Facebook Twitter

ბს-111-106(კს-09) 16 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა პ. ა.-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 21 დეკემბერს პ. ა.-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – სსიპ ,,ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის’’ მიმართ და მოითხოვა სსიპ ,,ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის” 2006 წლის 6 ნოემბრის ¹63კ და 22 ნოემბრის ¹74კ ბრძანებების ბათილად ცნობა, ...-ს ფიზიკის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და სსიპ ,,ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტისათვის’’ მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმულ იქნენ სსიპ კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ს. ა.-ი, ზ. ა.-ი, ი. ა.-ი, გ. ბ.-ე, მ. გ.-ი, დ. დ.-ი, დ. თ.-ი, ა. მ.-ე, მ. ნ.-ი, ა. ნ.-ი, ნ. ს.-ი, თ. ყ.-ი, ი. შ.-ი, ს. წ.-ე, გ. ჯ.-ი, ა. ა.-ი და ს. ს.-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პ. ა.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით პ. ა.-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, იმ მოტივით, რომ არ იყო დაცული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმა და ხარვეზის შევსებისათვის განესაზღვრა 10-დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით პ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პ. ა.-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო პ. ა.-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით პ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ პ. ა.-ის მიერ, ნაცვლად კერძო საჩივრისა, განჩინებაზე წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი. ამასთან, წარმოდგენილი საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავდა მითითებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებზე. განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მხარეს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2009 წლის 3 თებერვალს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ პ. ა.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა პირადად 2009 წლის 5 თებერვალს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. პ. ა.-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 16 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პ. ა.-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ა.-ის საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.