ბს-563-534(კ-09) 29 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ მ. გ-ძე, წარმომადგენელი – დ. დ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი – გ. კ-ძე
გასაჩივრებული გადაწყეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 12 ნოემბერს მ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ვ. გ-უას მიერ 2007 წლის 26 ოქტომბერს მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი ¹00000307 დადგენილების ბათილად ცნობა მ. გ-ძის 13 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მ. გ-ძის მიერ განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე დამხმარე ფართის მიშენება პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან ბინა შეიძინა 2007 წლის 4 ივნისს, ხოლო მიშენება განხორციელდა 2007 წლს 22 მაისამდე, რაც დასტურდება საჩივარზე დართული 2007 წლის 11 ივნისის დადგენილებით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას არ ჩაბარებია მიწერილობა, ხოლო შემოწმების აქტის ჩაბარების ფაქტი თვით დადგენილებაშიც არ არის აღნიშნული.
მ. გ-ძის განმარტებით, მას არ ჩაუდენია ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 5.2 მუხლის ,,ბ” პუნქტითა და 5.8 მუხლის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევები და მას არ განუხორციელებია დამხმარე ფართის მიშენება საცხოვრებელ სახლზე პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიშენების გამოვლენიდან, ანუ 2007 წლის 22 მაისიდან გასაჩივრებული დადგენილების გამოტანამდე გასული იყო ორ თვეზე მეტი, რის გამოც აღარ შეიძლებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად.
გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებდა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი”, ,,კ” და ,,ჟ” პუნქტებით გათვალისწინებულ დარღვევებზე, რაც მოსარჩელის აზრით, ეხება მშენებლობის პროცესს და არა დამთავრებულ ობიექტს, გარდა ,,კ.ი” პუნქტისა, რომელიც დარღვევად მიიჩნევს იმ ავარიული შენობა_ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობას, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს იმით, რომ გათვალისწინებული არ არის ფაქტობრივი და მოსალოდნელი შედეგები, სანქციები გატარებულია იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის დამრღვევი, დადგენილი არ არის მიშენების ავარიულობა და აქედან გამომდინარე, არ არსებობდა მიწერილობის გაცემის საფუძველი. დადგენილება ეწინააღმდეგება აგრეთვე 4.1 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-11 ნაწილებს, მე-5 მუხლის პირველ ნაწილს, მე-52 მუხლის ,,ბ” პუნქტისა და 5.8 მუხლის ,,ბ” პუნქტის მოთხოვნებს იმით, რომ მიწერილობა არ გაცემულა, არ შემდგარა შემოწმების აქტი, მიწერილობაში და შემოწმების აქტში არ არის მითითებული ის ობიექტი, ან ის თვალსაჩინო ადგილი, სადაც განათავსეს ისინი. დაჯარიმება შეიძლება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის არქიტექტურულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევად მიჩნეულია ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე და მისი განხორციელება უპროექტოდ. ამავე მუხლის კ.ზ პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევად მიჩნეულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დამრღვევი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმდება როგორც მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლად გაიცა მიწერილობა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 4.1 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებს განიხილავენ მათი ხასიათის და სახეობის ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებენ გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე. ამავე კანონის 4.1 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, მე-5.2 მუხლის ,,ბ” პუნქტითა და მე-5.8 მუხლის ,,ბ” პუნქტით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მიწერილობის გაცემით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. გ-ძე ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹51ა-ში მდებარე ¹76 ბინაში სათანადო მშენებლობის ნებართვისა და პროექტის გარეშე აწარმოებდა დამხმარე ფართის მიშენებას. აღნიშნული მიშენებით დარღვეულ იქნა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევად მიჩნეულია ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე და მისი განხორციელება უპროექტოდ. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ უნებართვოდ მშენებლობასთან მიმართებაში დაიწყო საქმის წარმოება და მიღებულ იქნა 2007 წლის 10 სექტემბრის მიწერილობა ¹00000307, რომელშიც აისახა დარღვევის სახე, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, მიწერილობით დამრღვევს განესაზღვრა დარღვევის გამოსწორების ვადა და განემარტა დარღვევის გამოუსწორებლობის და მიწერილობის შეუსრულებლობის შედეგი, რომლის შეუსრულებლობა დამრღვევის მიერ გამოიწვევდა დაჯარიმებას 5.2 მუხლის ,,ბ” პუნქტით 10 000 ლარის ოდენობით, მიწერილობით დამრღვევს განემარტა ასევე, რომ მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შედგებოდა შემოწმების აქტი ამავე კანონის 4.1 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველზე ზედამხედველობის სამსახური მიიღებდა დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების სხვა სანქციების გატარების შესახებ. მიწერილობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდებოდა მიწერილობის ჩაბარება, დამრღვევისათვის ჩაბარებად ჩაითვლებოდა, მიწერილობის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
საქალაქო სასამართლოს მიუთითებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 5 ოქტომბრის მიწერილობის შეუსრულებლობისათვის დამრღვევის მ. გ-ძის მიმართ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი ¹00000307, რომლის თანახმად, მ. გ-ძემ ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹51ა-ში მდებარე ¹76 ბინაში მიშენებული აივნის წინა მხარეს ამოშენებული კაპიტალური კედელი შეცვალა რკინის მოაჯირით, მის მიერ არ განხორციელებულა უნებართვოდ მიშენებული აივნის დემონტაჟი. შემოწმების აქტის შედგენისას დადგინდა, რომ მიშენება დასრულებულია და მიმდინარეობს შიდასარემონტო სამუშაოები.
