ბს-1111-1067(კს-09) 4 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. მ-ძის კერძო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.12.06წ. გადაწყვეტილებით ც. მ-ძის სარჩელი ა. მ-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა, მ. და ა. მ-ძეების სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. მ-ძემ და მ. მ-ძემ.
ც. მ-ძემ 30.09.08წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც უარი განაცხადა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.12.06წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე და მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინებით ც. მ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო ამ ნაწილში შეწყდა სააპელაციო წარმოება, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.12.06წ. გადაწყვეტილება ც. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განემარტა ც. მ-ძეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის თნახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა ართმევს უფლებას კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო წესით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.12.06წ. გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა თხოვნით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ, ამ შემთხვევაში აპელანტმა, უარი თქვა სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად ც. მ-ძე უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე. საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტმა, ც. მ-ძემ, გამოიყენა სააპელაციო პალატის მიერ ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ც. მ-ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა.
ც. მ-ძემ 10.07.09წ. კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინების გაუქმება და მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ მის მიერ განცხადების დაწერა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მოწინააღმდეგე - ა. მ-ძის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული მისი ნდობა, რადგან სასამართლო პროცესამდე ორიოდე დღით ადრე ა. მ-ძისგან მიიღო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც ც. მ-ძე სასამართლოში ითხოვდა გადასცემდა სასამართლოს გარეშე. იგი დაპირდა, რომ თუ სასამართლოდან საქმეს გამოითხოვდა დააბრუნებდა საცხოვრებელ სახლში და სადავო ფართი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა მისი საკუთრება გახდებოდა. ც. მ-ძე მართლაც დაბრუნდა სახლში, რაც მისი ნდობის საბაბი გახდა, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც ა. მ-ძე მიხვდა, რომ ც. მ-ძეს სასამართლო წესით უკვე აღარ შეეძლო დავა, მეორე დღესვე დაატოვებინა სახლი. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ საქმის შეწყვეტის თაობაზე განცხადების განხილვას იგი არ დასწრებია და აღნიშნული განცხადების თაობაზე თანხმობა არ განუცხადებია, რის გამოც არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება მის მიერ დაწერილ იქნა მოწინაარმდეგე მხარის მიერ მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, რის გამოც ც. მ-ძის მოსაზრებით არსებობს მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განჩინების გაუქმების ფაქტობრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. მ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინებით ც. მ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო ამ ნაწილში შეწყდა სააპელაციო წარმოება, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.12.06წ. გადაწყვეტილება ც. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განემარტა ც. მ-ძეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის თნახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა ართმევს უფლებას კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო წესით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 06.12.06წ. გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელსაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, განმცხადებელმა ფიზიკურმა პირმა _ ც. მ-ძემ განაცხადა რა უარი სააპელაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულო იყო სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა მორიგების საფუძველზე მოხდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა, რადგან მხარეთა შორის მორიგება წერილობით ფორმდება და მტკიცდება სასამართლოს მიერ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მოტივებით, სასამართლოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატულ ნებას, რომელიც ც. მ-ძემ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადების წარდგენით გამოხატა. მოსარჩელე არ უარყოფს რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადება მის მიერ არის შედგენილი და ხელმოწერილი, რაც სსკ-ის მე-3 და სასკ-ის მე-3 მუხლების თანახმად, არის ც. მ-ძის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. განცხადების ავტორის სასამართლო პროცესზე არ დასწრება არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამომრიცხავ გარემოებას. სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, ც. მ-ძის მიერ შემდგომში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უარყოფა არ ქმნის საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.