Facebook Twitter

ბს-1108-1064 (კს-09) 8 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 23 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ბ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 1999 წლის 5 თებერვლის მიწის ნაკვეთის მიღება_ჩაბარების აქტის ¹22/1-20 ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერების გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე შპს ,,...” აჭარის ფილიალს ჩაბარდა 2009 წლის 4 ივნისს, ხოლო გზავნილი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოზე გაკეთებულია მოგვიანებით, 5 ივნისს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2009 წლის 18 მაისს. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 21 მაისს, რასაც ადასტურებს იმავე გზავნილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმის წარმოების განყოფილების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ს.ფ. 71), სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2009 წლის 5 ივნისს (ს.ფ 82).

მართალია, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაზე შპს ,,...” აჭარის ფილიალს ჩაბარდა 2009 წლის 4 ივნისს, ხოლო გზავნილი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოზე გაკეთებული იქნა მოგვიანებით ანუ 5 ივნისს, მაგრამ აღნიშნულის დასადასტურებლად და საქმეში დაცული დასტურის უარსაყოფად ვერ წარმოადგენს ვერანაირ მტკიცებულებას, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს კერძო საჩივრის მოტივაციის გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. Aამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და გასაჩივრების ვადების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული და შესაბამისად არ არსებობს კერძოO საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე, 369-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.