ბს-1059-1017(კს-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. კ-ძე
მესამე პირი _ გ. ჟ-იანი, ნ. მ-შვილი, ა. კ-ძე, კ. კ-ია
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 29 ოქტომბერს თ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულ კონკურსში, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. ასოცირებული პროფესორის 4 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი შეიტანა ათმა კანდიდატმა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შემდეგ დაუგროვდა 205 ქულა და იყო მე-3 ადგილზე. 2008 წლის 8 სექტემბერს საკონკურსო კომისიამ ჩაატარა ზეპირი გასაუბრება. გასაუბრებაზე არ დაუბარებიათ პირველ და მეორე ადგილზე გასული პირები, რითაც მოსარჩელის განცხადებით დაირღვა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 18 ივნისის ¹26 დადგენილებით განსაზღვრული კონკურსის ორ ეტაპად ჩატარების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 სექტემბრის ¹23/01-03 ბრძანების, პოლიტიკურ მეცნიერებების დარგში ასოცირებულ პროფესორთა თანამდებობაზე დანიშვნის ნაწილში ბათილად ცნობა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის პოლიტიკურ მეცნიერებების ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე კონკურსის ხელახლა ჩატარების დავალება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ გასაუბრებაზე მიიწვიეს ის მონაწილეები, რომლებსაც დაგროვილი ქულებით არ გააჩნდათ აშკარა უპირატესობა, ან პირიქით – განაპირობა კონკურსში მათი აუტსაიდერობა. მოპასუხემ აღნიშნა, რომ გასაუბრების დანიშვნის უფლებამოსილება საკონკურსო კომისიას გააჩნდა აკადემიური საბჭოს დადგენილება ¹91-ის მე-8 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სადაც აღნიშნულია, რომ ,,საკონკურსო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე.”
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში ჩაბმულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის 29 სექტემბრის ¹23/01-03 ბრძანებით სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე (პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით) დანიშნული შემდეგი პირები: გ. ჟ-იანი, ნ. მ-შვილი, ა. კ-ძე და კ. კ-ია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი, მოპასუხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მესამე პირების გ. ჟ-იანის, ნ. მ-შვილის, ა. კ-ძის, კ. კ-იას მიმართ – სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 სექტემბრის ¹23/01-03 ბრძანება; მოპასუხეს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა არსებული საკონკურსო მასალების საფუძველზე და პირობებში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ, ამ საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 29 მაისს, ხოლო უნდა დამთავრებულიყო 2009 წლის 11 ივნისის 24 საათზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის უკანასკნელი დღე დაემთხვა სამუშაო დღეს, საჩივარი კი სასამართლოს წარედგინა 2009 წლის 17 ივნისს, შესაბამისად საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულ იქნა კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც ეგზავნებოდა მესამე პირებს, 2009 წლის 28 მაისს საქალაქო სასამართლოს კურიერმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში მიიტანა. მოგვიანებით ფაკულტეტის კანცელარიის უფროსმა აღმოაჩინა, რომ კურიერმა მასთან დატოვა გადაწყვეტილების ის ეგზემპლარიც, რომელიც განკუთვნილი იყო არა მესამე პირებისათვის, არამედ უნივერსიტეტისათვის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აგრეთვე მიუთითა, რომ კურიერს გზავნილი უნდა ჩაებარებინა არა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანცელარიაში, არამედ ცენტრალურ კანცელარიაში. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ცენტრალურ კანცელარიას ჩაბარდა 2009 წლის 4 ივნისს, ამიტომ ვადის დინება 2009 წლის 5 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 29 მაისს, ხოლო უნდა დამთავრებულიყო 2009 წლის 11 ივნისის 24 საათზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მასალებით (ტ. I ს.ფ. 228) დასტურდება, რომ გადაწყვეტილება გაეგზავნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. უწყებაზე არის ხელმოწერა, ბეჭედი და თარიღი 2009 წლის 28 მაისი. შესაბამისად საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ჩაბარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2009 წლის 28 მაისს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატს _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 28 მაისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2009 წლის 29 მაისიდან და დასრულდეს 2009 წლის 11 ივნისის 24 საათზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 17 ივნისს, სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით (ტ. I ს.ფ. 235).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.