Facebook Twitter

ბს-101-96(კს-09) 17 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ვ. გ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 23 ივლისს ვ. გ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსთვის ვ. გ.-ს სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების – 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურება 2147,44 ლარის ოდენობით, ნაცვლად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი 1365,31 ლარისა შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. გ.-ს სარჩელი და მოპასუხეს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის 504,4 ლარის, ასევე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 4 თვის ხელფასის 1365,31 ლარის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მიერ სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის _ 504,4 ლარისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 1365,31 ლარის ანაზღაურება, რაც უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ცნობას, რომლის თანახმად, ვ. გ.-ს ხელფასი გათავისუფლების დროისათვის შეადგენდა 341,33 ლარს, მათ შორის ძირითადი ხელფასი _ 330 ლარი, წოდების თანხა – 11,33 ლარი.

განმცხადებლის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ვ. გ.-მ ეჭვი შეიტანა ცნობის სისწორეში, რომელიც მოპასუხემ წარადგინა სასამართლოში და გამოითხოვა ინფორმაცია თბილისის მთავარი სამმართველოს საფინანსო განყოფილებიდან. 2007 წლის 30 მაისის ¹27/816-გ/4 მომართვის თანახმად, 2005 წლის ივნისში ვ. გ.-ს ძირითადი ხელფასი შეადგენდა 330 ლარს, წოდება – 11,33 ლარს, წელთა ნამსახურება 136,53 ლარს, ულუფა 59 ლარს, სულ 536,86 ლარს (იხ. ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ვ. გ.-ს განცხადება განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 19-20).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ვ. გ.-ს განცხადება დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 და 423.2, 429-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ¹27/816-გ/4 ცნობაზე, რომლის შინაარსიც ვ. გ.-მ იცოდა 2007 წლის 30 მაისს. განცხადება კი შეიტანა 2008 წლის 23 ივლისს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილად, რადგან ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულება, რომელიც გამოვლინდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვ. გ.-მ კი ¹27/816-გ/4 ცნობის შესახებ შეიტყო საქმის განხილვის სტადიაზე (იხ. ს.ფ. 25-28).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ.-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ¹27/816-გ/4 ცნობის შესახებ ვ. გ.-მ შეიტყო საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რის გამოც 2007 წლის 6 ივნისს მიმართა განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს და სსსკ-ის 423-ე, 424-ე, 426-ე და 427-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, რაც დაუშვებლად მიიჩნია საქალაქო სასამართლომ.

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის შესახებ, რადგან საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც ფოსტის მეშვეობით ვ. გ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 18 ივლისს, ხოლო განცხადება შეიტანა 2008 წლის 23 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით (იხ. ს.ფ. 32-42).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. გ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების გაუქმებას და დასრულებული საქმის წარმოების განახლებას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვ. გ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არსებითად სწორად მიიჩნია დაუშვებლად, რადგან სახეზე არ იყო სსსკ-ის 423.3 და 429-ე მუხლებით განსაზღვრული განცხადების დასაშვებობის წინაპირობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილების უფროსის 2007 წლის 30 მაისის ¹27/816-გ/4 მიმართვის შესახებ ვ. გ.-თვის ცნობილი გახდა 2007 წლის 30 მაისიდან 6 ივნისამდე პერიოდში, როდესაც სამართალწარმოება არ იყო დასრულებული. ამდენად, დადგენილია, რომ ვ. გ.-თვის ახალი გარემოების შესახებ ცნობილი არ გამხდარა საქმის წარმოების დასრულებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წარდგენის წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ახალი გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იყო, ხოლო სსსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გაზრდა დაუშვებელია, რადგან საქმის წარმოება გულისხმობს ერთიან პროცესს და მასში მოიაზრება სამართალწარმოება როგორც პირველი, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. ამასთან, ცნობა, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას, წარდგენილი იყო საქალაქო სასამართლოში და ვ. გ.-ს შესაძლებლობა ჰქონდა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სცოდნოდა მის შესახებ, მით უფრო, რომ საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის სხდომაზე წარადგინა მოპასუხემ აღნიშნული მტკიცებულება, იგი გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ვ. გ.-ა და მისი წარმომადგენელი (იხ. ს.ფ. 22-24; ტ.I).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას განცხადების დაუშვებლობის შესახებ. ასევე სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია განმცხადებლის მიერ მითითებული ცნობა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან იგი წარმოადგენს ახალი სარჩელის საგანს და არა დასრულებული საქმის წარმოების განახლებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად საქმის გადასინჯვის წინაპირობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, სახეზე არ არის სსსკ-ის 423.3 მუხლით გათვალისწინებული განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობა, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.