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 4.1 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტით დაფიქსირდა დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე, ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მ. გ-ძის მიერ არ შესრულდა მიწერილობა და შემოწმების აქტში კვლავ აისახა დარღვევა, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 26 ოქტომბერს მიღებულ იქნა დადგენილება დამრღვევის მ. გ-ძის მიმართ დაჯარიმების თაობაზე როგორც მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, ასევე ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 5.2 მუხლის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯარიმდებიან არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები, რომლებიც ითვლებიან დამკვეთებად, ან რომელთაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქცია. ამავე კანონის მეორე მუხლის თანახმად, ტერმინი ,,დამკვეთი” განიმარტება როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოებს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ როგორც საქმეს დართული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტის ან გეგმა ნახაზიდან ირკვევა, ტექნიკური პასპორტი და გეგმა ნახაზი შესრულებულია მ. გ-ძის დაკვეთით შპს ,,...” მიერ მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქუჩა ¹51 ა ბინა ¹76.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მიწერილობა და შემოწმების აქტი არ განთავსებულა თვალსაჩინო ადგილას და ბინის კარები და მშენებარე ობიექტის ფასადი არ წარმოადგენს საინფორმაციო დაფას, არც სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებულ და არც მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობეს.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ ... ქუჩა ¹51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მრავალსართულიანია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდამრღვევის მ. გ-ძის ბინის კარები, სადაც განთავსებული იქნა მიწერილობა და შემოწმების აქტი, ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადად, თვალსაჩინო ადგილად, რადგან მოსარჩელის მიერ ხორციელდებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ¹76 ბინაზე აივანზე მიშენება, რომელიც მისი გაბარიტებიდან გამომდინარე არ საჭიროებდა საინფორმაციო დაფას, არც სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებულ შენობას, ასევე აივნის მიშენებას არ ექნებოდა მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე მიწერილობისა და შემოწმების აქტის განთავსებისათვის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. გ-ძის ბინა მდებარეობს ... ქუჩა ¹51ა-ში ბოლო სართულზე და ვინაიდან აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მრავალსართულიანია, დადგენილების თანახმად, მიწერილობისა და შემოწმების აქტი განთავსდა დამრღვევის _ მ. გ-ძის საცხოვრებელი ბინის კარებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ მშენებლობის დასრულებიდან გასულია ორ თვიანი ვადა და დაუშვებელია, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია. სასამართლო მიუთითებდა, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი სპეციალური კანონია, რომელიც ადგენს პასუხიმგებლობას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ვერ გავრცელდება. ის გარემოება, რომ 10 000 ლარიანი ჯარიმის შემოღებამდეა აშენებული ობიექტი, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4282 კანონის მე-5 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ამავე კანონის 5.8 მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროული შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა 2007 წლის ივნისის მდგომარეობით, რის გამოც დამრღვევის მიმართ 2007 წლის სექტემბერში და ოქტომბრის თვეებში შედგენილია მიწერილობა, შემოწმების აქტი და დადგენილება დამრღვევის მიმართ დაჯარიმების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილების, მ. გ-ძის 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, შეცვლილ იქნა და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილების, მ. გ-ძის 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილების, მ. გ-ძის 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ამავე კოდექსის 385.2 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად და თვითონვე გადაწყვიტოს იგი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹00000041 დადგენილებით შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება გოგი ჩხაიძის მიმართ, ვინაიდან მშენებლობა განხორციელებული იყო არა ... ქ. ¹51 ბ 77-ში, არამედ ბ 76-ში. ფაქტიურად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართალდარღვევა