Facebook Twitter

¹ბს-1014-972(კს-09) 16 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ხ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.06.09წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ხ-შვილმა 12.03.09წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის 16.12.08წ. ¹07/129კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.09წ. გადაწყვეტილებით რ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რ. ხ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის 16.12.08წ. ¹07/129კ ბრძანება, რ. ხ-შვილი აღდგენილ იქნა იმავე თანამდებობაზე და სატყეო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.09წ. განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 369-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით უნდა გაასაჩივრონ კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, აღნიშნული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.09წ. გადაწყვეტილების ასლის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტისთვის 19.05.09წ. ჩაბარება დადასტურებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ბეჭდით. სატყეო დეპარტამენტისთვის ვადის დენა დაიწყო 20.05.09წ.-დან და დამთავრდა 02.06.09წ. 24 საათზე. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი 03.06.09წ. შეიტანა. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სატყეო დეპარტამენტის მიერ დარღვეული იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტმა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.09წ. გადაწყვეტილების ასლი 19.05.09წ. ჩაბარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და არა სატყეო დეპარტამენტს. სატყეო დეპარტამენტი წარმოადგენს აღნიშნული სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც სამინისტროსგან დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო ფუნქციებს. სატყეო დეპარტამენტს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.09წ. გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 20.05.09წ., გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 21.05.09წ. და მთავრდებოდა 04.06.09წ. 24 საათზე. შესაბამისად, მათი სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.09წ. გადაწყვეტილების ასლი 18.05.09წ. გაეგზავნა და 19.05.09წ. ჩაბარდა არა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტს, არამედ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს(I ტ. ს.ფ 155), რომელიც განსახილველ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამნეტის მიმართ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეგზავნა სამინისტროს მიერ და დეპარტამენტის კანცელარიას ჩაბარდა 20.05.09წ. (II ტ. ს.ფ 20).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სატყეო დეპარტამენტი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 30.01.07წ. ¹76 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის დებულების თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში. სსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.09წ. გადაწყვეტილების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კანცელარიისათვის ჩაბარება ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისთვის ჩაბარებად ვერ ჩაითვლება. დეპარტამენტის კანცელარიას გზავნილი მხოლოდ 20.05.09წ. გადაეცა. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპარტემენტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 21.05.09წ. და სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 03.06.09წ., საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.09წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.09წ. განჩინება;

2. საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.