ბს-1142-1089(კს-09) 11 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. გ-ოვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 13 ოქტომბერს ს. გ-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ძველი თბილისის რაიონის გამგეობისა და ლ. თ-იას მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹59 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის წარმომადგენლის გ. ფ-შვილისა და მოქალაქე ლ. თ-იას შორის 1992 წლის 7 ივლისს გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ს. გ-ოვის სარჩელისა გამო ძველი თბილისის რაიონის გამგეობისა და ლ. თ-იას მიმართ, ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹59 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის წარმომადგენლის გ. ფ-შვილისა და მოქალაქე ლ. თ-იას შორის 1992 წლის 7 ივლისს გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა წარმოებით, იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დასტურდება, რომ ს. გ-ოვს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹59-ე საბინაო-საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელ გ. ფ-შვილისა და მოქალაქე ლ. თ-იას შორის 1992 წლის 7 ივლისს გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ხელმეორედ ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართული. რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძველს.
მითითებული განჩინება 2009 წლის 20 იანვარს კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-ოვმა, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინებით გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ ს. გ-ოვის მიერ გაშვებული იყო კერძო საჩივრით განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა.
2009 წლის 2 მარტს, ხოლო განმეორებით 2009 წლის 21 მაისს ს. გ-ოვმა განცხადებით (კერძო საჩივრით) მიმართა სასამართლოს, რომლითაც კვლავ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება, რის საფუძველზეც საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის განმეორებით შეტანის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა.
2009 წლის 22 ივნისს ს. გ-ოვმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში, რომლითაც კვლავ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ს. გ-ოვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საქმის წარმოებით დამთავრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ითვალისწინებდა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-ოვმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2009 წლის 22 მაისს მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში, ასევე საპროცესო ვადის სრული დაცვით იქნა შეტანილი 2009 წლის 20 იანვრის კერძო საჩივარი. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უკანონოა სააპელაციო პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და ასევე განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიუღებლობისა და განუხილველად დატოვების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ვალდებული იყო წარმოებაში მიეღო და განეხილა მისი სასარჩელო განცხადება და სააპელაციო საჩივარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
ამდენად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარეებს და აგრეთვე იმ პირებს რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულია არსებითი გადაწყვეტილება.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ს. გ-ოვი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ს. გ-ოვის სასარჩელო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძვლად იქცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ» პუნქტი. იმავე კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, გარდა იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე არსებითად არ არის გადაწყვეტილი, იმავდროულად საპროცესო კანონმდებლობით ცალსახადაა განსაზღვრული აღნიშნული განჩინების გასაჩივრების წესი და პროცედურა, რაც გამორიცხავს მითითებულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის დაშვების შესაძლებლობას.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-ოვის სააპელაციო საჩივარი კანონიერად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. გ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.