Facebook Twitter

ბს-1082-1044(კს-07) 15 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარე - შ. ჩ-ნი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2001 წლის 11 დეკემბერს შ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეების დავალდებულებას, დროულად გაეცათ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან სასამართლოს განჩინება და აღსრულების აქტი კანონიერ ძალაში იყო შესული და მოპასუხეებს მისი შეცვლის უფლება არ ჰქონდათ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქმეში ჩაება ვ. ჩ-ნი.

2002 წლის 29 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხ. ქ-ემ სარჩელი აღძრა და იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელთა საფუძველზეც ვ. და შ. ჩ-ს მიწის ნაკვეთი მიუზომეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 აპრილის განჩინებით შ. და ვ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, აგრეთვე, ხ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების: გონიოს თემის საკრებულოს, შ. და ვ. ჩ-ის მიმართ, აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, გაერთიანდა ერთ სასარჩელო წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით გონიოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 23 მაისის ¹3 და 2001 წლის 28 ივლისის ¹5 ოქმები თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი. გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიას დაევალა სოფელ .... ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთო წესით განეხილა და გადაეწყვიტა როგორც ხ. ქ-ის, ისე ვ. და შ. ჩ-ის საკარმიდამო მიწით დაკმაყოფილების საკითხი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. და ვ. ჩ-მა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებასა და ხ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე ხ. ქ-ემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დავალებოდა ადმინისტრაციული აქტის მიღება, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...., ,,მაღაზიის ზემოთ მდებარე ციტრუსების ნარგავებიანი სადავო მიწის ნაკვეთი» საკუთრებაში გადაეცემოდა ხ. ქ-ეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შ. და ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი და ხ. ქ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გონიოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2000 წლის 23 მაისის ოქმი ვ. ჩ-ის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, აგრეთვე 2001 წლის 22 ივლისს შედგენილი მიწის მიზომვის აქტი; გაუქმდა შ. ჩ-ის გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 28 ივლისის სხდომის ¹5 ოქმი და 2001 წლის 22 ივლისის მიწის მიზომვის აქტი. ხ. ქ-ეს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე. Gგონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა სარეფორმო მიწის ფონდიდან შ. ჩ-სა და ხ. ქ-ზე მიწის შევსებისა და გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ქ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო სასამართლოს 2002 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ხ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შ. და ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შ. ჩ-ზე გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 22 ივლისის საკარმიდამო მიწის მიზომვის აქტი, აგრეთვე ვ. ჩ-ზე გონიოს თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2001 წლის 22 ივლისის საკარმიდამო მიწის მიზომვის აქტი და 23 ივლისის საკარმიდამო მიწის გამოყოფის აქტი. ხ. ქ-ეს უარი ეთქვა მასზე საკარმიდამო მიწის სასამართლოს მიერ გამოყოფის მოთხოვნაზე. ხ. ქ-ეს უარი ეთქვა ასევე გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000 წლის 23 მაისის ¹3 და 2001 წლის 28 ივლისის ¹5 ოქმების გაუქმებაზე. გონიოს თემის საკრებულოს დაევალა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ჩაეტარებინა თემის საკრებულოს სხდომა და 2000 წლის 23 მაისის ¹3 და 2001 წლის 28 ივლისის ¹5 ოქმებით მიღებული დადგენილებების შესაბამისად გადაწყვიტოს ვ. და შ. ჩ-ზე საკარმიდამო მიწის მიზომვის საკითხი. ხ. ქ-ეს განემარტა, რომ საკარმიდამო მიწის მიღების საკითხზე უნდა მიმართოს გონიოს თემის საკრებულოს, რომელიც ვალდებულია, განიხილოს ხ. ქ-ის მიწის გამოყოფის საკითხი.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და შ. ჩ-მა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ვ. და შ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გადაწყვეტილების გამომტანი – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს უფლებამონაცვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 14 ივნისს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რაც მიექცა აღსასრულებლად.

2008 წლის 15 მაისს შ. ჩ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გონიოს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამეგობის ცნობა, ვინაიდან მოხდა გონიოს თემის საკრებულოს ლიკვიდაცია და მისი უფლებამონაცვლე გახდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით შ. ჩ-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა; გონიოს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლითა და 651-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილორივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ,,ბ” პუნქტით თვითმმართველი ერთეული არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია, ხოლო იმავე მუხლის ,,გ” პუნქტით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები. იმავე კანონის მე-19 მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა (მერია).

სააპელაციო პალატის მითითებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის 47-ე მუხლის ,,ა” და ,,გ» პუნქტებით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა მის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები, ამ მუხლში მითითებული გამონაკლისების გარდა. 22-ე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მიწის, ტყის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ტ” ქვეპუნქტით მიწათსარგებლობის დაგეგმვა საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით კი თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება მის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, გონიოს თემის საკრებულო ლიკვიდირებულია, მისი უფლებები და ვალდებულებები გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით უნდა ჩატარდეს რა თემის საკრებულოს სხდომა, განხილულ იქნეს 2000 წლის 23 მაისის 2001 წლის 28 ივლისის გონიოს თემის საკრებულოს მიწების სარეფორმო კომისიის საოქმო დადგენილებები და აღნიშნულ დადგენილებათა შესაბამისად გადაწყდეს ვ. და შ. ჩ-ზე მიწის მიზომვის საკითხი, სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი მითითებული საკითხის განხილვაზე და გონიოს თემის საკრებულოს კანონისმიერ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად.

ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 20.2 მუხლით სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. იმავე კანონის მეორე მუხლით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში კი უფლებამონაცვლის საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მოცემული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, კრედიტორ შოთა ჩიქოვანის მოთხოვნის საფუძველზე.

მითითებული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. იმავე მუხლის «თ» ქვეპუნქტის მიხედვით, ექსკლუზიური უფლებამოსილება არის თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ხსენებული კანონის მე-10 მუხლით რეგლამენტირებულია თვითმმართველი ერთეულის სტატუსი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.

«ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილია თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ხსენებული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის, 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. იმავე კანონის 21-ე და 38-ე მუხლების თანახმად კი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა (მერია).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 47-ე მუხლის ,,ა» და ,,გ» პუნქტების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა მის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები ამ მუხლში მითითებული გამონაკლისების გარდა. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ს» ქვეპუნქტით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მიწის, ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ტ» ქვეპუნქტით მიწათსარგებლობის დაგეგმვა საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განმარტებით, თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ერთიან, ორგანულად მთლიან ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს, რომელსაც გააჩნია ხსენებული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, მათ შორის, ექსკლუზიური უფლებამოსილებანი, რომელსაც იგი ახორციელებს ავტონომიურად, კანონისა და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა ადგილობრივი მიწის რესურსების მართვა და განკარგვა, რომელშიც იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემაც. ამასთან, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონი ამ უფლებამოსილებას მიიჩნევს მათ ერთობლივ უფლებამოსილებად.

ამასთან, საკასაციო პალატის მითითებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო იყო სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მართებულად იქნა მიჩნეული გონიოს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.