Facebook Twitter
¹ბს-1089-1045(კს-09) 31 ივლისი, 2009 წელი

¹ბს-1089-1045(კს-09) 31 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სს სამშენებლო კომპანია «...»

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოპასუხე სარჩელზე _ სადაზღვევო კომპანია შპს «...»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 31 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ სს სამშენებლო კომპანია «...» და სადაზღვევო კომპანია შპს «...» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სს სამშენებლო კომპანია «...» და სადაზღვევო კომპანია შპს «...», როგორც სოლიდარული მოვალეებისთვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ 1292775 ლარის გადახდის დაკისრება; სს სამშენებლო კომპანია «...» საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1003698,83 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სადაზღვევო კომპანია შპს «...» საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 6 ივნისსა და 2008 წლის 11 ივნისს გაცემული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის _ 1238600 ლარის ოდენობით ანაზღაურება; მოპასუხე სს სამშენებლო კომპანია «...» მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 1003698,83 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეებს _ სადაზღვევო კომპანია შპს «...» და სს სამშენებლო კომპანია «...» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს სამშენებლო კომპანია «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სს სამშენებლო კომპანია «...» სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, დააყენა შუამდგომლობა, რომ მას გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, იმის გამო, რომ ხსენებული კომპანია იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში _ ამ კომპანიის ქონებაზე გამოყენებული იყო საგადასახადო გირავნობა (იპოთეკა), ხოლო ამავე კომპანიის საბანკო ანგარიშებს დადებული ჰქონდა ინკასო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანია შპს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მის მიმართ გამოტანილ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანია შპს «...» მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით სადაზღვევო კომპანია შპს «...», სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა _ იმავე განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის ხარვეზის შესახებ კიდევ ერთი განჩინებით სს სამშენებლო კომპანია «...», სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა _ იმავე განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი _ სს სამშენებლო კომპანია «...» შუამდგომლობდა, რომ მას გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, იმაზე მითითებით, რომ ხსენებული სამშენებლო კომპანია იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში _ ამ კომპანიის ქონებაზე გამოყენებული იყო საგადასახადო გირავნობა (იპოთეკა), ხოლო ამავე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებული იყო ინკასო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი გადაევადებინა მხარისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ იგი სასამართლოს წარუდგენდა უტყუარ მტკიცებულებებს. სააპელაციო საჩივარზე თანდართულ საბუთების ნუსხაზე ამ აპელანტის მითითების მიუხედავად, სააპელაციო საჩივარს თან არ ერთვოდა ხსენებული კომპანიის ქონებისა და ანგარიშების დაყადაღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