პირველად აღმოაჩინა ხსენებულ მისამართზე 2007 წლის 22 მაისს, როდესაც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2007 წლის 22 მაისს ¹00000041 დადგენილებით ნაცვლად მ. გ-ძისა შეცდომით მიმართა გიორგი ჩხაიძეს სამართალდარღვევის 20 დღის ვადაში გამოსწორების მოთხოვნით. აღნიშნული მიწერილობით დგინდება, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის 22 მაისისათვის ... ქ. ¹51 ბ ¹76-ში უკანონო მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სინამდვილეს არ შეესაბამება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიწერილობა ¹00000307, რომლის მიხედვითაც მიშენება აღნიშნული დროისათვის ჯერ კიდევ არ ოყო დასრულებული, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, იმავე ადმინისტრაციული ორგანოს უფრო ადრინდელი 2007 წლის 22 მაისს ¹00000041 მიწერილობით უკანონო მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 22 მაისს ხსენებული ბინა ჯერ კიდევ მ. გ-ძის საკუთრებას არ წარმოადგენდა, მან იგი შეიძინა 2007 წლის 4 ივნისს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2007 წლის 30 ოქტომბრის არქიტექტორულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილებით, მ. გ-ძე 10 000 ლარით არ უნდა დაეჯარიმებინა, რადგან კონკრეტულად მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საცხოვრებელ სახლზე დამხმარე ფართის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე მიშენებას და შესაბამისად ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 5.2 მუხლის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601..1 მუხლის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის მიხედვით, მ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილების, მ. გ-ძის 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ძემ არ შეასრულა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹00000307 მიწერილობა, დარღვევის 20 დღის ვადაში გამოსწორების შესახებ, რაც დასტურდება ამავე სამსახურის 2007 წლის 5 ოქტომბრის შემოწმების ¹00000307 აქტით. ამ დროისათვის მ. გ-ძე უკვე იყო ბინის მესაკუთრე და მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ უშუალოდ მისი დაკვეთით მოხდა უკანონო მიშენება, იგი, როგორც ბინის მესაკუთრე ვალდებული იყო დაეცვა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითებები და უნდა მოენგრია უკანონო მიშენება და იგი პირვანდელ მდგომარეობაში მოეყვანა. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის ყურადღებით გაცნობის შემთხვევაში, მ. გ-ძეს შეეძლო დაედგინა, რომ მიშენება უკანონო იყო და შესაბამისად გასაყიდი ნივთი _ ნაკლული. მას ასევე შეეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაციის დამალვისა (ცხადია, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი) და ნაკლული ნივთის მისთვის მიყიდვის გამო, გამყიდველისგან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, შესაბამისად, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-58 მუხლის ,,ბ” პუნქტის მიხედვით, მიწერილობის შეუსრულებლობის გამო, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის არქიტექტორულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ¹00000307 დადგენილებით, მ. გ-ძე მართებულად დაჯარიმდა 3000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 3000 ლარით დაჯარიმების ნაწილში სააპელაციო საჩივარი სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩვრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ: ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი”, ,,კ” და ,,ჟ” პუნქტები, რომლებითაც გათვალისწინებული დარღვევები არ მოიცავენ გასაჩივრებული დადგენილების ავტორის მიერ მითითებულ დარღვევას, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით გათვალისწინებული დარღვევები ეხება მშენებლობის პროცესს და არა მშენებლობით დამთავრებულ ობიექტს, გარდა ,,კ.ი” პუნქტისა, რომელიც დარღვევად მიიჩნევს იმ ავარიული შენობა_ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობას, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. კასატორის მოსაზრებით, თუ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ასეთი დარღვევა აქვს მხედველობაში, გაუგებარია, ვინ და როგორ დაადგინა ავარიულობის ხარისხი.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელშიდაც მითითებულია, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ამოცანებია: ა) მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ბ) კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ე.