდიების სააგენტოს» დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – «საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდში» რეგისტრირებულ, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი” არ განსაზღვრავს, რომ ვალდებულების დამდგენი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ სსიპ – «სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის» მიმართ. განსახილველ შემთხვევაში ა. კ-შვილის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე აღიარებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დადგენილია ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონული სახალხო სასამართლოს 06.02.1980წ. გადაწყვეტილებით, რის გამოც იგი უდავო მოთხოვნად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.