ბს-1058-1016(2კს-09) 2 დეკემბერი,Ä 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. კ-შვილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. კ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მშენებლობის და ჯარების განთავსების მთ. სამმართველოს, ვ.Pპ-ოვის, მესამე პირის – ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს გ. Fფ-ავას მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. 30.05.06წ. საოქმო განჩინებით ა. კ-შვილი სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე, საქმის შეუწყვეტლად, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი, ამასთან თავდაპირველი მოსარჩელე – ა. კ-შვილი, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.
27.07.06წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოპასუხე ვ. Pპ-ოვის მიმართ, მესამე პირების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ა. კ-შვილის მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა. Mმოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19.02.82წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა ბინის ორდერი ვ.Pპ-ოვის სასარგებლოდ, რომელმაც მოახდინა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისი, ..., მე-2 მ/რ, მე-2 კვ., კორპ. ¹5, ბინა ¹22 პრივატიზაცია. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან 08.12.90წ. სსრ კავშირის დაშლასთან ერთად იურიდიულად გაუქმდა სსრკ თავდაცვის სამინისტრო, ასევე მის სისტემაში შემავალი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი. შესაბამისად, სსრკ თავდაცვის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი და მისი საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის სახლმმართველობა არ წარმოადგენდა სამართლის სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს სახელით, საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი ქონების პრივატიზაციის განხორციელებაზე იყო უფლებამოსილი.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადება ხანდაზმული იყო, ვინაიდან პრივატიზაცია 17.12.92წ. განხორციელდა. ამასთან პრივატიზაციის კანონიერების შესახებ საკითხი ერთხელ უკვე განიხილა სასამართლომ, რომლითაც მოსარჩელეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მესამე პირის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ხანდაზმულობის ვადების დაცვით მიმართა სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, უკანასკნელის სარჩელი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა მისი სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩართვისა და საქმის მასალების ჩაბარების დღიდან, არამედ იმ დღიდან, როდესაც სახელმწიფომ შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.08წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ა. კ-შვილის სააპელაციო საჩივრები, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელსა და ვ. პ-ოვს შორის 17.12.92წ. დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი ხანდაზმული იყო და აღნიშნა, რომ საპროცესო სამართალურთიერთობაში სამინისტრო მონაწილეობდა მხარედ და არა წარმომადგენლად, შესაბამისად დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული სამინისტროების სსიპ სახელმწიფოს წარმომადგენლებად მიჩნევა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად იმ მომენტის განსაზღვრა, რომლიდანაც სახელმწიფო ორგანოსათვის (კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროსათვის) ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო პრივატიზაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი ვერ განახორციელებდა თავის უფლებას საამისოდ უფლებამოსილი მმართველობის ორგანოების გარეშე. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დამოუკიდებლად უნდა ათვლილიყო და მასზე გავლენას ვერ იქონიებდა თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის გზით, უფლების რეალიზების ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის, მისი სათანადო მოსარჩელედ ცნობამდე, ცნობილი იყო სადავო პრივატიზაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 1995 წელს ვ. პ-ოვის ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სადავო პრივატიზაცია განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107-ე დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, პრივატიზების უფლება ჰქონდა ბინის დამქირავებელ საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო ვ. პ-ოვი საქართველოს მოქალაქეობა 19.03.07წ. მოიპოვა და პრივატიზაციის მომენტში არ იყო საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მთავრობის 23.04.92წ., 09.10.92წ. დადგენილებების საფუძველზე სადავო ბინა წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებას და რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელს არ ჰქონდა მისი განკარგვის უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს 06.03.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. პ-ოვის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.01.09წ. განჩინებით ვ. პ-ოვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (განჩინება); შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელის გამო 17.12.92წ. ვ. პ-ოვსა და რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელს შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მოთხოვნის იდენტური იყო, რომელზედაც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ დავის საგნის გარდა, იდენტური იყვნენ დავის მხარეებიც, ვინაიდან, სამინისტრო თვითონ არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო სახელმწიფო, რომელიც სამართალურთიერთობაში მონაწილეობდა მისი ორგანოების მეშვეობით. სამინისტროები სამართლებრივ ურთიერთობაში გამოდიოდნენ სახელმწიფოს სახელით, ახორციელებდნენ მმართველობას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანეს ა. კ-შვილმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ა. კ-შვილმა მიუთითა, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით სამინისტრო იყო აღმასრულებელი ორგანო, ხელისუფლების განმახოციელებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა სახელმწიფო მმართველობას. საპროცესო სამართალურთიერთობებში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მონაწილეობდა როგორც მხარე და არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ სამართალწარმოებაში სამინისტროები მონაწილეობას ღებულობდნენ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ საპროცესო სუბიექტებს. აგრეთვე აღნიშნა, რომ მართალია, სახელმწიფო მატერიალურ სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მონაწილეობდა მისი ორგანოების მეშვეობით, თუმცა, მათ მაინც ჰქონდათ დამოუკიდებელი საპროცესო უფლებაუნარიანობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-შვილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 15.03.2000წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისში, ... მე-2 კვ., მე-5 კორპუსი, ბინა ¹22 პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 15.01.01წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა (14.05.03წ.) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს (20.02.04წ.) განჩინებებით. ხსენებული სასამართლო აქტებით სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად, სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ თავდაცვის სამინისტროს თავისი უფლების დარღვევის შესახებ სადავო ბინის პრვიატიზების ხელშეკრულების დადებისთანავე (17.12.92წ.) უნდა შეეტყო.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 06.02.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. პ-ოვის სარჩელი და სადავო ბინიდან გამოსახლებული იქნა ა. კ-შვილი თანმხლებ პირებთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ დატოვებული იქნა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.
დაუსაბუთებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავის საფუძვლები განსხვავებულია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ 17.12.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნის საფუძვლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მოთხოვნის მსგავსია, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები. კერძო საჩივრები არ შეიცავენ რაიმე მოსაზრებას აღნიშნულის უარსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის გარდა იდენტურია აგრეთვე დავის მხარეებიც. ორივე შემთხვევაში მოსარჩელეთა სამართლებრივ მიზანს, ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნება, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო საცხოვრებელი ბინა აღმოჩნდებოდა არა რომელიმე სამინისტროს, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაში, ორივე შემთხვევაში სამინისტროები მოქმედებენ სახელმწიფოს ინეტრესებში, საჯარო დაწესებულებას თავისი ინტერესი არ აქვს, ის იცავს სახელმწიფო ინტერესს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის თანახმად, სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც განსაზღვრულ სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირია სახელმწიფო, რომელიც სკ-ის 24-ე მუხლის მიხედვით, სამართალურთიერთობებში მონაწილეობს მისი ორგანოების მეშვეობით. ამდენად, ორივე შემთხვევაში საქართველოს თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფოს სახელით მოქმედებდნენ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, სამართალწარმოებაში სამინისტროები მონაწილეობას ღებულობენ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის სხვაობა განაპირობებს ამ ორგანოთა უფლება-მოვალეობების სხვაობას, რაც იწვევს თვითეული ორგანოსათვის დამოუკიდებელი პროცესუალური სტატუსის აღიარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოები სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენენ, ისინი დამოუკიდებელი საპროცესო სუბიექტებია. სხვადასხვა სამინისტროებს განსხვავებული უფლებები და მოვალეობები აქვთ, რომლებიც ერთმანეთისაგან როგორც შინაარსით, ისე მოცულობით განსხვავდებიან. კომპეტენციების სრული დამთხვევა ზოგადი წესების მიხედვით არ უნდა მოხდეს, შესაბამისად, სამინისტროების კომპეტენციების სხვაობა განაპირობებს უფლება-მოვალეობების მოცულობასა და შინაარს შორის სხვაობას, რაც თავისთავად გულისხმობს თითოეული მათგანის დამოუკიდებელ საპროცესო სტატუსს. მართალია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მათი კომპეტენციები სადავო უძრავი ქონების მიმართ იდენტურია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რიგი ნორმატიული აქტების საფუძველზე (მაგ. მთავრობის 23.04.92წ. ¹466, 30.07.92წ. ¹766, 09.10.92წ. ¹984 დადგენილებები) სამხედრო ობიექტები და მათ ბალანსზე რიცხული სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტები, ძირითადი ფონდები გადავიდა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. საქმის მასალების მიხედვით, სსკ-ის 84-ე მუხლის საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სათანადო მოსარჩელედ ჩართვა მოტივირებულია იმით, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი რეფორმების გატარების პირობებში ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენცია გარკვეული დინამიურობით ხასიათდება, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენციის გადანაწილება არ იწვევს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტით გადაწყვეტილი საკითხის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას. კერძო საჩივრების ავტორთა მოსაზრებების გაზიარების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი დამოკიდებული იქნებოდა დავის საგნის _ უძრავი ქონების მიმართ სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილების გადანაწილებაზე, ამგვარი მიდგომა კი შედეგად გამოიწვევს პერმანენტული სამართლებრივი გაურკვევლობის მდგომარეობას, ერთიდაიგივე დავის რამოდენიმეჯერ განხილვას. აღნიშნული ფაქტობრივად უტოლდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების კანონიერების და დასაბუთებულობის კიდევ ერთი, დამატებითი პროცედურის დაშვებას, სასამართლო აქტების გადასინჯვის დადგენილი პროცედურის შეცვლას. ვინაიდან სადავო ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს განსახილველი დავის მიმართ არამხოლოდ პრეიუდიციული, არამედ სავალდებულო მნიშვნელობა აქვს, საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას კერძო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე ბინის პრივატიზაციის მართლზომიერებასთან და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წესით, ნორმის შეფარდების მართლზომიერების მოსაზრებებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინება მიღებულია სსკ-ის შესაბამისად და კერძო საჩივრებში მითითებული გარემოებანი მისი გაუქმების საფუძველს არ ქმნის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ-შვილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-შვილის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.