ი. ამოცანების სფეროს არ განეკუთვნება დამთავრებული, ან უკვე აშენებული ობიექტი, ხოლო იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი, რომელთა მოთხოვნებსაც ეწინააღმდეგება გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმით, რომ გათვალისწინებული არ არის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგები, სანქციები გატარებულია იმ პირის მიმართ, ვინც არ არის დამრღვევი, დადგენილი არ არის მიშენების ავარიულობა და მაინც გაიცა მიწერილობა დიდი ხნის დამთავრებულ ობიექტზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოეყენებინა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-8 და მე-11 ნაწილები, მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, მე-52 მუხლის ,,ბ” პუნქტი და მე-58 მუხლის ,,ბ” პუნქტი, რომლებითაც წესრიგდება სადაო ურთიერთობა, ვინაიდან მიწერილობა არ გაცემულა, არ შემდგარა შემოწმების აქტი, არ მიუთითეს წინასწარ, თუ რას მოითხოვდნენ და ისე დააჯარიმეს ვითომდა დამრღვევი, დადგენილება დაუსაბუთებელია, მიწერილობაში და შემოწმების აქტში არ არის მითითებული ობიექტის ის თვალსაჩინო ადგილი, სადაც განთავსდა მიწერილობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹00000041 დადგენილებით შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება გ. ჩ-ძის მიმართ იმ მოტივით, რომ უკანონო მშენებლობა განხორციელებული იყო არა ... ქ. 51-ში მდებარე ბინა 77-ზე, არამედ ბინა ¹76-ზე, რომელიც წარმოადგენდა კასატორის მ. გ-ძის საკუთრებას. შესაბამისად, დადგინდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 22 მაისს ¹00000044 მიწერილობის შედგენა მ. გ-ძის ნაცვლად შეცდომით მოხდა გ. ჩ-ძეზე, რამაც განაპირობა მითითებული მიწერილობის გაუქმება. ამდენად, უდავოა, რომ 2007 წლის 22 მაისისათვის ბინა ¹76-ზე უკანონო მშენებლობა იყო დასრულებული.
დადგენილია, რომ მ. გ-ძემ ... ქ. ¹51-ში მდებარე ბინა ¹76 შეიძინა 2007 წლის 04 ივნისს.
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 52 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება ან/და ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარდა ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა იწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
სადავო აქტის გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ქ. თბილისის მერის 02.09.2005წ. ¹62 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის” დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სამსახური, უთითებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. ზემოთაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სამართალდარღვევის გამოვლენისა და სანქციის შეფარდებისას, ვალდებული იყო, გამოეკვლია უკანონო მშენებლობა წარმოებული იყო თუ არა მ. გ-ძის მიერ, წარმოადგენდა თუ არა ის ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენ პირს და რამდენად დაიშვებოდა მის მიმართ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის გამოყენება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მითითება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹00000307 დადგენილების მ. გ-ძის 10 000 ლარით დაჯარიმების უკანონობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
რაც შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ-ძის მოთხოვნა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹00000307 დადგენილების, მიწერილობის შეუსრულებლობისათვის 3 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს კანონიერად და თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმების თაობაზე არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას მ. გ-ძის 3 000 ლარით დაჯარიმების კანონიერების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს: ის, რომ მ. გ-ძე წარმოადგენდა უკანონოდ მიშენებული ობიექტის ახალ მესაკუთრეს, და უშუალოდ მას ბრალი არ მიუძღვის მშენებლობაში, აღნიშნული არ ცვლის ობიექტის სამართლებრივ სტატუსს და უკანონო ობიექტს ვერ აქცევს კანონიერად. ასეთ პირობებში კასატორი, როგორც ამ ობიექტის მესაკუთრე, ვალდებული იყო დაეცვა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითება და უკანონო მიშენების მონგრევის გზით მოეხდინა ობიექტის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა ობიექტის ლეგალიზაციის ფაქტს და უდავოდ მიიჩნევს, რომ კასატორი ამ ეტაპზე გათავისუფლებულია ობიექტის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანის ვალდებულებისაგან და არ ექვემდებარება შემდგომ დაჯარიმებას, იმავდროულად თვლის, რომ ობიექტის ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ბევრად უფრო გვიან, ვიდრე სადავო დადგენილება, რაც თავისთავად ამ უკანასკნელს ვერ აქცევს კანონშეუსაბამოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი, გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.