Facebook Twitter

¹ბს-1000-958(კს-09) 24 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს «...»

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» 2008 წლის 4 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 11 ნოემბრის ¹2538 ბრძანების და 2008 წლის 13 ნოემბრის ¹16-16/9809 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს შპს «...» უარი ეთქვა მოპასუხის- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 11 ნოემბრის ¹2538 ბრძანების, აგრეთვე 2008 წლის 13 ნოემბრის ¹16-16/9809 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩIნებით შპს «...»-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...».

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ შპს «...» თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა არა 16 აპრილს, არამედ იმავე წლის 26 აპრილს და შესაბამისად არ დაურღვევია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა, როდესაც სააპელაციო საჩIვარი წარადგინა 2009 წლის 6 მაისს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასმართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს «...» თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 16 აპრილს, რასაც ადასტურდებს იმავე გზავნილზე შპს «...» ბეჭედი და კანცელარიის მენეჯერის ხელმოწერა (ს.ფ. 94), სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2009 წლის 6 მაისს (ს.ფ. 96).

მართალია, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას გზავნილი ჩაბარდა 2009 წლის 26 აპრილს, მაგრამ აღნიშნულის დასადასტურებლად და საქმეში დაცული დასტურის უარსაყოფად ვერ წარმოადგენს ვერანაირ მტკიცებულებას, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს კერძო საჩივრის მოტივაციის გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. Aმ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და გასაჩივრების ვადების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული და შესაბამისად არ არსებობს კერძოO საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე, 369-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.