ბს-1019-977 (კს-09) 16 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ა-ძის წარმომადგენლის ა. გ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ა-ძემ 04.09.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, ნოტარიუს ე. შ-შვილის და ნოტარიუს ნ. მ-იას მიმართ, რომლითაც ნოტარიუს ე. შ-შვილის მიერ 04.08.93წ. დამოწმებული პრივატიზების ხელშეკრულების და ნოტარიუს ნ. მ-იას მიერ 06.08.93წ. დამოწმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.06წ. განჩინებით ლ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს ნ. მ-იას მიმართ, 06.08.93წ. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა 04.08.93წ. პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში 12.10.06წ. განჩინებით მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საბოლოოდ მხარეთა სტატუსი განსაზღვრული იქნა შემდეგნაირად: მოპასუხე _ ძველი თბილისის რაიონის გამგეობა, მესამე პირები _ ნოტარიუსი ე. შ-შვილი და თ. მ. ზ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.08წ. გადაწყვეტილებით ლ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 04.08.93 წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნოტარიუსმა ე. შ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნოტარიუსმა ე. შ-შვილმა, რომელმაც სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის მიერ დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით აღნიშნული საქმის და მასზე თანდართული კრწანისის რაიონის სასამართლოს ¹2/120-93 საქმის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინებით წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასრულებამდე.
ლ. ა-ძის წარმომადგენელმა ა. გ-იამ 29.06.09წ. კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც კალიგრაფიული ექსპერტიზის დასრულებამდე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ 29.05.09წ. მიღებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ არის დასაბუთებული, კერძოდ არ არის მითითებული თუ რა არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას საქმის გადაწყვეტისათვის. დოკუმენტები, რომელთა გამოსაკვლევადაც დანიშნულ იქნა კალიგრაფიული ექსპერტიზა არ ეხება დავის საგანს. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ დარღვეულ იქნა აგრეთვე სსსკ-ის 163-ე მუხლის მოთხოვნა, სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ამასთან, სსსკ-ის 280-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება შეუძლებელია, ვინაიდან სასამართლოს ექსპერტიზა არ დაუნიშნავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტ ე. შ-შვილის წარმომადეგნლის თ. ე-ძის მიერ სასამართლოს წინაშე დაისვა შუამდგომლობა მისი განცხადების საფუძველზე სსიპ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის საექსპერტო ბიუროში გადაგზავნის შესახებ. სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება მიიღო მხარის მიერ დაყენებული საქმის მასალების ექსპერტიზისათვის გადაგზავნის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე ისე, რომ საქმის მასალების ექსპერტიზისათვის გადაგზავნის საკითხზე არ უმსჯელია და არც ექსპერტიზა დაუნიშნავს, მიუხედავად ამისა შეჩერების საფუძვლად სასამართლომ სსსკ-ის 280-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი მიუთითა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს უფლებას მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს საქმის წარმოება სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მხარის მიმართვის საფუძველზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შეეჩერებია საქმის წარმოება, მას უნდა ემსჯელა შუამდგომლობაში დასმულ საკითხზე, კერძოდ საქმის მასალების საექსპერტო ბიუროსათვის გადაგზავნაზე. ამასთანავე, სადავო განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით და მხარეებს განუსაზღვრა განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის უფლება. სსსკ-ის 282-ე მუხლი ითვალისწინებს შეჩერების განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის (სსკ-ის 280-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი) შემთხვევის გარდა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ საქმე შეაჩერა ექსპერიზის დანიშვნის გარეშე, საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის და განხილვის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. შ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობას თან ერთვის ხელშეკრულება ¹1/1570 სასამართლო-საექსპერტო მომსახურების შესახებ და სსიპ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.05.09 წ. ¹19-1795 წერილი თ. ე-ძის მიმართ ექსპერტისათვის დამატებითი მასალების წარდგენის შესახებ. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს შუამდგომლობაში მოყვანილ გარემოებას იმის შესახებ, რომ მხარემ თავისი ინიციატივით გამოიყენა საპროცესო შესაძლებლობა სასამართლოსგან დამოუკიდებლად მოეპოვებია ექსპერტიზის დასკვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს მხარის ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის (ალტერნატიული ექსპერტიზა) ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ განსახორციელებელ პროცედურულ ნორმებს, მაგრამ მხარეებს ანიჭებს უფლებას სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნა წარუდგინონ სასამართლოს. სსსკ-ის 162.4 მუხლის თანახმად, მხარის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. სასამართლოს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასრულებამდე შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია ექსპერტიზის ჩატარება, მას შეუძლია, საქმის წარმოების შეჩერების გარეშე, განსაზღვროს ვადა ექსპერტიზის დასკვნის წარმოსადგენად.
საქმის წარმოების შეჩერება განსხვავდება საქმის განხილვის გადადებისაგან: საქმის განხილვის გადადება – ესაა სხვა დროისთვის დანიშნულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის გადატანა, ხოლო საქმის წარმოების შეჩერება – არის საპროცესო მოქმედებათა შეწყვეტა საქმის განხილვის სტადიაზე, რაც გამოწვეულია ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომელთა მიმართ შეუძლებებლია იმის წინასწარ ზუსტად გარკვევა, თუ როდის შეწყვეტენ ისინი არსებობას. საქმის განხილვის გადადება უნდა მოხდეს გარკვეული ვადით, ხოლო საქმის წარმოების შეჩერება შეიძლება მოხდეს კანონით გათვალისწინებული პირობების (მოვლენის) დადგომამდე. ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ საქმის წარმოების შეჩერებას, არ წარმოადგენენ მითითებით ნორმებს, ისინი თავად შეიცავენ იმ საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც იწვევენ საქმის შეჩერებას, რაც იმას ნიშნავს რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გააფართოვოს ან შეკვეცოს ამ საფუძვლების წრე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო (სსკ-ის 279-ე მუხ.) და ფაკულტატურ (არასავალდებულო) (სსკ-ის 280-ე მუხ.) საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში, მხარის ინიციატივით კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება არ წარმოადგენს შეჩერების არც სავალდებულო და არც ფაკულტატურ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 29.05.09წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ე. შ-შვილის წარმომადგენლის თ. ე-ძის 27.05.09წ. შუამდგომლობის განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, საქმის წარმოების შეჩერების გარეშე, განუსაზღვროს გონივრული ვადა ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარმოსადგენად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-ძის წარმომადგენლის ა. გ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინება და საქმე შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.