საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1141-1088(კს-09) 23 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. ა-ურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინებით დ. ა-ურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს 30.07.09წ. განჩინება 11.08.09წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ა-ურის წარმომადგენელმა გ. გ-იანმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.09.09წ. განჩინებით დ. ა-ურს ხარვეზის შესავსებად _ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითრის, გ. გ-იანის ადვკატთა ტესტირების ჩაბარებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთის ან უშუალოდ დ. ა-ურის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების დ. ა-ურის წარმომადგენლის გ. გ-იანისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან (ფორმა 119) ირკვევა, რომ ხსენებული განჩინება 03.10.09წ. ჩაჰბარდა გ. გ-იანს, ხოლო ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 13.10.09წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, გ. გ-იანმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო სასამართლოში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით 15.10.09წ. წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი, ადვოკატთა ტესტირების ჩაბარებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთები, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 70-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ა-ურის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. გ. გ-იანს დაუბრუნდეს მის მიერ 15.10.09წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.