ბს-1136-1083(კს-08) 15 ოტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ა. თ-შვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ა. თ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.02.09წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 10.06.09წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მოითხოვა განმარტება, თუ რომელი რიცხვით, ან რომელი პერიოდიდან უნდა გაფორმდეს ა. თ-შვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და კონკრეტულად რომელმა მოპასუხემ (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თუ შემოსავლების სამსახური) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. თ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.04.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტმა გარკვეულწილად გაართულა გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში არ არის მითითება, თუ რომელი რიცხვით უნდა გაფორმდეს ა. თ-შვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ა. თ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმებას ავალებს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რაც იწვევს გაუგებრობას, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, წარმოადგენს სამართალურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც თავის მხრივ გამოსცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის აქტებს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, გადაწყეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ იკვეთება, თუ კონკრეტულად, რომელი სუბიექტია (ფინანსთა სამინისტრო თუ შემოსავლების სამსახური) ვალდებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულებაზე, ანუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.08წ. განჩინებით, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გაფორმება და არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება. სასამართლომ იმსჯელა არა არსებითად მისი გათავისუფლების საკითხზე, არამედ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მისი გათავისუფლება არ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნების მიხედვით გაფორმებული. ისევე როგორც სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლომაც თავისი განჩინებით აღნიშნა, რომ ა. თ-შვილის შრომის წიგნაკში, გათავისუფლების საფუძვლად, სააპელაციო სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილების მითითება არ იყო მართლზომიერი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელე არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან. საკასაციო პალატამ განმარტა, თუ როგორ ფორმდება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თანახმად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლისა. ამასთან, შრომის წიგნაკში კეთდება სათანადო ჩანაწერი გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლების თარიღის მითითებით. ამდენად, საკითხი, თუ რა რიცხვით უნდა იქნეს გამოცემული აქტი, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ წარმოადგენს გადაწყვეტილების განმარტების გზით გადასაწყვეტ საკითხს. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო საამართლოს მიერ, მოსარჩელის გათავისუფლების გაფორმების, როგორც ფინანსთა სამინისტროსათვის, ასევე, შემოსავლების სამსახურისთვის დავალება არ უნდა იწვევდეს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას და გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებას, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს ადმინისტრაციის უფლებამოსილებათა რიგს. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. შესაბამისად, მოპასუხეებმა კანონის აღნიშნული მოთხოვნის, მათი სამოქმედო დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა და ა. თ-შვილის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით უნდა განახორციელონ ა. თ-შვილის სამსახურიდან დათხოვნის გაფორმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინება გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის თაობაზე, 10.06.09წ. განცხადებაში მითითებული საფუძვლებით კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის განმარტებაზე, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ა. თ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 10.06.09წ. განცხადებით მოითხოვა განმარტება იმისა, თუ რომელი რიცხვით, ან რომელი პერიოდიდან უნდა გაფორმდეს ა. თ-შვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და კონკრეტულად რომელმა მოპასუხემ (საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თუ შემოსავლების სამსახურმა) უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. თ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე. ვინაიდან სსკ-ის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.09წ. განჩინების გაუქმების და ამავე სასამართლოს 02.04.08წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.