2009 წლის 17 ივნისს სს სამშენებლო კომპანია «...» 2009 წლის 10 ივნისით დათარიღებული განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ ამავე განცხადებაზე თანდართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 13 იანვრის ¹13/103, ¹13/104, ¹13/105, ¹13/106, ¹13/107, ¹13/108, ¹13/109, ¹13/110, ¹13/111, ¹13/112, ¹13/113 ბრძანებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დავალიანებების გამო, დაყადაღებული იყო სს სამშენებლო კომპანია «...» საბანკო ანგარიშები და ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მომენტისათვის ხსენებული კომპანია მოკლებული იყო საშუალებას, გადაეხადა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი. განმცხადებელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მას გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით სადაზღვევო კომპანია შპს «...» სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ამ აპელანტმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელსაც დაურთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 13 იანვრის ¹13/103, ¹13/104, ¹13/105, ¹13/106, ¹13/107, ¹13/108, ¹13/109, ¹13/110, ¹13/111, ¹13/112 და ¹13/113 ბრძანებების ასლები, რომელთა საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორებს დაევალათ საინკასო დავალებების წარდგენა სს სამშენებლო კომპანია «...» საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ხსენებული აპელანტი ითხოვდა, დაკმაყოფილებულიყო მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდა უტყუარ ცნობებს სს სამშენებლო კომპანია «...» ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რამდენადაც, მართალია, ზემოთ მითითებული ბრძანებების საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორებს დაევალათ საინკასო დავალებების წარდგენა სს სამშენებლო კომპანია «...» საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ ნამდვილად იქნა წარდგენილი საინკასო დავალებები, ან რა ოდენობის ქონებით სარგებლობის უფლება აღეკვეთა ამ აპელანტს. სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს სამშენებლო კომპანია «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ვინაიდან სს სამშენებლო კომპანია «...» იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. აღნიშნულის დასადასტურებლად, სს სამშენებლო კომპანია «...» 2009 წლის 10 ივნისის განცხადებით სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ამ კომპანიის მთელი ქონება და ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია, რის გამოც ხსენებული კომპანია ვერ ახორციელებს საბანკო გადარიცხვებს და მისი ყველა შემოსავალი მიემართება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სს სამშენებლო კომპანია «...» ამჟამად იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დავალიანებების გამო, მის ქონებასა და საბანკო ანგარიშებს საგადასახადო ინსპექციის მიერ დადებული აქვს ყადაღა, რაც დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტებით უდავოდ დასტურდება სს სამშენებლო კომპანია «...» მთელი ქონების დაყადაღების ფაქტი, რითაც ხსენებული კომპანია მოკლებულია თავისი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის შესაძლებლობას, რის გამოც იგი ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით სს სამშენებლო კომპანია «...» კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს სამშენებლო კომპანია «...» კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ სს სამშენებლო კომპანია «...» ამჟამად იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დავალიანებების გამო, მის ქონებასა და საბანკო ანგარიშებს საგადასახადო ინსპექციის მიერ დადებული აქვს ყადაღა, რაც დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტებით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტებით უდავოდ დასტურდება სს სამშენებლო კომპანია «...» მთელი ქონების დაყადაღების ფაქტი, რითაც ხსენებული კომპანია მოკლებულია თავისი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის შესაძლებლობას, რის გამოც იგი ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო საჩივარში (ტ. 1, ს.ფ. 468) მიუთითა ამ კომპანიის ქონებისა და ანგარიშების დაყადაღების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, როგორც სააპელაციო საჩივრისათვის თანდართულ საბუთების ნუსხაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, სს სამშენებლო კომპანია «...» თავისი სააპელაციო საჩივრისათვის არ დაურთია ხსენებული დოკუმენტაცია. 2009 წლის 17 ივნისს კი სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ 2009 წლის 10 ივნისით დათარიღებულ განცხადებას დანართის სახით დაურთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 13 იანვრის ¹13/103, ¹13/104, ¹13/105, ¹13/106, ¹13/107, ¹13/108, ¹13/109, ¹13/110, ¹13/111, ¹13/112, ¹13/113 ბრძანებების ასლები (ტ. 2, ს.ფ. 10-21).

საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ «საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 13 იანვრის ¹13/103, ¹13/104, ¹13/105, ¹13/106, ¹13/107, ¹13/108, ¹13/109, ¹13/110, ¹13/111, ¹13/112, ¹13/113 ბრძანებებით, რომლებზეც სს სამშენებლო კომპანია «...» აფუძნებს კერძო საჩივრის მოთხოვნას, ამ ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილების თანამშრომლებს მხოლოდ დაევალათ საინკასო დავალებების წარდგენა სს სამშენებლო კომპანია «...» ამავე ბრძანებებში მითითებულ ანგარიშებზე, შესაბამისად, სს «...», სს «...» ცენტრალურ ფილიალში, სს «...» ცენტრალურ ფილიალში, სს «...» ¹3 ფილიალში (დიდუბეში), სს «...» ცენტრალურ ფილიალში, სს «...» ¹5 ფილიალში (კრწანისში), სს ბანკი «...» ცენტრალურ ფილიალში, სს «...» ცენტრალურ ფილიალში, სს «...» მარჯანიშვილის ფილიალში, სს «...» და სს კ/ბ «...». სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ დასახელებული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ ნამდვილად იქნა წარდგენილი საინკასო დავალებები, ან რა ოდენობის ქონებით სარგებლობის უფლება აღეკვეთა ამ აპელანტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 13 იანვრის ¹13/103, ¹13/104, ¹13/105, ¹13/106, ¹13/107, ¹13/108, ¹13/109, ¹13/110, ¹13/111, ¹13/112, ¹13/113 ბრძანებები საერთოდ არ ეხება სს სამშენებლო კომპანია «...» საბანკო ანგარიშებზე და მით უმეტეს, მის კუთვნილ რაიმე ქონებაზე ყადაღის დადებას, სს სამშენებლო კომპანია «...» კი არ მიუთითებია რაიმე სხვა მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა სს სამშენებლო კომპანია «...» საბანკო ანგარიშებსა და ქონებაზე ყადაღის დადების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებსაც შეიძლებოდა დაეფუძნებინა სს სამშენებლო კომპანია «...» სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს სამშენებლო კომპანია «...» კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს სამშენებლო კომპანია «...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.