Facebook Twitter
ბს-1084-1040(კს-09)

ბს-1084-1040(კს-09) 5 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს ,,...»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...» (მესამე პირი), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (მოპასუხე)

მესამე პირები _ სს ,,...», შპს ,,...», შპს ,,...»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინება

განხილვის საგანი _ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 სექტემბერს შპს ,,...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹469/16 გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს ,,...», სს ,,...», სს ,,...» და შპს ,,...».

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹469/16 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო ნაწილთან დაკავშირებული გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,...» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და სს ,,...», რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით სს ,,...» უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს ,,...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით სს ,,...» უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა შპს ,,...».

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,...» და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სს ,,...» რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებას გამოეყო და მის ბაზაზე შეიქმნა საწარმო შპს ,,...», თუმცა სს ,,...» ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ისევ რჩებოდა ავტორიზებულ პირად და ახორციელებდა ამ სახის მომსახურებას, მას აღნიშნულ სამართალურთიერობაში არ დაუდგენია თავისი უფლებამონაცვლე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს ,,...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მისი განხილვა.

2009 წლის 4 ნოემბერს შპს ,,...» განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი თქვა სარჩელზე და კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

განცხადების ავტორის განმარტებით, სს ,,...» და შპს ,,...» მას წარმოუდგინეს შესაბამისის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა შპს ,,...» სამართალმემკვიდრეობა. შპს ,,...» მითითებით, სს ,,...» შეუწყდა ავტორიზაციის მოწმობის მოქმედება, რის გამოც მან, როგორც საკომუნიკაციო სივრცეში მოქმედმა კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,...», კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს ,,...» განცხადებას კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემულ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე (კერძო საჩივარზე). იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...» კერძო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, ფიზიკური პირის (იურიდიული პირის) მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...» განცხადება კერძო საჩივარზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,...» კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.