ბს-10-10(კს-09) 12 მარტი, 2009წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ხ. ჯ.
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ. თბილისის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 4 სექტემბერს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე ხ. ჯ.-მ მოპასუხე მ. ზ.-ის მიმართ და მოითხოვა მ. ზ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება თბილისში ...ის დასახლება ¹..., ბინა 32-დან.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ზ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხ. ჯ.-ას სახელზე 1998 წლის 20 ივლისს გაცემული ¹018090 სამომსახურეო ორდერი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 14 მაისის განჩინებით ხ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2003 წლის 12 ნოემბერს საქართევლოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ხ. ჯ.-სა და მ. ზ.-ის მიმართ სადავო ბინის ორდერის ბათილად ცნობის, მ. ზ.-ის თანმხლებ პირებთან ერთად დაუყოვნებლივ გამოსახლებისა და სადავო ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 20 ივლისს ხ. ჯ.-ზე გაცემული საცხოვრებელი ბინის ორდერი ¹018090; მ. ზ.-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა საცხოვრებელი სახლიდან მდებარე ქ. თბილისში, ...-ის დასახლება-1, კორპ. ..., ბინა 32-დან, რომლის მესაკუთრეა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ხ. ჯ.-ას სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ.თბილისის მერია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით მესამე პირი ქ. თბილისის მერია საქმეში ჩაება მოპასუხედ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ხ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მ იერ ხ. ჯ.-ე ქ.თბილისში, ...-ის დასახლება ¹1, სახლი ¹..., ბინა¹32-ზე გაცემული ¹018090 სამომსახურეო ორდერი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამართლის 2008 წლის 30 ივლისის განჩინებით ხ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე, წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ხ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ჯ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივურებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემომების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ.-ს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი ესაა საქართველოს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გადაცემისათვის. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები-ყველა სარჩელზე.
საქმეში არსებული საქართველოს სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით (ტომი 1, ს.ფ. 3) დასტურდება, რომ ხ. ჯ.-ა ღებულობს მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიას, რაც იმის დასტურია, რომ ხ. ჯ.-ა არის II ჯგუფის ინვალიდი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირები, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული ჯგუფის ინვალიდებს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად არ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ. ჯ.-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ჯ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინება და ხ. ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.