Facebook Twitter

ბს-9-9(კ-09) 6 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

26.01.06წ. ზ. დ-ძემ მცხეთის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.04.06წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა სოფელ დიღმის საკრებულო. ამავე სასამართლოს 10.01.07წ. განჩინებით მცხეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში სათანადო მოპასუხედ მოწვეული იქნა ქ. თბილისის მერია.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.08წ. განჩინებით ზ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.08წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-ძემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა. კასატორმა მიუთითა, რომ ვრცელ საკასაციო საჩივარს წარმოადგენდა დამატებით, რაც შემდგომში აღარ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა რომ დამატებით წარმოადგენდა ვრცელ საკასაციო საჩივარს, თუმცა დამატებითი დასაბუთებული საკასაციო საჩივრით კასატორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს.P საკასაციო სასამართლოში კასატორმა არ წარმოადგინა ასევე მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ, რისი უფლებაც მას მიეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.02.09წ. განჩინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. P

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორ ზ. დ-ძის წარმომადგენელ მ. პ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70 პროცენტი, 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. პ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.