¹ბს-1020-978(კს-09) 24 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –თ. ხ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ გასაჩივრების ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 18 ივლისს თ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ რუსთავის შს სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მიღებულ და მიუღებელ ზიანს შორის სხვაობის ანაზღაურება, ინვალიდისათვის საჭირო ავტომობილის შეძენა ან მისი ღირებულების ანაზღაურება, სატრანსპორტო საშუალების შეკეთება და საწვავ-საცხები საშუალებების შეძენის ხარჯების ანაზრაურება, ყოველთვიური ასანაზღაურებელი თანხის 288,61 ლარის დაკისრება და მორალური ზიანის ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, მოპასუხეთა რიცხვიდან ამოირიცხა ერთ-ერთი მოპასუხე_ ქ. რუსთავის შს სამმართველო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ძემ, რომლითაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 პრილის განჩინებით აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის განჩინებით თ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ძემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით თ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.
2009 წლის 5 იანვარს თ. ხ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება ჩაბარდა მის მეუღლეს, ვინაიდან იგი იმყოფებოდა რაიონში, უვლიდა ავადმყოფ მამას, რომელიც გარდაიცვალა 2008 წლის 6 ოქტომბერს, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის პერიოდში., რის გამოც არ მიეცა გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით თ. ხ-ძეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა თ. ხ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ მამის გარდაცვალება სასამართლოს მიერ მიჩნეულ უნდა ყოფილიყო საპატიო მიზეზად და უნდა აღდგეს კანონით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება ჩაბარდა თ. ხ-ძის მეუღლეს 2008 წლის 24 სექტემბერს, რაც დასტურდება იმავე გზავნილზე მეუღლის ხელმოწერით. (იხ. ს.ფ.160). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2008 წლის 17 ოქტომბერს, ესე იგი დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
Aქედან გამომდინარე, თ. ხ-ძის მეუღლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ თ. ხ-ძეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 24 სექტემბერს და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ ამ დროიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა არის კანონით დადგენილი ვადა. სასამართლო ვერ შეცვლის ან ვერ გააგრძელებს კანონისმიერ ვადებს. კანონისმიერი ვადის აღდგენა დაუშვებელია, თუ კანონი თვითონვე შეიცავს მითითებულ აკრძალვას. ასეთი ტიპის აკრძალვა მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც შეიცავს ცალსახა მითითებას სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის გაგრძელების დაუშვებლობის თაობაზე. აღნიშნულ ნორმას აქვს აღმკვეთი ხასიათი და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ამ ნორმით გათვალისწინებული ვადის აღდგენას არ Iთვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია თ. ხ-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალურ შესაძლებლობას, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.